Virtually noise-free Eco Whisper Turbine unveiled
7 ნოემბერი
ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ბაზირებულმა კომპანია ”რენიუვეიბლ ენერჯი სოლუშნმა” (RESA) ახალი ტიპის ქარის გენერატორი შეიმუშავა, რომელსაც უხმაურობის გამო, ”ეკო მოჩურჩულე ტურბინა” შეარქვა. შექმნილია პირველი რეალური დანადგარი, რომელიც 20 კილოვატ ენერგიას იძლევა და რომელსაც ანალოგიური სიმძლავრის სამფრთიან გენერატორებზე, ფრთის ორჯერ მცირე ზომის დიამეტრი აქვს. ამასთან, მუშაობის პროცესში, დანადგარს ქარის მხარეს მიბრუნების უნარიც გააჩნია, რაც მის ეფექტურობას ზრდის.
თვისება, რომლის გამოც, დანდგარს მოჩურჩულე შეარქვეს, მისი უხმაურობაა. ჩვეულებრივ ტურბინებში, ხმაურს ჰაერის ჭავლი წარმოქმნის, როდესაც ფრთის ბოლოს დიდი სიჩქარით სწყდება. ”მოჩურჩულე ტურბინას” კი ფრთები ალუმინის ორი ლენტით აქვს შემორკალული, რაც ჰაერის ჭავლს ფრთისგან მოწყვეტის და აქედან გამომდინარე, ხმაურის გამოცემის საშუალებას არ აძლევს. ამიტომ, დანადგარი მინიმალურ ხმას გამოსცემს.
ბევრი ფრთის (რომლებიც ალუმინის ფურცლებისგანაა დამზადებული) წყალობით კი, ”მოჩურჩულე ტურბინა” ჰაერის უფრო დიდ ნაკადს ითვისებს და შედეგად, მეტ ენერგიასაც იძლევა. ავსტრალიური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ”მოჩურჩულე ტურბინა” ჩვეულებრივ ქარის ტურბინებზე დაახლოებით 30 პროცენტით მეტ ენერგიასაც იძლევა. თანაც, ის ქარის დაბალი სიჩქარის დროსაც ეფექტურად მუშაობს.
ჩატარებული გათვლებით, საცდელი 20-კილოვატიანი ტურბინა წლიურად (თუ ქარის საშუალო სიჩქარე ) 45 000 კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
”რენიუვეიბლ ენერჯი სოლუშნი” ვარაუდობს, რომ მის მიერ შემუშავებული დანადგარი მისწრება იქნება აერპორტების, ბიზნეს პარკების, უნივერსიტეტებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებებისთვის. ავსტრალიური კომპანიის მთავარი აღმასრულებელი და ბიზნესის განვითარების მენეჯერი მაიკლ ლე მესურიე ამბობს, რომ პირველი პროტოტიპის დემონსტრირების შემდეგ, ”მოჩურჩულე ტურბინით” უამრავი კომპანია დაინტერესდა.
”მოჩურჩულე ტურბინა” 21.1 მეტრის სიმაღლის ბოძზე დგას, მისი ფრთების (ასეთი სულ 30 ცალია) დიამეტრი კი 6.5 მეტრია. ბოძის სიმაღლე შეიძლება შემცირდეს, თუ ქარი მეტისმეტად გაძლიერდა. ქარიშხლის დროს კი ის იკეცება და ჰორიზონტალურ მდგომარეობას იკავებს. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ ”მოჩურჩულე ტურბინის” სტრუქტურა, 220 კმ/სთ სიძლიერის ქარსაც კი უძლებს.
გარდა იმისა, რომ ჩუმად მუშაობს, ახალი ტურბინის ეკოლოგიურობა იაშიც გამოიხატება, რომ მისი მბრუნავი ნაწილი კარგად ჩანს და ამგვარად, ის ჩიტებისთვისაც უხიფათოა.
”რენიუვეიბლ ენერჯი სოლუშნს” ჯერჯერობით არც ”მოჩურჩულე ტურბინის” წარმოების დაწყების დრო და არც მისი ფასი გამოუცხადებია.
No comments:
Post a Comment