Friday, March 5, 2010

”ეარკრუიზი” - სასტუმრო ცაში
5 მარტი

სასტუმროთი, რომელშიც ხუთი ჩვეულებრივი, ოთხი ორსართულიანი ნომერი და ერთი პენტჰაუსია, ვერავის გააკვირვებ. მაგრამ თუ გეტყვით, რომ ეს სასტუმრო დაფრინავს, ალბათ თქვენს ინტერესსაც გამოვიწვევთ. თუმცა, თქვენი ყურადღება ალბათ სათაურმა უკვე მიიქცია და ერთი სული გაქვთ გაიგოთ, რა მფრინავ სასტუმროზე ვაპირებთ მოყოლას.

ლონდონურ სადიზაინერო კომპანია ”სეიმურპაუელის” სპეციალისტებმა შეიმუშავეს პროექტი, სახელად ”ეარკრუიზი”, რომელსაც ავტორებმა ”სასტუმრო ცაში” უწოდეს. პროექტის მთავარი ობიექტია გიგანტური, ერთგვარი რომბის ფორმის ცეპელინი, რომლის სიმაღლე 265 მეტრს აღწევს. მასში კი სასტუმრო უნდა განთავსდეს, რომელიც ელიტარულ მგზავრებს მოემსახურება.

ეს იქნება ერთდროულად მგზავრობის და დასვენების საშუალება, რომელიც ადამიანებს სასტუმროსთან ერთად გადაადგილების საშუალებას მისცემს. სასტუმროში ერთდროულად, მომსახურე პერსონალის ჩათვლით, მხოლოდ 100 ადამიანი შეძლებს ცხოვრებას. ამათგან სტუმრებს სულ 14 ადამიანი მოემსახურება, ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა კი სულ 6 (მათგან ორი ინჟინერი) იქნება.
სიგარის ფორმის ჩვეულებრივი ცეპელინებისგან განსხვავებით, მფრინავი სასტუმრო სიმაღლეზე იქნება გაწელილი. მის გვერდებს (ასეთი სულ ოთხი უნდა ჰქონდეს) ერთგვარი რომბის ფორმა ექნება, მთლიანად ხომალდი კი სათევზაო ტივტივას წააგავს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთ უცნაურ საფრენ საშუალებას ჰაერის ნაკადისადმი სოლიდური წინააღმდეგობა ექნება. ამიტომ, ქარის სასურველი მიმართულების დროს, ის ძრავების გარეშე მოძრაობას შესძლებს.

ამის მიუხედავად, პროექტის მიხედვით, მფრინავი სასტუმროს კრეისერული სიჩქარე 145 კმ/სთ უნდა იყოს. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ლონდონიდან ნიუ იორკამდე 37 საათში ჩაფრინდეს, ლოს ანჯელესიდან შანჰაიში გადაფრენას კი დაახლოებით 4 დღე დასჭირდება. რა თქმა უნდა, იგივე მარშრუტებზე რეაქტიული თვითმფრინავები გაცილებით ჩქარა დაფრინავენ, მაგრამ ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნელი და კომფორტული გადაფრენა ბევრ მდიდარ ადამიანს დააინტერესებს.
კრუიზების დროს ხომ მათ უამრავი გასართობი ელით. მათ სამსახურში იქნება ბარი და რესტორანი. რაც მთავარია, სასტუმროს ექნება გადმოსახედები, რომლითაც მგზავრებს ღრუბლების და ხმელეთის, ან ოკეანის ხედით ტკბობის საშუალება მიეცემათ. ყველაზე საინტერესო კი სასტუმროს ძირში არსებული მრგვალი ფანჯარა-ილუმინატორი უნდა იყოს, რომელსაც გარე სამყაროსგან უზარმაზარი და მეტად მტკიცე შუშა გამოჰყოფს.

პროექტის ავტორთა გათვლით, მფრინავი სასტუმროს ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 3.66 კილომეტრი იქნება. და თუ ის რომელიმე ღირსშესანიშნაობას გადაუფრენს, მგზავრების მოთხოვნის შემთხვევაში, საინტერესო ობიექტთან რამდენიმე ათეული მეტრის სიშორეზე მიახლოებაც შესაძლებელი იქნება. მფრინავი სასტუმროს კონსტრუქციის საპროექტო წონა 270 ტონაა, რაც დაახლოებით მსოფლიოს უდიდეს ავიალაინერ A380-ის წონას უდრის.
რა თქმა უნდა, საინტერესოა, რა ძალას აჰყავს ეს კოლოსი ჰაერში. მისი ამწევი ძალა წყალბადმა უნდა შექმნას. ამ გაზის ყოველ კუბურ მეტრს, ჰაერში 1.2 კილოგრამი ტვირთის ატანა შეუძლია. ხომალდზე არსებული წყალბადის ბალონების საერთო მოცულობამ 330 000 კუბურ მეტრს უნდა მიაღწიოს, რისი წყალობითაც, მისი ტვირთამწეობა 396 000 ტონა იქნება.
მაგრამ არსებობს ერთი ხიფათი, რაც წყალბადით სავსე ხომალდს ემუქრება - ეს გაზი ადვილად ფეთქებადია. გაცილებით უხიფათო იქნებოდა მის ნაცვლად ინერტული ჰელიუმის გამოყენება. მაგრამ ”სეიმურპაუელის” მესვეურებს წყალბადის სასარგებლოდ, საინტერესო მოსაზრება აქვთ: მათი თქმით, წყალბადის ფართოდ გამოყენებით, მათი სასტუმრო გარემოს პრაქტიკულად არ დააბინძურებს. ჯერ ერთი, ელექტროენერგიის გამომუშავება ფიჭურ ელემენტებში მოხდება, რომლებშიც მთავარ სამუშაო ტანს წყალბადი შეადგენს. ამ ელემენტებში მიმდინარე რეაქციის შედეგად კი სუფთა წყალი წარმოიქმნება, რომელსაც დასალევად და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის გამოიყენებენ. ამასთან, ფიჭური ელემენტებისთვის მცირე რაოდენობით წყალბადიც საკმარისი იქნება, რაც ხომალდის ფრენის უნარს არაფერს ავნებს. დანაკლისს კი სასტუმრო პორტებში შეივსებს.
ასეთი პორტები მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში (ნიუ იორკი, ლონდონი, ჰონ კონგი, დუბაი, შანჰაი, სინგაპური და სხვა) განლაგდება, სადაც ტურისტული და საქმიანი ცენტრები მდებარეობს.
რაც შეეხება ხანძრის საშიშროებას, ამ რისკის შესამცირებლად, პროექტის ავტორები მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავენ. ამასთან, ხომალდის გარსის კონსტრუქციაც კატასტროფას მაქსიმალურად გამორიცხავს. მაგალითად, ხომალდის ჰაერში დაკიდებას ოთხი რომბისებრი ელემენტი უზრუნველყოფს, რომლებიც უამრავი იზოლირებული სექციისგან შედგება. ეს სექციები ისეთი მასალისგან დამზადდება, რომელიც დაზიანების შემთხვევაში, თვითონ დაიჭიმება და იქიდან წყალბადის გაჟონვას არ დაუშვებს.
ბუნებრივია, იბადება კითხვა - შესაძლებელია თუ არა ამ პროექტის რეალურად განხორციელება? ალბათ შესაძლებელია, რადგან მისით უკვე დაინტერესდა კორეული კორპორაცია ”სამსუნგ კორპორეიშნ ენდ ტრეიდინგი”, რომელმაც ახლახანს, დუბაიში მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი ”ბურჟ ხალიფა” წამიჭიმა, უფრო ადრე კი მსოფლიოს ორი ყოფილი უმაღლესი ცათამბჯენი, ”ტაიპეი 101 (ტაიპეი, ტაივანი) და ”პეტრონას ტაუერი” (კუალა ლუმპურში, მალაიზია) ააგო. მოკლედ, ”სამსუნგმა” ”სეიმურპაუელს” მფრინავი სასტუმროს პროექტის უფრო დეტალური გათვლების და ანიმაციური მოდელის შექმნა დაავალა.
შესაძლოა, კორეულ კომპანიას ამ პროექტში უფრო ის აინტერესებს, რომ მომავლის სამშენებლო მასალები აღმოაჩინოს და შეიმუშაოს. ეს გასაკვირი სულაც არ იქნება, რადგან მფრინავი სასტუმროს შიდა კონსტრუქცია უახლესი ცათამბჯენების მზიდი სტრუქტურის კონსტრუქციის მსგავსი იქნება. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ოდესმე ამ პროექტის რეალურად განხორციელებაც გადაწყდეს. ”სამსუნგის” დიზაინის განყოფილების დირექტორი სეუნ მინ კიმი კი ამბობს, რომ ეს პროექტი მის კომპანიას ეკოლოგიურად სუფთა შენობების მშენებლობაში დაეხმარება...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123