Thursday, May 20, 2010

”დიპ გრინ” - ზღვის დინების ყველაზე ეფექტური დანადგარი
20 მაისი
დიპ გრინი საკმაოდ მარტივი დანადგარია, თუმცა მაინც 7 ტონას იწონის
.........................................................
ცნობილია, რომ 2.5 მ/წმ სიჩქარით მოძრავი წყლის ნაკადის კინეტიკური ენერგია დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც 260 კმ/სთ სიჩქარით მქროლავი გრიგალისა. ამასთან, წყლის დინება მუდმივია, ქარი კი ძალას კარგავს და ასეთი სიჩქარითაც იშვიათად უბერავს. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ზღვის მიმოქცევის ენერგიას იშვიათად ითვისებენ, ქარის ელექტროსადგურები კი მთელს პლანეტაზე სოკოებივით მრავლდება.
დიპ გრინი წყლის სიღრმეში მუშაობს
....................................................

ზღვის დინების ენერგიის ასათვისებელი სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურის კონსტრუქციაა შემუშავებული, მაგრამ როგორც ჩანს, არცერთი არაა ისეთი, რომელიც ადამიანს მისი მასობრივად გამოყენებისკენ უბიძგებდა. თუმცა შესაძლოა, ენერგიის ასეთი შესანიშნავი წყაროსადმი დამოკიდებულება მალე რადიკალურად შეიცვალოს. და აი, რატომ:
შვედურ-ბრიტანულმა კომპანია ”მინესტომ”, რომელიც შვედურ სამრეწველო გიგანტ ”სააბს” გამოეყო, ორიგინალური კონსტრუქციის ჰიდრო ელექტროსადგურის პროექტი შეიმუშავა, რომელსაც ”დიპ გრინ” ეწოდა. ამ ტიპის ელექტროსადგურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ფრთაა, რომლის სიგრძეც 12 მეტრს აღწევს. ეს ფრთა გრძელი გვარლით ფსკერზეა მიბმული და წყლის სიღრმეში ინარჩუნებს პოზიციას. მასზე კი ფრთების ტურბინის სისტემა და მასთან დაკავშირებული გენერატორია მიბმული.

”დიპ გრინი” ერთგვარი ფრანის სტილში მოქმედებს. ოღონდ, თუ ფრანი ჰაერში ფარფატებს, ”დიპ გრინის” სამუშაო გარემო ზღვის სიღრმეა. თანაც, ამ დანადგარს საჭეც აქვს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში იმართება და ისეთი ტრაექტორიით მოძრაობს, რომ მის ტურბინაზე ყოველთვის მაქსიმალური ზეწოლა მოდიოდეს. ამ მართვადი ”ფარფატის” წყალობით, ”დიპ გრინის” ტურბინაზე მოქმედი წყლის სიჩქარე, დინების სიჩქარეზე თითქმის 10-ჯერ მეტია. მაგალითად, თუ ხშირად მოქცევის დინების სიჩქარე 1.6 მ/წმ-ია, მაშინ დანადგარის ტურბინაში წყალი 16 მ/წმ სიჩქარით გაივლის.
სიჩქარის ასეთი მატების წყალობით, ფრთის ქვეშ დამონტაჟებული ტურბინის ფრთების დიამეტრი გაცილებით მცირეა სტაციონარული დანადგარისაზე, რომელიც იმდენსავე ენერგიას გამოიმუშავებს, რამდენსაც ”დიპ გრინი”. სტაციონარული ტურბინების სიმძლავრე კი ხშირად 500 კილოვატს აღწევს. ფრთები აბრუნებს ტურბინას, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული გენერატორთან. ამის მიერ გამომუშავებული ენერგია კი სადენით ხმელეთს მიეწოდება.
”მინესტო” გვარწმუნებს, რომ მისი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დანადგარს, ჩვეულებრივ, მოქცევის დანადგარებთან შედარებით, რიგი უპირატესობანი გააჩნია. ჯერ ერთი, სტაციონარულ დანადგარებს დიდი ზომის ფრთები ესაჭიროება. ისინი (მაგალითად, პროექტი ”სიგრინ” ინგლისში) ქარის სადგურების პრინციპით მუშაობენ. არის განსხვავებული ტიპის მოქმედი დანადგარებიც (პროექტი ნეპტუნი, ასევე ინგლისში), რომლებიც ასევე დიდი გაბარიტებით გამოირჩევა. რაც მთავარია, ასეთ დანადგარებს ძლიერი მოქცევა ესაჭიროება, რის გამოც, მათი გამოყენების არეალები შეზღუდულია. მათთვის იდეალური ადგილი ვიწრო სრუტეები და ყურეებია.
როგორც ზემოთაც ითქვა, ”დიპ გრინს” მუშაობა გაცილებით სუსტი დინების (მიმოქცევის) დროსაც შეუძლია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის წყლის სიღრმეში, ნაპირიდან შორს თავსდება, რის გამოც, ადგილი, სადაც ის მუშაობს, სანაოსნოდაც გამოსადეგი და უსაფრთხოა.
არსებობს კიდევ ერთი ტიპის ჰიდროსადგური, რომელიც დინების და მოქცევის ენერგიას იყენებს. ასეთ დანადგარს ისეთივე კაშხალი ესაჭიროება, როგორიც სამდინარო ჰიდრო ელექტროსადგურს. კაშხალი გახსნილია, როცა მოქცევა იწყება. ამ დროს, ამ კაშხლით შემოფარგლული რეზერვუარი წყლით ივსება. მიქცევის დროს კი კაშხალი დახურულია და წყალს ერთბაშად გასვლის საშუალებას არ აძლევს. მომდევნო საათებში, სადგური დაგროვილ წყალს ტურბინების ასამოძრავებლად იყენებს. ასეთი სადგური ძალიან მძლავრი შეიძლება იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, უზარმაზარ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.
დანადგარი ”დიპ გრინი” კი საკმაოდ მარტივია. ჯერ ერთი, მას კაპიტალური მშენებლობა არ სჭირდება. მეორეც, სამუშაო ადგილზე მის დასაფიქსირებლად, მხოლოდ ღუზაც საკმარისია. მის სირთულეს არც სამუშაო სიღრმე განსაზღვრავს. ”დიპ გრინის” ღუზა შეიძლება დამაგრდეს 20-100 მეტრის სიღრმეზე, ფრთა კი ღუზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაფარფატებს. ამასთან, წყლის ზედაპირიდან მისი დანახვა შეუძლებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ”დიპ გრინის” უპირატესობაზე მეტყველებს. რამდენადაც ის მცირეგაბარიტიანია, მისი დემონტაჟიც პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად, რემონტიც და მომსახურებაც იაფი ჯდება, რაც ასევე საექსპლუატაციო ხარჯებს ამცირებს. დაბოლოს, ”დიპ გრინს” ენერგიის მოპოვება იმ ადგილებშიც შეუძლია, სადაც სტაციონარული დანადგარების მუშაობა გამორიცხულია.
მათ მიერ დაპროექტებული დანადგარის რეალურ გარემოში გამოსაცდელად, ”მინესტოს” სპეციალისტებმა ”დიპ გრინის” მცირე პროტოტიპი დაამზადეს, რომელსაც ტესტირება ჩვეულებრივ საცურაო აუზში ჩაუტარდა. ტესტების წარმატებით ჩატარების შემდეგ კი, კომპანიამ ინვესტიციის სახით, 2 მილიონი ევრო მიიღო. ეს თანხა, უფრო დიდი ზომის (მასშტაბი 1:4) პროტოტიპის შექმნას მოხმარდება, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდიის სანაპირო ზოლში გამოცდა მერმისს ჩაუტარდება.
თუ აღნიშნული ტესტი წარმატებული გამოდგა და დანადგარი ამ მასშტაბითაც ისევე ეფექტურად იმუშავებს, როგორც მცირე მასშტაბის შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე, მისი სრულგაბარიტიანი ვერსიები (სულ 10 ცალი) დამზადდება. ”მინესტოს” სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ”დიპ გრინის” მსგავსი დანადგარების მეშვეობით, მთელს მსოფლიოში, ელექტროენერგიით სანაპირო ქალაქების სრულად მომარაგება გახდება შესაძლებელი.
”მინესტოს” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ოთხ წელიწადში შესაძლებელი იქნება ”დიპ გრინის” კომერციული ვერსიის სერიულად წარმოების დაწყება. ამასთან, ასეთი სადგურის ღირებულება ჯერ დაუზუსტებელია.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123