Tuesday, May 11, 2010

პროტეზი, რომელიც მისი პატრონის ბრძანებებს ასრულებს
10 მაისი
დაკარგული კიდურების პროტეზირება მეტად რთული საქმეა. ხშირად თვეები და წლებიც კია საჭირო იმისათვის, რომ პაციენტმა პროტეზი მოირგოს და მას შეეგუოს. ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ ამ პროტეზით მინიმალური სამუშაოს შესრულებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. მაგრამ მალე ალბათ ამ სფეროშიც მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება - მალე ბაზარზე კომპიუტერით მართვადი პროტეზები გამოჩნდება, რომლებსაც პაციენტები თავიანთი სურვილისამებრ დააპროგრამებენ და სხვადასხვა საქმიანობისთვისაც კი გამოიყენებენ.

ბრიტანული კომპანია ”თაჩ ბიონიკსი” ბიონიკური პროტეზების წარმოებით და ინოვაციებითაა ცნობილი და ამ დარგში მსოფლიო ლიდერადაც ითვლება. ის უკვე სამი წელია, ხელის რობოტიზებულ ბიოპროტეზებს აწარმოებს. და აი, დაგროვილი გამოცდილება, მის სპეციალისტებს სრულიად ახალი ტიპის პროტეზის შემუშავებაში დაეხმარა, რომელსაც პატრონის სურვილის შესაბამისად ადაპტირება შეუძლია.
”თაჩ ბიონიკსის” ახალ პროტეზს ”i-ლიმბ პულსი” უწოდეს. მასში რამდენიმე ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული, რომლებიც მომხმარებელს ხელოვნური კიდურის უკეთ და ეფექტურად გამოყენებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთია ”პულსირებადი ტექნოლოგია” (ეგრეთ წოდებული ძალის დატანების ეფექტი), რომელიც პროტეზით საგნის ჩაჭიდების შემდეგ, მის შესანარჩუნებლად დამატებითი ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა. პროტეზის მართვა ხორიელდება მიკროელექტრული დენით, რისი საშუალებითაც, ადამიანი მას თითქმის ისე იყენებს, როგორც ჯანმრთელ ხელს. თავად განსაჯეთ, ასეთი ბიონიკური ხელით, ინვალიდი თავისუფლად შეძლებს ფეხსაცმლის თასმების და ქამრის შეკვრას.

ბრიტანული (შოტლანდიური) კომპანიის მიერ შექმნილ პროტეზში მეორე სიახლეა მისი პროგრამული უზრუნველყოფა, სახელწოდებით ”ბიოსიმ”, რომელსაც დისტანციურად, სისტემა ”ბლიუთუთის” დახმარებით შეუძლია ხელის (პროტეზის) სამუშაო რეჟიმის მომართვა. ამგვარად, პაციენტი პროტეზის საკუთარი თავისებურებების და მოთხოვნების შესაბამისად მორგებას თავად შეძლებს.
რა თქმა უნდა, პროტეზის პაციენტისთვის დაყენებისას, ორთოპედ-პროტეზისტები დაწვრილებით ტესტირებას ჩაუტარებენ ”i-ლიმბ პულსს”, შეამოწმებენ პაციენტის სხეულისგან მომდინარე იმპულსებს, რომელთა შესაბამისადაც მოხდება აპარატის გამართვა და პაციენტისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება. დაკიდევ, ”ბიოსიმს” შეუძლია პროტეზის მუშაობის სტატისტიკური მონაცემების ჩაწერა, რომელთა გამოყენებითაც, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი პაციენტისთვის ხელოვნური კიდურის უკეთ მისადაგებას შეძლებს.

”ბიოსიმი” სამ ვერსიად დამზადდება. ეს ვერსიებია: პროფესიონალი, ბეისიკი და მაიბიოსიმ. ისინი პროტეზის მართვის ალგორითმის მუშაობაში ჩარევის ხარისხით და სიღრმით გამოირჩევიან. პირველი ორი ვერსია ორთოპედებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც აპარატის პაციენტისთვის მისადაგებას ამ პროგრამების მეშვეობით ახერხებენ. მესამე ვერსიით კი თავად პაციენტი შეძლებს პროტეზის თავისი სურვილისამებრ მომართვას.
ამგვარად, გარკვეული დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ პროტეზი მაქსიმალურად უკეთ მოერგოს პაციენტს და უფრო ეფექტურად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ახალი ბიონიკური ხელის შემქმნელებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს პაციენტების სურვილები, რომლებსაც სურდათ, რომ ხელოვნურ ხელს მაქსიმალურად რბილად და თანაბრად ემუშავა.
დაკიდევ, პროექტის ავტორებმა ბიონიკური პროტეზის ძველი მოდელების ელემენტების მინიატურიზაცია მოახერხეს, რამაც მათ აპარატის გაბარიტების შემცირების საშუალება მისცა. ახლა შესაძლებელია, რომ პროტეზის მტევანიც იმავე ზომისა იყოს, რა ზომისაცაა პაციენტის ჯანმრთელი ხელი. ხელოვნური ხელის ”ჩონჩხი” ალუმინის შენადნობისგან დაამზადეს, რამაც აპარატის სიმსუბუქე განაპირობა. გარდა ამისა, გამოყენებულია ახალი გამძლე მასალები, რომელთა მეშვეობითაც, ”i-ლიმბ პულსით” 90-კილოგრამიანი საგნების აწევაც კი შეიძლება.
ცნობისათვის, სამი წლის წინ, ”თაჩ ბიონიკსმა” შეიმუშავა და სერიულ წარმოებაში გაუშვა ხელის რობოტიზებული პროტეზი სახელად ”i-ლიმბ ჰენდ-ი”, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჰგავს ადამიანის ხელის მტევანს და რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღძრული დენის იმპულსებით იმართება. ამ პროტეზის თავისებურება ისიცაა, რომ ის კანის მსგავსი აპკითაა დაფარული, რომელსაც სისხლძარღვებიც კი ეტყობა. ბრიტანულმა კომპანიამ ასობით ასეთი პროტეზი გაჰყიდა, შემდეგ კი, თავისი პაციენტების აზრი დაწვრილებით შეისწავლა და ”i-ლიმბ პულსიც” მათი მოთხოვნების შესაბამისად დააპროექტა.
”i-ლიმბ ჰენდს” არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. დღეისათვის მისით მთელს მსოფლიოში 1200-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამიერიდან კი ბრიტანული კომპანიის საწარმოო პროგრამაში ახალი პროტეზი გამოჩნდა. სხვათა შორის, ”თაჩ ბიონიკსი” ორივე აპარატის ერთდროულად წარმოებას აპირებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ბაზარზე უფრო თანამედროვე ”i-ლიმბ პულსის” გამოჩენის შემდეგაც, ”i-ლიმბ ჰენდს” კვლავაც ბევრი მუშტარი ეყოლება.
”i-ლიმბ პულსის” ოფიციალური პრეზენტაცია ლაიპციგში, პროტეზირებისა და ორთოპედიის მსოფლიო კონგრესზე ჩატარდება, მისი გაყიდვა კი 1 ივნისს დაიწყება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123