2 ნოემბერი
ამერიკულმა კომპანია ”ბოსტონ დაინემიქსმა”, აშშ-ის არმიის მიერ შეკვეთილი საბრძოლო რობოტ ”პეტმენის” ახალი ვერსია შეიმუშავა და საზოგადოებას მისი შესაძლებლობები უჩვენა. ”პეტმენი” ეფექტურად გამოიყურება და რაც მთავარია, დაახლოებით ისეთივე შესაძლებლობები აქვს როგორითაც ფილმებიდან ცნობილი ტერმინტორი გამოირჩევა.
ოფიციალურ რელიზში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სამხედრო ანდროიდ ”პეტმენის” მთავარი დანიშნულება, სამხედრო ქიმიური თავდაცვის კოსტუმების გამოცდაა. ამ აპარატის პირველი პროტოტიპი ზუსტად ორი წლის წინ გვიჩვენეს, მაგრამ ის რობოტი მოუხერხებელი, ზანტი და ხმაურიანი იყო. მისი ახალი ვერსია კი გაწონასწორებული გადაადგილების უნარით გამოირჩევა.
”ბოსტონ დაინემიქსმა” რობოტის სადემონსტრაციო ვიდეორგოლი სპეციალისტების ვიწრო წრეს წარუდგინა და დამსწრეთა გაოცება გამოიწვია. ”აუდიტორიამ ამოიოხრა. ეს განსაცვიფრებელია”, - ასე ლაკონურად და მრავლისმთქმელად დაახასიათა ”პეტმენის” ჩვენება გამოცემა ”IEEE სპექტრუმმა”.
ამერიკის სამხედრო უწყებამ პროექტის შემუშავებასა და პირველი საცდელი რობოტების შესაქმნელად 26.3 მილიონი დოლარი გადაიხადა. მოსალოდნელი იყო, რომ სამხედროები სასურველ პროდუქტს წელსვე მიიღებდნენ, მაგრამ მათ მომავალ წლამდე მოცდა ელით. ოღონდ, მას უკვე თავიც ექნება და ქრეშ ტესტებისთვის სტანდარტული მანეკენის გაბარიტებშიც მოექცევა - მისი სიმაღლე 1.75 სანტიმეტრი, წონაკი 80 კილოგრამი იქნება.
No comments:
Post a Comment