Thursday, April 8, 2010

პერლ რივერ ტაუერი - მსოფლიოს ყველაზე ”მწვანე” ცათამბჯენი
Pearl River Tower
8 აპრილი

ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ გუანჯოუში დასასრულს უახლოვდება 71-სართულიან ცათამბჯენ ”პერლ რივერ ტაუერის” მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა, ”მწვანე” ცათამბჯენადაა მონათლული. უკვე ამოყვანილია შენობის ძირითადი სტრუქტურა, მისი საექსპლუატაციოდ ჩაბარება კი ამ წლის მიწურულს იგეგმება.
309.6-მეტრიანი შენობის მშენებლობისას, ეგრეთ წოდებული მწვანე, მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებენ. მათგან ყველაზე უჩვეულო შენობის ტანში არსებული ორი ჭრილი იქნება, რომლებშიც ქარის ტურბინები განლაგდება, ესენი კი შენობისთვის საჭირო ელექტროენერგიის ნაწილს გამოიმუშავებენ.

”პერლ რივერ ტაუერის” პროექტი ჩიკაგოში ბაზირებულ არქიტექტურულ კომპანია ”სკაიდმორის” მიერაა შექმნილი. ცნობისათვის, ეს ის კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის, დუბაის ”ბურჟ ხალიფას” პროექტი შექმნა. თუ დუბაიში მშენებლობა ”სამსუნგის” სამშენებლო შტომ განახორციელა, გუანჯოუში ეს საქმე თამბაქოს მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია ”გუანდონ ტობაკომ” იკისრა.
”პერლ რივერ ტაუერის” ერთი მესამედისა და ორი მესამედის სიმაღლეზე მოთავსებულია ღია სეგმენტები, რომლებშიც, სპეციალური გვირაბების მეშვეობით, ქარის მიერ მონაბერი ჰაერი გროვდება და ქარის ტურბინის ფრთებს მიეწოდება. ტურბინაში გამომუშავებული ენერგიით კი შენობის ვენტილაცია, გათბობა და კონდიცირება იქნება შესაძლებელი.
ღია სეგმენტებს ისეთი ფორმა აქვს, რომ მათში მოხვედრილმა საშუალო და სუსტმა ქარმაც კი შეძლოს ქარის ტურბინების ამოქმედება. ”სკაიდმორმა” წინასწარ შეისწავლა შენობის ჭრილებში ჰაერის ნაკადის მოძრაობა და მიღებული შედეგებით დაასკვნა, რომ შენობის ”გვირაბში” ჰაერის ნაკადი, ქარის ნომინალურ სიჩქარეზე ორ-სამჯერ სწრაფად იმოძრავებს. ჩატარებული გათვლებით, შენობაში ჩამონტაჟებული ტურბინების მიერ გამომუშავებული ენერგია, ”პერლ რივერ ტაუერის” მოთხოვნებს დაახლოებით 4 პროცენტით დააკმაყოფილებს.
ტურბინების გარდა, შენობას ენერგიის დამზოგი სხვა ტექნოლოგიებიც გამოარჩევს. მაგალითად, მისი ორი - ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადები შუშის ორმაგი ”კანით” დაიფარება, რომლის შრეებს შორისაც რვადუიმიანი (20 სანტიმეტრი) საჰაერო ვენტილირებადი ”კორიდორია”. ამ ”კანის” დანიშნულება ისაა, რომ შენობის შიდა სივრცე გარემოსგან ეფექტურად დააშოროს და მისი ტემპერატურული ცვლილებებისგან დაიცვას. მზის სხივებით გამთბარი ჰაერი სწორედ ამ ”კანის” ორ შრეს შორის მოძრაობს და შემდეგ, ჭარბ სითბოს სპეციალურ თერმოდანადგარებს მიაწვდის, სადაც წყალი ცხელდება.
გარდა ამისა, შენობის სახურავზე განთავსდება მზის პანელები, რომელთა მიერ დაგროვილი ენერგიაც, მთელი შენობის ფანჯრების ჟალუზებს, ავტომატურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას მისცემს. ეს ჟალუზები მზის ინტენსივობის შესაბამისად, ან იხურება, ან იხსნება. ამგვარად, მნიშვნელოვნად მცირდება (დაახლოებით 80 პროცენტით) შენობის სათავსების ვენტილირების და კონდიცირების აუცილებლობა. შენობის ფასადებში ასევე განლაგდება მზის ელემენტები, რომლებიც სხივების ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.
შენობაში ენერგიის დამზოგ სხვა ტექნოლოგიებსაც გამოიყენებენ. ასეთია დღის სინათლის ”შემგროვებელი” სისტემა, რომელიც სპეციალური ოპტიკური გაყვანილობის წყალობით, შენობის სათავსებს დღის შუქით გაანათებს და ამგვარად, ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს. შენობის სართულებს შორის მოთავსდება წყლის ცირკულაციის სისტემა, რომელშიც გრილი წყალი იმოძრავებს და შეამცირებს შენობის გაგრილების მოთხოვნილებას. პროექტი ასევე ითვალისწინებდა შენობის საჭიროებისთვის გეოთერმული წყლის სისტემის გამოყენებას, მაგრამ ეს ვერ განხორციელდება, რადგან შენობის სიახლოვეს, შესაბამისი ტემპერატურის მქონე გეოთერმული ძაღვი ვერ აღმოაჩინეს.
უნდა ითქვას, რომ აქ ჩამოთვლილი ენერგიის დამზოგი საშუალებები, ცალ-ცალკე ბევრ თანამედროვე ცათამბჯენში გამოიყენება, მაგრამ ისინი ერთად თავს პირველად ”პერლ რივერ ტაუერში” მოიყრიან.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123