Tuesday, September 28, 2010

”სიკორსკის” X2-მა ვერტმფრენების სიჩქარის რეკორდი გააუმჯობესა
Sikorsky’s X2 demonstrator sets unofficial world record speed of 250 knots
28 სექტემბერი

ვერტმფრენების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია ”სიკორსკიმ” თავისი უახლესი მანქანაX2 ჩაიფიქრა, როგორც მსოფლიოში უსწრაფესი ვერტმფრენი და თავის მიზანს, აპარატის საგამოცდო ფრენებისას უკვე მიაღწია - სადემონსტრაციო X2-მა 250 კვანძი (დაახლოებით 460 კმ/სთ) სიჩქარე განავითარა.

ეს ვერტმფრენებისთვის სიჩქარის არაოფიციალური რეკორდია, რომელიც აქამდე ბრიტანული წარმოების ”უესტლენდ ლინქს ZB-500-ს”, 1986 წლის შემდეგ ეკუთვნოდა. ძველი რეკორდი კი 216.46 (დაახლოებით 345 კმ/სთ) კვანძს შეადგენდა. სხვათა შორის, მიმდინარე წლის დასაწყისში, X2-მა პირველ საცდელ ფრენაზე, 181 კვანძი სიჩქარე განავითარა, რაც გაცილებით მეტია იმ სიჩქარეზე (160-170 კვანძი, ანუ 295-310 კმ/სთ), რომლითაც ჩვეულებრივი ვერტმფრენები დაფრინავენ.

მაგრამ 250 კვანძი ”სიკორსკის” მთავარი მიზანი იყო იმ დღიდან, რაც პროექტ X2-ე მუშაობა დაიწყო, ეს კი 2005 წელს მოხდა. ეს ზღვარი კომპანიის სადემონსტრაციო ვერტმფრენმა ”სიკორსკის” განვითარების საფრენოსნო ცენტრში გადალახა. იქ ტესტების დროს, აპარატმა 260 კვანძ სიჩქარესაც კი მიაღწია, თუმცა ამ დროს მას თავისუფალი ვარდნაც უწყობდა ხელს.
”აეროკოსმოსურ ინდუსტრიას დღეს სრულიად ახალი მიზნები და შესაძლებლობები აქვს. სადემონსტრაციო X2 თავის უნარს თითქმის ყველა საცდელი ფრენისას ავლენს. მას ვერტმფრენების ძირეულად შეცვლა შეუძლია და ვამაყობთ იმით, რომ ამ ტექნოლოგიებს პირველად ჩვენ ვიყენებთ. ამგვარად, ჩვენი კომპანია მოწინავე ტექნოლოგიების პიონერის ავტორიტეტს იმყარებს”, - განაცხადა ”სიკორსკის” პრეზიდენტმა ჯეფრი პინომ.
საჩვენებელ X2-ს სამი ხრახნი აქვს, რომელთაგან ერთ ღერძზე დასმული ორი ხრახნი, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ, საფრენი აპარატის ვერტიკალურ აფრენა-დაშვებას ემსახურება, მესამე კი ვერტმფრენის კუდში, პირველი ორის პერპენდიკულარულადაა მოთავსებული და ის აპარატის ჰორიზონტალურ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მესამე ხრახნის და კარგად დამუშავებული აეროდინამიკის წყალობით, ვერტმფრენს მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
სხვათა შორის, ისტორიული სარეკორდო ფრენა ”სიკორსკის” მთავარმა პილოტმა და იმავდროულად, საფრენოსნო ოპერაციების დირექტორმა, კევინ ბრედენბეკმა შეასრულა, ვინც განაცხადა, რომ ყოველ მომდევნო საგამოცდო ფრენისას, X2 წინაზე უკეთ მუშაობს და ყველა მოლოდინს ამართლებს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123