30 ნოემბერი
მალე შოტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, ქარის უზარმაზარი კოშკური ტურბინა აღიმართება, რომელსაც სამის ნაცვლად, მხოლოდ ორი ფრთა ექნება. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ მასზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც მოაწყონ. ყოველ შემთხვევაში, პროექტი ამას ითვალისწინებს.
გიგანტური ტურბინა ჰოლანდიურ კომპანია „2–B ენერჯის“ მიერაა შემუშავებული. მისი სიმძლავრე 6 მეგავატია. სადგური სანაპიროდან სულ რაღაც 20 მეტრში, ენერგეტიკულ კომპლექს „ენერჯი პარკ ფაიფის“ შემადგენლობაში შევა. მის მშენებლობას მწვანე შუქი, შოტლანდიის ენერგეტიკის სამინისტრომ აუნთო.„2–B ენერჯიმ“ ორფრთიანი გიგანტური ტურბინა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შეიმუშავა. ეს კომპანია წყალში მდგარი ტურბინების შექმნაზეა სპეციალიზებული, რადგან სანაპიროს მოშორებით, ხმაურსა და გაბარიტებზე შეზღუდვა მინიმალურია. დანადგარის შემქმნელები ამბობენ, რომ ორფრთიანი კონსტრუქცია უფრო იაფიც ჯდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი რემონტიც გაცილებით მარტივია, რაც საექსპლუატაციო ხარჯებს ამცირებს და აქედან გამომდინარე, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასიც მცირდება.
სხვათა შორის, შოტლანდიას ძალიან ამბიციური მიზანი აქვს – არცთუ შორეულ მომავალში, ქვეყანა გამომუშავებული ელექტროენერგიის 100 პროცენტს განხლებადი წყაროებისგან უნდა ღებულობდეს. ამ მიზნის მიღწევაში, ქარის სადგურებს ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
„ის ფაქტი, რომ ინოვაციური კომპანიები ცდილობენ, თავიანთი ახალი იდეები და პროექტები, პირველ რიგში, შოტლანდიაში გამოსცადონ, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს, როგორც მწვანე ტექნოლოგიების მოწინავე დამნერგავისას, კიდევ უფრო ამყარებს“, – ამბობს შოტლანდიის ენერგეტიკის მინისტრი ფერგუს იუინგი. მისივე თქმით, ახალი გიგანტური ტურბინის მონტაჟი 2014 წელს დაიწყება. ჰოლანდიური კომპანია იმედოვნებდა, რომ პირველი შეკვეთით, შოტლანდიის სანაპიროსთან ორ ასეთ გიგიანტს აღმართავდა, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრომ მხოლოდ ერთი შეუკვეთა. ამასთან, ტურბინას ალბათ არ ექნება ვერტმფრენის დასაჯდომი პლატფორმა, რადგან მას სპეციალური ინფრასტრუქტურაც ესაჭიროება, რაც დანადგარის ღირებულებას გაზრდის.
No comments:
Post a Comment