Wednesday, October 6, 2010

კოსმოსური აფროსნები ინფორმაციის გადასატანადაც გამოდგება
4 ოქტომბერი

კოსმოსური სივრცის ათვისების საქმეში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოლიდური მოცულობის ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად გადაცემას. მაგრამ შორი მანძილების გამო, საპლანეტთაშორისო მისიებისას, ეს პროცესი შეზღუდულია როგორც მოცულობით, ისე ხარისხით. იმისათვის, რომ სახმელეთო ანტენებმა კოსმოსური სადგურიდან გამოგზავნილი ინფორმაციის ათვისება შეძლონ, გადმომცემი არხის გამტარუნარიანობას დღეში ერთ გიგაბაიტამდე ამცირებენ. ეს კი ძალიან ცოტაა.

მაგრამ შესაძლოა, ეს პრობლემა მალე საკმაოდ მარტივად და შედარებით იაფად გადაიჭრას. ტრანსევროპულმა აეროკოსმოსურმა კომპანია ”თალეს ალენია სპეისმა” ეგრეთ წოდებული ”დეიტა კლიპერები” შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც, კოსმოსიდან უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის მოკლე დროში გადმოცემაა შესაძლებელი.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი ჯოელ პონსი ამბობს, რომ ჩვეულებრივი მეთოდით, იუპიტერისა და სატურნის თანამგზავრების, ევროპისა და ტიტანის სრული რუქების გადმოსაცემად (მათი მოცულობა დაახლოებით 10-20 ტერაბაიტია), დაახლოებით 50 წელი იქნებოდა საჭირო. ეს კი ამ თანამგზავრების შესწავლის პროცესს მეტისმეტად გააჭიანურებს.
”თალეს ალენია სპეისის” მეთოდი სპეციალური, მზის გამოსხივებაზე მომუშავე აფროსანი კოსმოსური ხომალდ-კლიპერების (ერთგვარი კურიერების) სისტემის შექმნას ითვალისწინებს, რომლებმაც პლანეტებს შორის უნდა იფრინონ და თან დიდი მოცულობით ინფორმაციები გადაიტანონ.
მაგალითად, საჭიროა ინფორმაციის წამოღება იუპიტერიდან, ან მისი რომელიმე თანამგზავრიდან. მის სიახლოვეს იმორიგევებს ერთი, ან რამდენიმე აფროსანი, რომელიც პლანეტის მკვლევარი აპარატიდან ინფორმაციას ლაზერის სხივის მეშვეობით მიიღებს. ინფორმაციის გარკვეული მოცულობის ჩატვირთვის შემდეგ, აფროსანი კურიერი ჩვენი პლანეტისკენ აიღებს გეზს. აქამდე მოსაღწევად მას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. შემდეგ კი ისევ ლაზერული კავშირით, წამში თითო გიგაბაიტის სიჩქარით, იუპიტერიდან მიღებულ ინფორმაციას, სახმელეთო სადგურში გადატვირთავს, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდება. ამგვარად, აფროსნების დახმარებით, საჭირო ინფორმაციას მეცნიერები 47 წლით ადრე მიიღებენ.
სხვათა შორის, ლაზერული კავშირის ექსპერიმენტული სისტემა ევროპელებმა რამდენიმე წლის წინ უკვე გამოსცადეს. ლაზერზე, როგორც ინფორმაციის გადასაცემ საშუალებაზე, დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკელები, რომლებსაც ლაზერის სხივის საინფორმაციო არხით, ჩვენი პლანეტის და მარსის დაკავშირება სურდათ. მაგრამ მარსის პროგრამის გაყინვის შემდეგ, ეს პროექტიც შეჩერდა.
ევროპელები იმედოვნებენ, რომ აფროსანი-კურიერი სადგურების შესაქმნელად დაახლოებით 20 წლის მუშაობა და 200 მილიონ ევრომდე ინვესტიცია იქნება საჭირო. წინასწარი გათვლებით, საჭირო სიჩქარით პლანეტებს შორის ვოიაჟისთვის, აპარატების აფრების ზომები 150X150 მეტრზე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ასეთი ზომის აფრის გაშლა და ხომალდის მანევრირება გარკვეულ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ევროპელები თვლიან, რომ ასეთი აპარატების დამზადება სრულიად შესაძლებელია.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123