Sunday, August 21, 2011

საუდის არაბეთში კილომეტრიან ცათამბჯენს ააშენებენ

21 აგვისტო
სულ ახლახანს, მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის წოდება, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში აღმართულმა ”ბურჟ ხალიფამ” მიიღო, შენობამ, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია. მისი სიმაღლე კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო, რადგან დუბაის ხელისუფლებას სურდა, რომ მათს ცათამბჯენს მსოფლიოს უმაღლესის წოდება დიდი ხნით შერჩენოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ის ამ წოდებას მალე დაკარგავს.
ეს კი ახალი ცათამბჯენის დამსახურება იქნება, რომლის მშენებლობაც მალე საუდის არაბეთში დაიწყება. ახალი შენობა იმავე არქიტექტორების დაპროექტებულია, რომლებმაც ”ბურჟ ხალიფა” შეიმუშავეს. პროექტის მიხედვით, სამეფო კოშკის (ჯერჯერობით ასე მოიხსენიებენ) სიმაღლე 1 001 მეტრი უნდა იყოს, ანუ ”ბურჟ ხალიფაზე” 173 მეტრით მეტი.
სხვათა შორის, პროექტი თავდაპირველად, ერთი მილი (1 609 მეტრი) სიმაღლის კოშკის აგებას ითვალისწინებდა და მას ასეც მოიხსენიებდნენ - ”ერთმილიანი კოშკი”. მაგრამ შემდეგ სიმაღლე კილომეტრამდე შემცირდა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი, ხარჯის შემცირებაა. სამაგიეროდ, მთავარი მიზანი მიღწეული იქნება - საუდეთის ქალაქ ჯიდას (ქალაქი წითელი ზღვის ნაპირზე მექას სიახლოვეს მდებარეობს) ცენტრიდან ჩრდილოეთით, 20 კილომეტრში, მსოფლიოს უმაღლესი შენობა აღიმართება.
პროექტი ჩიკაგოელი არქიტექტორის, ედრიან სმიტის და მის კომპანია AS+GG-ს მიერაა შემუშავებული. გამოქვეყნებული ინფორმაციით, მშენებლობა მალე დაიწყება, კოშკის აღმართვა კი დაახლოებით 1.23 მილიარდი დოლარი დაჯდება. ”სამეფო კოშკი” დაიკავებს ცენტრალურ ადგილს ქალაქის ახალ უბანში, რომელსაც სამეფო ქალაქი უწოდეს და რომლის რომლის მშენებლობაც 20 მილიარდი დოლარი დაჯდება. სხვათა შორის, ეს უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ”მწვანე ქალაქი”, სადაც მხოლოდ ენერგიის განახლებად წყაროებს გამოიყენებენ.
რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სამეფო კოშკის და სამეფო ქალაქის მშენებლობის ინიციატორი და სულის ჩამდგმელია საუდის არაბეთის პრინცი, მეფე აბდულას ძმისწული ალ-ვალიდ იბნ ტალალი, ვინც ახლო აღმოსავლეთში უმდიდრეს არაბადაა მიჩნეული. ამ კაცს ეკუთვნის ”კინგდამ ჰოლდინგ კომპანი” - საუდეთში უდიდესი კომპანია.
სმიტის განმარტებით, მის მიერ შემუშავებულ კოშკს, ეგრეთ წოდებული ორგანული დიზაინი აქვს. ავტორის განმარტებით, პროექტზე მუშაობისას, მან შთაგონება მიიღო უდაბნოს ახალაღმოცენებული მცენარისგან, რომელსაც მიწის წიაღიდან სიცოცხლის ენერგია ამოაქვს.
”სამეფო კოშკში” უმაღლესი კლასის სასტუმრო განთავსდება, რომელსაც ექსპლუატაციას კანადური კომპანია ”ფორ სიზონს” გაუწევს. გარდა ამისა, მასში ასევე ხუთვარსკვლავიანი საცხოვრებელი და A კლასის საოფისე სეგმენტი მოთავსდება. 157-ე სართულზე შენობას აქვს დიდი ზომის (დიამეტრი 30 მეტრი) აივანი, რომელსაც ცის ტერასა უწოდეს. თავიდან ეს აივანი ვერტმფრენების დასაჯდომი ადგილი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ამ სიმაღლეზე ვერტმფრენის დასმა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამიტომ გადაწყდა, რომ იქ რესტორანი და ტურისტებისთვის გადმოსახედი განლაგდება.
რაც შეეხება შენობის სიმაღლის დაკლებას, ამის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მშენებლობის ადგილის გრუნტის შესწავლამ გამოავლინა, რომ მას ამხელა ნაგებობის ატანა არ შეუძლია. გარდა ამისა, ეკონომიკური კრიზისის გამო, საჭირო გახდა ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება. ამავე მიზეზით, მშენებლობის დაწყებაც რამდენიმე წლით გადაიდო.


სართულების რაოდენობა არ გამოქვეყნებულა, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში სმიტმა განაცხადა, რომ ”სამეფო კოშკს” ”ბურჟ ხალიფაზე” (რომელსაც 163 სართული აქვს) 50-ით მეტი სართული ექნება. რა თქმა უნდა, შენობას ძალიან განვითარებული სალიფტო სისტემა მოემსახურება. მასში სულ 59 ლიფტი იმუშავებს, რომელთაგან ბევრი ორსართულიანი იქნება. ლიფტები 10 მეტრ/წამში (35 კმ/სთ) სიჩქარით იმოძრავებს. უფრო მეტი სიჩქარისგან თავი შეიკავეს, რადგან სიმაღლის სწრაფი ცვალებადობა მგზავრებში გულისრევას გამოიწვევს.
შეზღუდულია ლიფტების მოძრაობის სიმაღლეც, რის გამოც, შენობას ლიფტების სამი საფეხური ექნება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ შახტის საძირკველიდან ბოლო სართულამდე აყვანის შემთხვევაში, კაბელები მეტისმეტად დამძიმდებოდა. ამის გამო, საჭირო გახდებოდა უზარმაზარი ელექტროძრავების გამოყენება, რაც არასასურველ ვიბრაციებს გამოიწვევდა.
შენობის საძირკველში მრავალსართულიანი ავტოსადგომები მოეწყობა, რომლებიც ჯამში 4 000-ზე მეტ ავტომობილს დაიტევს. ქვედა სართულებში კი გასართობი ცენტრები და სავაჭრო მოლები მოეწყობა. გათვალისწინბულია, რომ ცათამბჯენი იმდენად მომგებიანი არ იქნება, რამდენადაც მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ”ბურჟ ხალიფა”, რომელსაც დუბაის ხაზინისთვის გაცილებით მცირე მოგება მოაქვს, ვიდრე მის გარშემო არსებულ სავაჭრო და გასართობ ინფრასტრუქტურას.
პროექტმა პრინც იბნ ტალალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის იმედოვნებს, რომ კოშკი არამარტო სახელს გაუთქვამს ჯიდას და საუდის არაბეთს, არამედ ის არქიტექტურის შედევრის სტატუსსაც მოიპოვებს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123