Sunday, April 1, 2012

ჯეიმს კამერონმა მარიანის ღრმული მოინახულა

James Cameron Completes Record-Breaking Mariana Trench Dive
31 მარტი
კანადური წარმოშობის ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯეიმს კამერონმა, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა, ოღონდ ამჯერად არა კინოს სამყაროში. ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც ეულად მოინახულა ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ადგილი - მარიანის ღრმული. ამასთან, ის გახდა მესამე ადამიანი, ვისაც ოდსმე ამ სიღრმისთვის მიუღწევია.

კამერონმა ოკეანის სიღრმეში ბატისკაფ „დიპსი ჩელენჯერით“ იმოგზაურა. „ნეიშნლ ჯეოგრეფიკის“ ინფორმაციით, 11 კილომეტრის სიღრმეზე ჩასვლას 2 საათი და 36 წუთი დასჭირდა. ფსკერზე მან დაახლოებით 3 საათი დაჰყო, რის შემდეგაც, წყლის ზედაპირზე საათსა და 10 წუთში ამოვიდა. მოგზაურობის დროს, კამერონი მარიანის ღრმულის ყველაზე ღრმა, „ჩელენჯერის უფსკრულის“ ფსკერზე ჩავიდა, რომელიც ზღვის ზედაპირიდან 10 994 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
რაც მთავარია, სიღრმეში მოგზაურობის დროს, კამერონი გადაღებებს აწარმოებდა. მას თან ჰქონდა 3D კამერა, ბატისკაფზე დამონტაჟებული სამეცნიერო აპარატურა კი სხვადასხვა მონაცემს (ტემპერატურას, წყალში მარილის შემცველობას და სხვა) ინიშნავდა. ამასთან, ფსკერზე ყოფნის დროს, სპეციალური რობოტიზებული ხელსაწყოების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა იქაური გრუნტის სინჯების აღება. ასე განსაჯეთ, აპარატმა სიღრმეში მცხოვრები რამდენიმე არსებაც კი დაიჭირა. მოგზაურობის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ნეიშნლ ჯეოგრეფიკი“ იყო, რომელიც ვიდეოჩანაწერს საკუთარ არხზე და კინოთეატრებში უჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ კამერონის მარიანის ღრმულში მოგზაურობა რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა. თანხის ნაწილი თავად კამერონმა გაიღო, რომელიც გარემოს დაცვის პრობლემებით დიდი ხანია, დაინტერესებულია. მოგზაურობის ორგანიზებაში მას პარტნიორობას „ნეიშნლ ჯეოგრეფიკი“ და საათების მწარმოებელი კომპანია „როლექსიც“ უწევდნენ.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მარიანის ღრმულში მხოლოდ ერთი ექსპედიცია განხორციელდა. ეს 1960 წელს მოხდა, როცა ბატისკაფ „ტრიესტით“ პლანეტის ყველაზე ღრმა ღრმულის ფსკერს შვეიცარიელმა ჟაკ პიკარმა და ამერიკელმა სამხედრო მფრინავმა დონ უოლშმა მიაღწიეს. ეს უკანასკნელი ახლაც ცოცხალია და კამერონის ექსპედიციას გამყოლი გემიდან აკვირდებოდა.
უოლშმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა რეჟისორს ექსპედიციის წარმატებულად დასრულება. „ეს უდიდესი მომენტია. მარიანის ფსკერს მხოლოდ სამმა ადამიანმა მიაღწია, მაგრამ სამწუხაროდ, ერთ-ერთი ჩვენგანი, შვეიცარიელი ინჟინერი ჟაკ პიკარი ცოცხალი აღარაა. ახლა მხოლოდ ორნი - ჯინი და მე დავრჩით“, - განაცხადა უოლშმა.
ექსპედიციის ექიმ ჯო მაკინისის თქმით, ღრმულიდან დაბრუნებული კამერონი ტკივილებს უჩივის, თუმცა მისი მდგომარეობა საკმაოდ კარგია. უფრო მეტიც, საკუთარი მიღწევით ფრთაშესხმული რეჟისორი უკვე სამომავლო გეგმებს აწყობს. მას სურს, რომ ბატისკაფი ოპტიკური კაბელით გამყოლ გემს დაუკავშიროს, რაც სიღრმეში გადაღებული კადრების რეალურ დროში ჩვენების საშუალებას მისცემს.
სიღღმისეული კვლევების სპეციალისტები თვლიან, რომ კამერონის მიერ განხორციელებული მოგზაურობის მიზანს მარტო რეკორდის დამყარება არ წარმოადგენდა. ისინი თვლიან, რომ რობოტებს დამოუკიდებლად ბევრი დავალების შესრულება არ ხელეწიფებათ და რომ მათი უკეთ მართვისთვის საჭიროა, რომ ექსპედიციაში ადამიანებიც მონაწილეობდნენ. კამერონს სურს, რომ ოკეანის სიღრმისეულ კვლევებში მონაწილეობა გააგრძელოს. მართალია, ექიმები ახლა მას დასვენებას ურჩევენ, თუმცა ის იმედოვნებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ შეძლებს ოკეანის სიღრმის მონახულებას.
რაც შეეხება ბატისკაფ „დიპსი ჩელენჯერს“, ის ვერტიკალურ კაპსულას წარმოადგენს, რომლის სიმაღლეც 7.3 მეტრია. აპარატი 10.7 ტონას იწონის. მის შემუშავებას და დამზადებას 8 წელი დასჭირდა. ბატისკაფის ქვედა ნაწილში სფერული სეგმენტი მდებარეობს, რომელშიც მხოლოდ ერთი მკვლევარისთვისაა ადგილი. მისი დიამეტრი სულ რაღაც, 109 სანტიმეტრია. პილოტირებადი სეგმენტის კედლების სისქე 6.4 სანტიმეტრს აღწევს. ამ სფეროს ორჯერ ჩაუტარდა ტესტირება მაღალ წნევაზე. ტესტირების დროს, მისი კედლების ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე დატვირთვა 1160 კილოგრამს აღწევდა. ეს კი იმაზე მეტი დატვირთვაა, ვიდრე მარიანის ღრმულის ყველაზე ღრმა წერტილში შეიძლება იყოს.
ბატისკაფი აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით, რომლებიც 56 საათის განმავლობაში იძლევა სუფთა ჰაერს. აპარატის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ გადაადგილებას 12 წყალგამტყორცნი უზრუნველყოფს. მათი მეშვეობით, ვერტიკალური გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 2.5 კვანძს (დაახლოებით 4.7 კმ/სთ) აღწევს. ჩაძირვის დასაჩქარებლად, ბატისკაფს აქვს მეტალის ბალასტი, ფოლადსგან დამზადბული ფირფიტები, რომელთა საერთო წონაც 450 კილოგრამს აღწევს. ბატისკაფის კედლებზე ისინი ელექტრომაგნიტების მეშვეობით მაგრდება. გარდა ამისა, იგივე მიზანს ემსახურება საფანტის მარაგი. აპარატს ბალასტი ჩაძირვის პროცესში ეხმარება, ამოსვლისას კი მათ იშორებს.
ოკეანოგრაფი ლაიზა ლევინი ამბობს, რომ ოკეანის სიღრმისეული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია, რომ კამერონი ოკეანის სიღრმეების კვლევაში ისეთივე დიდ როლს ითამაშებს, როგორიც თავის დროზე, ჟაკ-ივ კუსტოს კვლევებმა შეასრულა.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123