2 ნოემბერი
ამ ფოტოების მნახველებს, ალბათ ვარსკვლავური ომები გაგახსენდებოდათ... მაგრამ თუ ამ ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ფილმებში მეტწილად მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის შედეგები ჩანდა, ეს ფოტოები რეალურ სურათს წარმოგიდგენთ. თანაც, ექსპერიმენტული სფერული საფრენი აპარატის შესაძლებლობების დემონსტრაცია, საზოგადოების წინაშე იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ ითავა.
სადემონსტრაციო მფრინავი ბირთვის დიამეტრი სულ რაღაც 42 სანტიმეტრია და ის მხოლოდ 350 გრამს იწონის. მას ვერტიკალურად აფრენა და დაშვება, ასევე ჰაერში დაკიდება და ჰორიზონტალურად ფრენა შეუძლია. ამასთან, ჰორიზონტალური მოძრაობისას, მისი სიჩქარე 60 კმ/სთ-ს აღწევს. პრეზენტაციისას ითქვა, რომ ამ უცნაურ აპარატს აღმომჩენის და დაზვერვის უნარი აქვს და მისი გამოყენება მისწრება იქნება ისეთ ადგილებში, სადაც თვითმფრინავებს მიდგომა არ შეუძლია.
დღეს ასე ამბობენ, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა, შორეულ მომავალში, მსგავსი პრინციპით მომუშავე აპარატები სატრანსპორტო საშუალებადაც გამოიყენონ - როდსაც ძმებმა რაიტებმა პირველი თვითმფრინავით რამდენიმე ათეული მეტრი იფრინეს, მაშინაც ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დრეს ცაში უზარმაზარი ლაინერები იფრენდნენ.
”იმის გამო, რომ სფერული ფორმა აქვს, ამ მანქანას ნებისმიერ ზედაპირზე დაშვება და მიწაზე გადაადგილებაც შეუძლია. უფრო მეტიც, ფრენისას ის შეიძლება კედელთან კონტაქტშიც კი იყოს. ისევდაისევ, მისი სფერული ფორმის წყალობით, ის გრუნტზე დაგორავს და ასე გადაადგილდება. ჩვეულებრივ თვითმფრინავებში, მართვის საშუალებები უკანა ნაწილშია განლაგებული, ჩვენ კი ისინი პირობით წინა ნაწილში მოვათავსეთ”, - აპარატის დემონსტრირებისას განაცხადა იაპონიის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა.
ჰაერში ყოფნისას, სტაბილურობის შესანარჩუნებლად, აპარატს სამი გირო სენსორი ეხმარება. მათი დახმარებით, აპარატი სტაბილურობას მცირე შეჯახებების შემთხვევაშიც ინარჩუნებს. ჰაერში ორიენტირებას კი სფეროს შიგნით არსებული რამდენიმე სიბრტყეც უწყობს ხელს. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს მიერ წრმოდგენილი აპარატი სულ რაღაც, 1 400 დოლარი ღირს (მისი ნაწილების ფასის ჯამი). რა თქმა უნდა, მისი შემუშავების პროცესში, გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა. დემონსტრაცია სულ 8 წუთს გრძელდებოდა. თუმცა, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ტექნლოგიების დახვეწის კვალობაზე, აპარატის შესაძლებლობები და ზომებიც გაიზრდება.
No comments:
Post a Comment