Monday, May 21, 2012

ლოს ანჯელესში შენობათა სახურავებს მზის ენერგიის მისაღებად გამოიყენებენ


LA opens rooftops for solar energy installations
21 მაისი
დღესდღეობით, ენერგიის მისაღებად, მზის ელემენტებს ძირითადად ქალაქგარეთ იყენებენ და თან ისეთ მხარეებში, სადაც მზე ყველაზე ინტენსიურად ასხივებს. მაგალითად, უდაბნოში. ქალაქებში კი მზის ელემენტებს, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, შედარებით იშვიათად შეხვდებით და ისიც, ძირითადად საწარმოების სახურავებზე. მაგრამ მზის ენერგიისადმი ასეთი არასრულყოფილი მიდგომა მალე შეიცვლება და ამ საქმის ავანგარდში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკოლოგიაზე ყველაზე მეტად მზრუნველ შტატ კალიფორნიის უდიდესი ქალაქი ლოს ანჯელესი მოგვევლინება.

ლოს ანჯელესის წყლისა და ენერგიის დეპარტამენტმა წამოიწყო სპეციალური პროგრამა, „ქლეარ ლოს ანჯელეს სოლარ“, რომლის მიზანიც, შენობათა სახურავებზე მზის ელემენტების დაყენება და ამგვარად, ქალაქის ენერგეტიკულ ბალანსში, „მწვანე“, განახლებადი ენერგიის წილის გაზრდაა. პროგრამა იმის სტიმულს იძლევა, რომ ქალაქის შენობათა სახურავების დიდი ნაწილი, რომელთა ჯამური ფართი 12 000 აკრზე მეტია, მზის ენერგიის ასათვისებლად გამოიყენონ.
პროგრამა არამხოლოდ ბიზნეს ცენტრების და კომპანიების შენობათა სახურავების გამოყენებას ითვალისწინებს. მასში ასევე კერძო სახლების მფლობელთა წახალისებაც არის გათვალისწინებული. პროგრამის შესაბამისად, მათს სახურავებზე გამომუშავებულ ენერგიაში, შენობათა მფლობელები, წინასწარ განსაზღვრულ საფასურს მიიღებენ. სხვათა შორის, ლოს ანჯელესშივე მოქმედებს პროგრამა, რომელიც მზის ენერგიისთვის გამოყენებული ფართების მფლობელებს, შეღავათიანი კრედიტების აღების საშუალებას აძლევს.
იმისათვის, რომ ახალი პროგრამის სწრაფად ამოქმედების საშუალება ჰქონოდათ, მისმა ინიციატორებმა, არაკომერციული და გარემოს დაცვაზე მომუშავე 30-ზე მეტი ორგანიზაციის კოალიცია ჩამოაყალიბეს. ამ კოალიციამ სამ წელიწადში ხუთი კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც, ლოს ანჯელესის მზის პროგრამის ამოქმედებაა.
ამ პროგრამის მიხედვით, სახურავებზე მზის ელემენტების დამონტაჟებით, სამ-ოთხ წელიწადში, 150 მილიონი ვატი ენერგიის გამომუშავება იგეგმება. 2020 წლისთვის წლიურმა გამომუშავებამ 600 მეგავატს უნდა მიაღწიოს. საერთო ჯამში კი, ინიციატივა „ქლეან ლოს ანჯელეს სოლარის“ მიზანი თანხვდება შტატ კალიფორნიის მიზანს, რომლის შესაბამისადაც, 2020 წლისთვის შტატის მიერ გამოყენებულ ელექტროენერგიაში, განახლებადი წყაროებით გამომუშავებული ენერგიის წილი 33 პროცენტს უნდა აღწევდეს.
„სახურავების 12 000-ზე მეტი აკრი ფართობი საკმარისია იმისათვის, რომ ლოს ანჯელესის ენერგოქსელი 5.5 მილიარდი ენერგიით უზრუნველვყოთ. ამგვარად, 600 მეგავატი ენერგიის მიღება, რომელსაც პროგრამის პირველ ეტაპზე ვგეგმავთ, საკმაოდ ადვილად მიღწევადია და კარგი დასაწყისი იქნება“, - ამბობს ლოს ანჯელესის ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი ჯეიკობ ლიპა.
ლოს ანჯელესის ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქალაქის შენობათა სახურავებზე 600 მეგავატი სიმძლავრის დანადგარების დამონტაჟების და ექსპლუატაციის პროცესში, საერთო ჯამში, 18 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, მას 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. პარალელურად, სახურავების მფლობელი კომპანიები, ორგანიზაციები და კერძო პირები, ელექტროენერგიის გაყიდვით, შემოსავლის დამატებით წყაროსაც მიიღებენ.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123