Tuesday, November 9, 2010

კალიფორნიაში ავტომაგისტრალებს მზის ენერგიის მისაღებად გამოიყენებენ
Turning freeways into electricity generating 'Solar Serpents'
9 ნოემბერი

შვედმა არქიტექტორმა მანს თამმა მზის პანელების ურბანულ არეალში განთავსების ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა - მის მიერ მომზადებული პროექტით, ლოს ანჯელესის ხელისუფლებას ის საგზაო მაგისტრალების გადახურვას და სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას სთავაზობს.

თამმა თავის პროექტს ”მზის კლაკნილი სამოთხეში” დაარქვა. მის მიხედვით, ლოს ანჯელესის გარეუბან სანტა მონიკასკენ მიმავალი საგზაო მაგისტრალის 24-კილომეტრიანი მონაკვეთი მსუბუქი კონსტრუქციით უნდა დაიხუროს, რომელზეც მზის პანელები განთავსდება. გზის სიგანე 40 მეტრია, სულ კი გადახურვის ფართობი 960 000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს, რომელზეც მზის 600 000 პანელი განთავსდება. ამ პანელებით კი წელიწადში საერთო ჯამში, 150 გიგავატი საათში ელექტროენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ლოს ანჯელესის გარეუბანში მდებარე ქალაქ ვენეციის მოთხოვნილება (მოსახლეობა 40 000-ზე მეტი) სრულად დააკმაყოფილოს.

ტრასის გაყოლებით, წყალმცენარეების ფერმები განთავსდება, რომლებშიც ნხშირორჟანგს გადაქაჩავენ და ბიოსაწვავს აწარმოებენ
..............................
სივრცული შეზღუდვების გამო, ლოს ანჯელესის მზის პროგრამა მხოლოდ მოხავეს უდაბნოში არსებულ მზის სადგურებსა და კერძო შენობების სახურავებზე მზის ელემენტების განთავსებაზეა ფოკუსირებული. მაგრამ საგზაო მაგისტრალების უზარმაზარი ფართის გამოყენებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება მზის ენერგიის გადამუშავების მოცულობა. ცნობისათვის, ლოს ანჯელესის გარშემო არსებული ავტო მაგისტრალების საერთო სიგრძე დაახლოებით 800 კილომეტრს აღწევს.
გარდა იმისა, რომ მზის ენერგიას მიიღებს, ”მზის კლაკნილს” სხვა დანიშნულებაც ექნება - ის გზის გასწვრივ ჩრდილს შექმნის, ეს კი ამ გზებზე მოძრაობისას, ავტომობილში კონდიციონერის გამოყენების საჭიროებას ამცირებს. შესაბამისად, მცირდება ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობაც.

მზის პანელებით დაფარული ”მზის კლაკნილი სამოთხეში”
..............................
”მზის კლაკნილის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით, მიმდებარე შენობების გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების მომარაგებაც. ადგილზე გამომუშავებულ ენერგიას ის უპირატესობაც აქვს, რომ მის ტრანსპორტირებაზე დანაკარგები მცირდება. ეს კი ელექტროენერგიის ფასზე დადებითად იმოქმედებს.
დაკიდევ, ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა, თამი თავისი ”მზის კლაკნილით”, ავტომობილების მიერ გამობოლქვილი ნახშირორჟანგის ”დაჭერას” და სპეციალურ, წყალმცენარეებით სავსე აკვარიუმებში გადაქაჩვას გვთავაზობს. ცნობილია, რომ წყალმცენარეები ინტენსიურად გადაამუშავებენ ნახშირორჟანგს და მისგან ჰაერს ასუფთავებენ. ამასთან, თანმდევი პროდუქტი შეიძლება გახდეს ბიოსაწვავი, რომლის წარმოებაც, მაგისტრალის მახლობლად მცხოვრებთა დასაქმებასაც შეუწყობს ხელს...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123