Thursday, October 15, 2009

ფიზიკის ნობელი ”შუქის ოსტატებს”
Nobel prize for physics
15 ოქტომბერი

ფიზიკაშიც ნობელის პრემიის ლაურეატი სამი მეცნიერი გახდა. ჩინური წარმოშობის ბრიტანელმა ჩარლზ კაომ და ამერიკელებმა - უილარდ ბოილმა და ჯორჯ სმიტმა ესოდენ დიდი აღიარება ინფორმაციის ოპტიკური კაბელით გადაცემის შესაძლებლობა აღმოაჩინეს და ამით დიდი ბიძგი მისცეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას.
შანჰაიში დაბადებულმა კაომ, ერთ-ერთ ბრიტანულ ლაბორატორიაში (რომელიც შემდგომში კორპორაცია ”ნორტელ ნიტუორკსად” გარდაიქმნა) მუშაობისას, 1966 წელს დაადგინა, რომ შუშიგან დამზადებული ოპტიკური ბოჭკოს მეშვეობით, შესაძლებელია შუქის დიდ მანძილზე გატარება.



ჩარლზ კაო
......................................
ამ მეთოდით, მეცნიერებმა ფოტოიმპულსების 100 კილომეტრის სიშორეზე გადაცემა შეძლეს, რაც ნამდვილ ტექნოლოგიურ გარღვევად იქცა, რადგან მანამდე, ამგვარი გადაცემა სულ რამდენიმე ათეულ მეტრზე თუ იყო შესაძლებელი. კაოს აღმოჩენამ, მისი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვისკენ არაერთ მეცნიერს უბიძგა. გავიდა კიდევ ოთხი წელი, სანამ ზესუფთა შუშოვანი ბოჭკოს გამტარების მასობრივი წარმოება გახდებოდა შესაძლებელი.
დღეს სწორედ ინფორმაციის შუშაბოჭკოვანი კაბელებით გადაცემა გამოიყენება საკაბელო ტელევიზიებში, სატელეფონო კომუნიკაციებსა და ინტერნეტში. კაოს გარდა, 10 მილიონი კრონის მეორე ნახევარს, ერთმანეთში ამერიკელი მეცნიერები გაიყოფენ, რომლებმაც პირველებმა შექმნეს ნახევარგამტაროვანი ციფრული შუქმგრძნობიარე მატრიცები. სწორედ ასეთი მატრიცების მეშვეობით ხდება მონაცემების უმეტესი ნაწილის გადაცემა.

უილარდ ბოილი (მარცხნივ) და ჯორჯ სმიტი
.................................................
ბოილმა და სმიტმა 1969 წელს ანალოგური მიკროსქემა გამოიგონეს, რისთვისაც ფოტომგრძნობიარე შუქდიოდები გამოიყენეს. ეს მოწყობილობა (ეგრეთ წოდებული მუხტოვანი კავშირის მოწყობილობა) ფოტოელექტრულ ეფექტს იყენებს, რომელის პირველად ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა ახსენა თავის ნაშრომებში, რომელთათვისაც მან 1921 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა.
ინფორმაციის გადაცემის პროცესში, სინათლე ელექტრულ სიგნალებად გარდაიქმნება, რომლებსაც გამოსახულების სენსორი ღებულობს და გადაამუშავებს. სენსორის დანიშნულება კი ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს გადმოცემული ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება და მათი გამოსახულების წერტილებად განაწილება. შედეგად, იქმნება გამოსახულების საერთო სურათი. რაც უფრო სწრაფად ხორციელდება ეს პროცესი, მით უფრო ხარისხიანია გამოსახულება.
მუხტოვანი კავშირის მოწყობილობამ ფოტოგრაფიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. გარდა ამისა, ის ფართოდ გამოიყენება როგორც მიკროქირურგიაში, ასევე ასტრონომიასა და უამრავ სფეროში.
”კილობაიტობით, გიგაბაიტობით, ახლა უკვე პეტაბაიტობით და ექსაბაიტობით ინფორმაცია ტავისუფლად მხოლოდ იმიტომ ვრცელდება, რომ მუხტოვანი კავშირის მოწყობილობა მუშაობს. მათ შექმნეს სამყარო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა და ამიტომ, მათ ეს ჯილდო დაიმსახურეს”, - ამბობს გაერთიანებული სამეფოს ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი რობერტ კირბი-ჰარისი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123