Tuesday, March 8, 2011

ისრაელში მზის მცურავი ელექტროსადგური მოიგონეს
8 მარტი
ებრაულმა კომპანია „სოლარის სინერჯიმ“ მზის გამოსხივებაზე მომუშავე უჩვეულო ელექტროსადგურის პროექტი შეიმუშავა, რომელიც სადგურის წყლის ზედაპირზე განთავსებას ითვალისწინებს. „სოლარის სინერჯის“ სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ სადგურის ცალკეული ელემენტები ტივტივა სტრუქტურაზე დაამაგრონ და ეს ელემენტები ზღვაში (ან ტბაში და წყალსაცავში) გაუშვან, სადაც მათს საფუძველზე, სადგური აიგება. ამგვარად, შესაძლებელი იქნება მზის სადგურის აშენება ისე, რომ მან ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი არ დაიკავოს.


მცურავ კონცენტრირებად ფოტოგალვანურ სისტემას (F-CPV) მარტივად „აკვასან“ უწოდეს. მისი შემქმნელები თვლიან, რომ ასეთ სადგურებს, მიწაზე განლაგებულ მზის სადგურებთან შედარებით, გარკვეული უპირატესობები აქვს. მაგალითად, იმის გამო, რომ წყალზე ხახუნი მინიმალურია, ფოტოელემენტის მზისკენ მისატრიალებლად, მცირე ელექტროძრავის გამოყენება შეიძლება.
მეორეც, სადგურის მუშაობის პროცესში, წყლის პრაქტიკულად უდანახარჯოდ გამოყენება შეიძლება. კერძოდ, წყლით გაგრილდება მუშაობის პროცესში, მზის სხივებისგან გადახურებული მზის პანელები. „სოლარის სინერჯის“ პანელებში, მზის ელემენტებს მცირე ადგილი უკავია, მათს ზედაპირზე მზის სხივის კონცენტრირებულად მიმართვისთვის კი პროექტი ამრეკლი სარკეების გამოყენებას ითვალისწინებს.

„სოლარის სინერჯი“ მზის ელემენტებს კრემნიუმის ბაზაზე ამზადებს და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 პროცენტია. გაგრილების სისტემა, წყლის აორთქლების დროს, ენერგიის ართმევის პრინციპს იყენებს. ის იმდენად ეფექტურია, რომ მინიმალური დანახარჯებით, შესაძლებელია ელემენტების იდეალური ტემპერატურის (30 გრადუსის ფარგლებში) დღე-ღამის განმავლობაში შენარჩუნება. ამგვარად, ელემენტი თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს და ის უფრო დიდხანსაც მუშაობს.
პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ წყლის ზედაპირზე დიდი ფართის მქონე მცურავი სადგურების განლაგების მიუხედავად, წყალში ჟანგბადი მაინც შეაღწევს და ამგვარად, მასში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმები არ დაზარალდებიან. ამასთან, „აკვასანი“ იაფი მასალებისგან დამზადდება, რისი წყალობითაც, ასეთი სადგურები, მათზე გაწეულ ხარჯებს მალე აინაზღაურებს. სადგური მოდულებისგან დამზადდება, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 200 კილოვატს მიაღწევს.
„სოლარის სინერჯიმ“ უკვე შექმნა „აკვასანის“ საცდელი პროტოტიპი, რომელიც ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეილატიდან ჩრდილოეთით მდებარე ენერგიის განახლებადი წყაროების და ენერგომომარაგების კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე მუშაობს. ამასთან, პროექტის ავტორებმა, თავიანთი საცდელი დანადგარი, განახლებადი ენერგიის წყაროების კვლევისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს, რომელსაც ეილატმა უმასპინძლა.
გარდა ამისა, პროექტით ფრანგული ენერგეტიკული კომპანია EDF ჯგუფი დაინტერესდა, რომელიც ებრაულ კომპანიასთან ერთად, საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთის ნაპირთან, მზის მცურავი გენერატორების საცდელი კომპლექსის დამონტაჟებას აპირებს. სხვა ებრაული კომპანის - „მეკოროტი“ კი, ასევე საცდელ სისტემას, ისრაელში მდებარე ერთ-ერთ წყალსაცავზე გაუშვებს.
ამ საცდელ სადგურებზე, „სოლარის სინერჯის“ სპეციალისტები დაკვირვებებს აწარმოებენ, მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, დანადგარს მოდერნიზაცია ჩაუტარდება და მისი სერიულად წარმოებაც შესაძლებელი გახდება. ებრაული კომპანია იმედოვნებს, რომ „აკვასანის“ სერიულ წარმოებას 2012 წელს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123