Sunday, February 20, 2011

აფრიანი ელექტრომობილით ავსტრალიის გასწვრივ
Wind-powered car completes cross-continental journey
20 თებერვალი
გერმანელმა ენთუზიასტებმა - ინჟინერმა შტეფან ზიმერერმა და ტელეწამყვანმა დირკ გიონმა უცნაური მოგზაურობით გაითქვეს სახელი, რომლის დროსაც, სამი რეკორდიც დაამყარეს. უცნაური კონსტრუქციის ელექტრომობილით, რომელიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში, თითქმის მთლიანად ქარის ენერგიის ხარჯზე გადაადგილდებოდა, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ, ქალაქ ოლბანიდან სიდნეიმდე, 4 800-კილომეტრიანი გზა 18 დღეში დაფარეს. და ამ დროის განმავლობაში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან, მხოლოდ 10 ევროს საფასურის ელექტროენერგია მოიხმარეს.



შტეფან ზიმერერი (მარჯვნივ) და დირკ გიონი
..............................
დიდი გარბენის მოწყობამდე, უცნაური ტრანსპორტით, რომელსაც „წუინდ ექსპლორერი“ უწოდეს, მოგზაურებმა 500 კილომეტრი გაიარეს. ოფიციალური სტარტი ამ წლის 26 იანვარს აიღეს, ფინიშის წარმოსახვითი ხაზი კი 12 თებერვალს გადაკვეთეს. უნდა ითქვას, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილებით, ავსტრალია ბვრს გადაუკვეთავს, იქ ამ სახეობის ტრანსპორტით შეჯიბრებიც კი ტარდება ხოლმე, მაგრამ ქარის ძალით მომუშავე მანქანით ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია.
საინტერესოა, რომ მოგზაურები გზაში ენერგიას ძირითადად ქარის დასაკეცი ტურბინით (ტურბინის როტორის ფრთების სიგრძე 2.7 მეტრს შეადგენდა) ივსებდნენ. ამასთან, მთელი ეს მოწყობილობა, ამ პატარა ავტომობილით გადაჰქონდათ. ამგვარად, გარბენის დროს, მოგზაურებს გამყოლი ავტომობილი არ სჭირდებოდათ და მათი გარბენი ავტონომიურ რეჟიმში ჩატარდა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ენერგიას ქსელიდანაც ივსებდნენ.


საინტერესოა ისიც, რომ მოგზაურები ქარის ტურბინის სამაგრად ბამბუკის ასაწყობ ანძას იყენებდნენ, რომელიც ასევე თან დაჰქონდათ. აწყობილი ანძის სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა, ქარის დანადგარის ასაწყობად კი მხოლოდ ნახევარი საათი ჰყოფნიდათ. ანძის დამაგრება მათ ქვიშაში, ღორღიან ადგილზე და გრუნტზეც შეეძლოთ. ქარის ტურბინის მაქსიმალური სიმძლავრე კი 1 კილოვატს აღწევდა.
კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტა, რომელიც მოგზაურებმა გამოიყენეს, აფრაა. მაშინ, როდესაც ზურგის ქარი უბერავდა და გზის სიახლოვესაც მეღელი არაფერი იდგა, მოგზაურები ამ აფრას შლიდნენ და გზას ქარის ძალის გამოყენებით აგრძელებდნენ. ამ დროს კი აკუმულატორებში დაგროვილ ენერგიას ზოგავდნენ.

სხვათა შორის, ამ აფრის დახმარებით, „უინდ ექსპლორერის“ სიჩქარე ხშირად 60 კმ/სთ-საც კი აღწევდა. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მოგზაურები გზის გასწვრივ არსებულ სადენებს ვერ არჩევდნენ და მათი აფრის ბაგირები მათში იხლართებოდა. ამის გამო, მათ გაჩერება უწევდათ. და როდსაც შორიდან შენიშნავდნენ, რომ გზის მახლობლად მაღალი ხე იდგა, აფრის მანქანის სიახლოვეს მიზიდვა უწევდათ და ამ დროს, მანქანა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით გადაადგილდებოდა.
ზიმერერს და გიონს დამოუკიდებლად შეეძლოთ შესვენებებისას ქარის ტურბინის გამართვა, თუმცა ამაში მათ გამყოლი ჯგუფი ეხმარებოდა, რომელიც მოგზაურებს მინივენით დაჰყვებოდა. რა თქმა უნდა, გზად ისინი უამრავ ფოტოსაც იღებდნენ და უცნაურ მოგზაურობას ვიდეოზე იღებდნენ. ამასთან, წყლის და საკვების მარაგიც გადაჰქონდათ.

ეს ავტომობილი ბეემვეს ფ1-ის ბოლიდის ბაზაზეა დამზადებული
..............................
საინტერესო ფაქტი: ხუთი წლის წინ, „ბეემვეს“ ფორმულა 1-ის გუნდმა, საკუთარი ბოლიდი ქარის ელექტრომობილად გადააკეთა და გიონის გუნდს გადასცა. რა თქმა უნდა, ბოლიდს ძრავიც და ტრანსმისიაც მოხსნეს, მის ნაცვლად კი მზიდ კაპსულას ბაგირებით აფრა მიამაგრეს. ექსპერიმენტების დროს, რომლებიც აეროდრომის ასაფრენ ზოლზე ტარდებოდა, ასეთი მანქანა 80 კმ/თ სიჩქარეს ავითარებდა!
როგორც ზემოთ ითქვა, გერმანელმა ენთუზიასტებმა, ავსტრალიაში მოგზაურობისას სამი მიღწევა დააფიქსირეს: ეს პირველი შემთხვევაა, როდსაც ქარის ენერგიით მომუშავე ავტომობილით, მთელი კონტინენტი გადაილახა. მეორეც, „უინდ ექსპლორერმა“, ამ ტიპის ავტომობილებისთვის რეკორდულად დიდი მანძილის გავლა შეძლო. და მესამე - ზიმერერმა და გიონმა 16 საათის რეკორდი დაამყარეს ამ დროში 493.5 კილომეტრი გაიარეს.

გიონმა და ზიმერერმა „უინდ ექსპლორერი“, გერმანულ კომპანია „ევონიკის“ დახმარებით შექმნეს. ამასთან, ეს კომპანია მათ ავსტრალიური ვოიაჟის დროსაც აფინანსებდა. ავტომობილი კარბონის ბოჭკოსა და პოლიმერული შემავსებლის კომპოზიტითაა დამზადებული და აკუმულატორებთან ერთად, მხოლოდ 200 კილოგრამს იწონის. ამ წონიდან 90-90 კილოგრამი აკუმულატორებზე და საკუთრივ, ავტომობილის კონსტრუქციაზე მოდის, დარჩენილ 20 კილოგრამს კი ქარის ტურბინა იწონის.
1.9-კილოვატიანი ელექტროძრავი უკანა ღერძს ამოძრავებს. ენერგიით კი მას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 8 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 400 კილომეტრის გავლა შეძლოს. დაკიდევ, მისი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია.
საინტერესო ფაქტი: 4 800 კილომეტრიდან, „უინდ ექსპლორერმა“ 2 100 კილომეტრი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიით გაიარა, 2 280 კილომეტრი - ქარის ტურბინით მიღებული ენერგიით, 420 კილომეტრი კი - აფრის დახმარებით. ამგვარად, მოგზაურობისთვის საჭირო ენერგიაში, გიონსა და ზიმერერს მხოლოდ 10 ევროს (იმ გათვლით, რომ კილოვატსაათი ენერგია ავსტრალიაშისაშუალოდ 0.24 ევროს ექვივალენტური ფასი ღირს) გადახდამ მოუწია.
გერმანელი მოგზაურების თქმით, მათი ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 2 კილოვატსაათ ენერგიას მოიხმარს. შედარებისთვის მათ სარეცხი მანქანის ხარჯი მოჰყავთ - როცა მასში 5 კილოგრამი სარეცხია ჩატვირთული, გაწურვის რეჟიმთან ერთად, მანქანა 4 კილოვატსაათ ენერგიას მოიხმარს. ეს კი „უინდ ექსპლორერს“ 200 კილომეტრს გაატარებს...
გერმანელი მოგზაურები თვლიან, რომ მათი გარბენი მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო აქციაა, რომელიც მიზნად ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების პროპაგანდას ისახავს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მათი „ქარის მკვლევარი“ შორსაა იმ ტრადიციული ტრანსპორტისგან, რომლებსაც მიჩვეულნი ვართ. და მაინც, ამ უჩვეულო პროექტში ისეთი ელემენტებიცაა გამოყენებულები, რომლებიც ან უკვე გვხვდება სერიულ ავტომოილებში, ან მალე შეგვხვდება...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123