Honda's new ASIMO robot can now pour you a drink all on its own
9 ნოემბერი
ვინც არ იცის: ”ჰონდა” მარტო ავტომობილებს როდი უშვებს. იაპონური კომპანია მოტოციკლების, საზღვაო ხომალდების ძრავების, ელექტროგენერატორების, რეაქტიული ბიზნეს თვითმფრინავების და... რობოტების მწარმოებელიცაა. ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს კი ჰუმანოიდურ რობორ ”ასიმოს” წარმოებისას იყენებს. ”ასიმო” ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ვერსიების დონეზე მზადდება და მისი ყოველი მომდევნო მოდიფიკაცია ყოველთვის გვაკვირვებს თავისი შესაძლებლობებით.
ახლახანს ”ჰონდამ” ამ რობოტის მორიგი ვერსია წარმოადგინა, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ბოთლიდან ჭიქაში სითხის დასხმა შეუძია. დაგისხამთ და მერე, სასიამოვნო ხმით შემოგთავაზებთ...
მართალია, ახალი ”ასიმო” გარეგნულად თავის წინა მოდიფიკაციებს ძლიერ ჰგავს, თუმცა თვისობრივად მათგან ძლიერ განსხვავდება. ჯერ ერთი, მას აბსოლუტურად ავტონომიურ რეჟიმში, ადამიანის მითითებების გარეშე მოქმედება შეუძლია. თავად განსაზღვრავს, კონკრეტულ მომენტში რა უნდა მოიმოქმედოს.
”ასიმოს” ახალი ხელები და მაჯები აქვს, რაც მას რთული მოძრაობების და ქმედებების შესრულებაში ეხმარება. კერძოდ, დემონსტრირებისას, მან ბოთლს თავი მოხადა და შემდეგ სითხე ჭიქაში ჩამოასხა. თანაც, ჭიქა ქაღალდის იყო და ”ასიმომ” ის ისე გამოიყენა, რომ არ დაუჭმუჭნია.
ამიერიდან, ”ასიმოზე” მუშაობას ”ჰონდას” ახალი შტო - ”ჰონდა რობოტიქსი” გააგრძელებს, რომლის ხელმძღვანელობაც გვარწმუნებს, რომ მალე მათი შედევრი ადამიანს ყველაფერში მიბაძავს და ბევრ რამეს, მასზე უკეთაც კი გააკეთებს. ამაში კი მას უამრავი სენსორი ეხმარება, რომელთა მიერ მიღებულ ინფორმაციასაც, კომპიუტერი/ტვინი ოპერატიულად გადაამუშავებს და ამ ინფორმაციის შესაბამისად, რობოტის სხეულის სხვადასხვა ნაწილს, ბრძანებებს აძლევს. ასე განსაჯეთ, ამ სენსორების დახმარებით, ”ასიმოს” არამხოლოდ ადამიანის (და მის გარშემო არსებული სხეულების) სახეზე ცნობა შეუძლია, არამედ მათ ხმითაც ასხვავებს. ამ თვისებას მაშინაც კი ინარჩუნებს, თუ მის გარშემო რამდენიმე ადამიანია.
ჯერჯერობით, რობოტისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, მოძრაობისას ბალანსის შენარჩუნებაა. ”ჰონდა რობოტიქსმა” ამ პრობლემის მეტნაკლებად გადაწყვეტის ორიგინალურ საშუალებას მიაგნო: თუ ”ასიმოს” ფეხს მოულოდნელი წინაღობა შეხვდება, მისი ხედვითი სენსორები ამას უმალ დააფიქსირებენ და რობოტი ერთ ხევს (კოჭის არეში) ოდნავ დააგრძელებს. მოკლედ, მას უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილებისაც აღარ ეშინია. თანაც, თუ დასჭირდა, წინ და უკანაც ირბენს და ერთ, ან ორივე ფეხზე შეუჩერებლად იხტუნვებს.
სიახლეებია ხელებშიც: ხელის გულში ”ასიმოს” სპეციალური გადამწოდი ჩაუდგეს, ყოველ თითში კი ძალის სენსორებია. ვიზუალურ სენსორებთან ერთად, მთელი ეს სისტემა განსაზღვრავს, თუ რა ძალით უნდა მოუჭიროს საგანს ხელი, რომ ის არ დააზიანოს. ამასთან, ”ასიმოს” ხელებით და თითებით ჟესტიკულირებაც შეუძლია.
ახალი ”ასიმო” უფრო სპორტული თვისებებითაც გამოირჩევა: ჯერ ერთი, ის წინმორბედზე 6 კილოგრამით მსუბუქია და 48 კილოგრამს იწონის. მას თავისუფლების 57 ხარისხი აქვს (წინას 34 ჰქონდა). გაიზარდა მისი გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეც - თუ ადრე რობოტს მაქსიმუმ 6 კმ/სთ სიჩქარით სიარული შეეძლო, ახლა ეს მაჩვენებელი 9 კმ/სთ-ია. უცვლელი დარჩა ”ასიმოს” სიმაღლე - 130 სმ. რობოტის ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ აკუმულატორის ტევადობა 40 წუთს ჰყოფნის.
საინტერესოა
ReplyDelete