Monday, July 25, 2011

მსოფლიოს უმძლავრესი დიზელი 108 902 ცხენის ძალას იძლევა

RTA96-C, World's Most Powerful Diesel Engine Delivers 108,920hp
25 ივლისი
არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილის ძრავში, მისი მუშაობის დროს ჩაიხედოთ? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. არამხოლოდ იმიტომ, რომ ძრავი პატარაა, არამედ იმიტომაც, რომ დიდიც რომ იყოს, მუშაობის დროს მისი გახსნის შემთხვევაში, სამუშაო პარამეტრები დაირღვევა და აგრეგატი დაზინდება.

მაგრამ მსგავსი პრინციპით მომუშავე ძრავები მხოლოდ ავტომობილებს არ ემსახურება. მსგავსი აგრეგატები რკინიგზის გამწევ ლოკომოტივებსაც ამოძრავებს და უზარმაზარ გემებსაც. ზოგი მათგანი კი იმდენად დიდია, რომ მასში ძრავის დათვალიერების მსურველი ათეულობით ადამიანიც კი შეიძლება დაატიოთ. რა თქმა უნდა, იქ მათ ჯოჯოხეთი დახვდებათ და არც არავინ ეცდება ამ სულელური ვოიაჟის მოწყობას. ეს ყველაფერი თეორიულადაა შესაძლებელი.
რახან ძრავების ზომები ვახსენეთ, ალბათ საინტერესოა, რა ზომა აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდ აგრეგატს? გემების ძრავების წარმოებაზე სპეციალიზებულ ფინურ კომპანია „ვარტსილას“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მშრალი ტანკერისთვის, რომელსაც „ემა მაერსკი“ ჰქვია, დამზადებული აქვს დიზელის უზარმაზარი ორტაქტიანი ტურბო ძრავი, რომელიც 108 902 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
უფრო ადვილად რომ აღიქვათ, წარმოიდგინეთ 100 ცალი „ბუგატი ვეირონი“, რომელთა ჯამური სიმძლავრეც ფინური კოლოსისაზე „ოდნავ“ ნაკლები იქნება. მაგრამ „ვეირონი“ რა მოსატანია, როდესაც ეს გიგანტური აგრეგატი, რომელსაც თითქმის ოთხსართულიანი სახლის სიმაღლე აქვს, 170 874-ტონიან გემს ამოძრავებს, რომელსაც მილიონობით ტონა ტვირთი გადააქვს ჩინეთიდან ამერიკისკენ.
ძრავის სახელია „შულცერRTA96-C“. მისი სიმაღლე 12.4 მეტრია, სიგრძე კი - 27.4 მეტრი. მას ერთ რიგში განლაგებული 14 გიგანტური ცილინდრი აქვს, რომელთაგან თითოეული 51.5 ტონას იწონის, ყოველი მათგანის მუშა მოცულობა 1 820 ლიტრია და თითოეული 7 780 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამგვარად, ძრავის მუშა მოცულობა 25 480 ლიტრს აღწევს. წარმოუდგენელია? რა თქმა უნდა, მითუმეტეს, როცა გაიგებთ, რომ ყოველი საათის განმავლობაში, ეს კოლოსი 1 660 გალონ (დაახლოებით 6 284 ლიტრი) საწვავს მოიხმარს.
საინტერესოა, რომ „ვარტსილას“ უკვე 25 ასეთი ძრავი აქვს დამზადებული და კიდევ 86-ზე შეკვეთა აქვს მიღებული...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123