Tuesday, February 14, 2012

ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების უდიდესი საზღვაო ფერმა ამოქმედდა

14 თებერვალი
ბრიტანეთში, ირლანდიის ზღვის სანაპირო ზოლში, ქარის ახალი ელექტროსადგური ამოქმედდა, რომელშიც „სიმენსის“ წარმოების 102 უზარმაზარი ტურბინაა გაერთიანებული. ტურბინების ფრთების დიამეტრი 107 და 120 მეტრია. ელექტროსადგურს ენერგიით 320 000 სახლის უზრუნველყოფა შეუძლია.
გიგანტური ელექტროსადგური „უოლნი უინდ ფარმი“ ჰოლანდიურმა კომპანია „DONG ენერჯიმ“ და ბრიტანულმა SSE-მ, ასევე რამდენიმე ევროპულმა კომპანიამ შეიმუშავა და ააგო. სადგური კუნძულ უოლნის სანაპიროდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით აშენდა. ამავე რეგიონში, კიდევ რამდენიმე მსგავსი ელექტროსადგური შენდება. თუმცა „უოლნი უინდ ფარმი“ ეუდიდესია არამარტო მათ შორის, არამედ მთელს მსოფლიშო აშენებულ ქარის ელექტროსადგურებს შორისაც. მისი ნომინალური სიმძლავრე 367.2 მეგავატს შეადგენს. ამასთან, თითოეული ტურბინის სიმძლავრე 3.6 მეგავატია.

სადგური ორი ნაწილისგან - „უოლნი 1“ და „უოლნი 2-სგან“ შედგება. თითოეულში 51 ტურბინაა გაერთიანებული. მათი დამონტაჟებისას, „DONG ენერჯიმ“ და მისმა პარტნიორებმა, თავისებური რეკორდი დაამყარეს. სადგურის პირველი ნაწილი მათ 7 თვეში ააგეს, მეორეს მშენებლობა კი 5 თვესა და 13 დღეში დაასრულეს. ამ პერიოდშივე შეძლეს კაბელებით სადგურის ცალკეული კოშკების ერთმანეთთან და ხმელეთთან დაკავშირება.
„უოლნი 1-ის“ პირველი ნაწილი შარშან, ივლისში ამოქმედდა. ნოემბერში „უოლნი 2-ის“ პირველმა ტურბინებმა დაიწყეს ელექტროენერგიის გამომუშავება, სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონია კი 9 თებერვალს ჩატარდა. ცერემონიაზე, ბრიტანეთის ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ედვარდ დეივიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში, 2012-2014 წლები, ქარის საზღვაო ელექტროსადგურების მშენებლობის პერიოდია.

დღეისათვის, ქარის ოფშორული სადგურების მშენებლობა, სახმელეთოსაზე ძვირი ჯდება. კერძოდ, თუ სახმელეთო სადგურში, მეგავატი ელექტროენერგიის სიმძლავრის ტურბინის აგება 1.25 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჯდება, საზღვაოს შემთხვევაში, ღირებულება 3.3 მილიონს აღწევს. სამაგიეროდ, საზღვაო სადგური ხმელეთის ძვირფას ადგილებს არ იკავებს, არც პეიზაჟს აფუჭებს და არც ახლომდებარე დასახლებათა მცხოვრებლებს აწუხებს ხმაურით.
ამასთან, ქარის საზღვაო სადგურების მასობრივად მშენებლობის შემთხვევაში, მათი ღირებულებაც თანდათან შემცირდება. ეს კი მათს გავრცელებას გამოიწვევს და მათში გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი, ამოწურვადი საწვავით მიღებული ენერგიის ფასს მიუახლოვდება. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის მთავრობა სუბსიდიებით ახალისებს იმ კომპანიებს, რომლებიც ქარის სადგურებს აშენებენ.

დღეისათვის, ბრიტანეთის ენერგოქსელს, 1.5 გიგავატ ელექტროენერგიას ქარის საზღვაო ელექტროსადგურები აწვდის. 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 18 გიგავატს მიაღწევს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, ქარის სახმელეთო სადგურებიც გამოიმუშავებს. მთავრობის მიერ შედგენილი გეგმით, 2020 წელს ქარის საზღვაო ტურბინების რიცხვმა 43 000-ს უნდა მიაღწიოს, სახმელეთოს ტურბინებისამ კი - 10 000-ს.

აღსანიშნავია, რომ „უოლნი უინდ ფარმი“ მსოფლიოს უდიდესი ქარის ელექტროსადგურის ტიტულს მალე დაკარგავს - მდინარე ტემზის შესართავთან, კენტის საგრაფოში, სანაპიროდან 28 კილომეტრის სიღრმეში, მალე დასრულდება სადგურ „ლონდონ არაის“ მშენებლობა. სადგურის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მასში 175 ტურბინა გაერთიანდება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 630 მეგავატს მიაღწევს. სულ კი ამ სადგურში გაერთიანებული ტურბინების რაოდენობა 341-მდე გაიზრდება. თითოეულის სიმძლავრე კი 3.6 მაგავატი იქნება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123