Thursday, February 4, 2010

ოზონის ფენის აღდგენა გლობალურ დათბობას დააჩქარებს
Ozone Hole Healing Could Cause Further Climate Warming
4 თებერვალი


ლიდსის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ანტარქტიკის თავზე ოზონის ფენის აღდგენა, გლობალური დათბობის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ამჟამად, აღნიშნული ფენის სწრაფი ტემპით აღდგენის პროცესი დაწყებულია, მაგრამ როგორც ირკვევა, ოზონის ფენაში არსებული უზარმაზარი ნახვრეტი გლობალური დათბობის პროცესს ანელებდა.

სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერები ვარაუდობდნენ, არ ანტარქტიკის თავზე არსებული ხვრელის შევსებას დიდი დრო დასჭირდებოდა. ახლა კი ირკვევა, რომ ფენის აღდგენის პროცესი გაცილებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამას კი თავისი უარყოფითი თანმდევი ეფექტი აქვს.
ლიდსელი მეცნიერები ყოველივეს შემდეგნაირად განმარტავენ: ოზონის ფენაში არსებული ნახვრეტის ქვემოთ, ხშირია ძლიერი ქარი, რომელსაც ჰაერში ოკეანის მილიარდობით შხეფი ააქვს. ამ შხეფებში მაღალია მარილის კონცენტრაცია. საბოლოოდ, ნახვრეტის ქვეშ იქმნება მარილოვანი ღრუბლები, რომლებიც მზისგან წამოსულ გამოსხივებას კოსმოსის მიმართულებით ირეკლავენ.
დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ანტარქტიკის თავზე თავმოყრილი ღრუბლები მზის რადიაციას პრაქტიკულად არ ატარებდა, რისი წყალობითაც, სამხრეთ ნახევარსფეროში გლობალური დათბობის ზემოქმედება ბათილდებოდა. ეს კი განსაკუთრებით საგრძნობი ზაფხულში იყო.
მაგრამ ოზონის ფენაში არსებული ნახვრეტის შემცირების კვალობაზე, მოსალოდნელია, რომ იქაური ქარების ინტენსივობაც და სიძლიერეც მოიკლებს, რაც ღრუბლების დამცავი ფენის წარმოქმნაზე უარყოფითად იმოქმედებს.
”თუ, და ეს სრულებით შესაძლებელია, ქარების ინტენსივობა მოიკლებს, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მოცულობის ზრდას სამხრეთ ნახევარსფეროში დათბობის პროცესის დაჩქარება შეუძლია, რაც მალევე, მთელი პლანეტის კლიმატზე უარყოფითად იმოქმედებს”, - ამბობს ლიდსელი მეცნიერი კენ კარსლოუ.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123