”სპეისშიპ ორმა” პირველი ფრენა შეასრულა
SpaceShipTwo Completes First Captive Flight
25 მარტი
ოღონდ, მას დამოუკიდებლად არ უფრენია. ხომალდი, რომლითაც მალე ამერიკულ-ინგლისური კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკი” კოსმოსში ტურისტების გაყვანას დაიწყებს, ჰაერში მზიდმა თვითმფრინავმა, ”უაითნაით ორმა” (თეთრი რაინდი ორი) აიყვანა. ”კოსმოსური ხომალდი ორი” მზიდმა თვითმფრინავმა მის ორ ფიუზელაჟს შორის არსებულ, მისთვის განკუთვნილ კილზე ჩამოკიდებული ”ამგზავრა”.
საცდელი ფრენა მოხავეს უდაბნოში მდებარე კოსმოპორტში დაიწყო. ”თეთრმა რაინდმა” და ”კოსმოსურმა ხომალდმა”, რომლის მეორე სახელიც ”VSS ენტერპრაიზია”, ჰაერში ერთად თითქმის სამი საათი გაატარეს და ფრენის დროს მაქსიმუმ 13.7 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდნენ.
სააგენტო როიტერის ინფორმაციით, პირველი ტესტის დროს შემოწმდა, თუ რამდენად საიმედოდაა დამაგრებული მზიდ თვითმფრინავზე კოსმოსური ხომალდი. შემდგომი ტესტების დროს, რომლებიც წელიწადნახევარს გაგრძელდება, ასევე შემოწმდება სხვადასხვა კვანძები და სარაკეტო ძრავის მუშაობა, ”სპეისშიპ თუ” კი პირველ დამოუკიდებელ ფრენებს, მათ შორის, კოსმოსის ზღვარზეც შეასრულებს.
როიტერისვე ცნობით, კომერციული რეისების შესრულებას ”ვირჯინ გალაქტიკი” 2012 წელს შეუდგება. კომპანიას, რომელიც ბრიტანელ მილიარდერ სერ რიჩარდ ბრენსონისა და ამერიკულ კომპანია ”სქელდ კომპოზიტსის” (რომელიც დღეისათვის აეროკოსმოსურ გიგანტ ”ნორტროპ გრუმენის” კუთვნილებაა) მიერაა დაარსებული, კოსმოსში ტურისტულად გაფრენის მსურველი 330 ადამიანის განაცხადი უკვე მიღებული აქვს. მათ მიერ წინასწარი შენატანების სახით კი უკვე 45 მილიონი დოლარია გადახდილი. ცნობისათვის, კოსმოსში ერთი გაფრენის (რომლის დროსაც ტურისტები კოსმოსის ზღვარზე, უწონადობის პირობებში სულ რამდენიმე წუთს დაჰყოფენ) ღირებულება 200 000 დოლარია.
კოსმოსში ვოიაჟების გრაფიკი შემდეგია: ”თეთრი რაინდი” კოსმოსურ ხომალდს 15 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს, რის შემდეგაც ის კილს ავტომატურად მოსწყდება და თავისუფალ ვარდნას დაიწყებს. მერე კი, პილოტი სარაკეტო ძრავს ჩართავს, რომლის მეშვეობითაც, აპარატი ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე მაღლა აფრინდება. ეს არის კოსმოსის ზღვარი, რომელზეც შესაძლებელია უწონადობის შეგრძნება. ამ შეგრძნებით ტურისტები დაახლოებით 5 წუთს ისიამოვნებენ, რის შემდეგაც, ხომალდი დაშვებას დაიწყებს.
”თეთრი რაინდი” და ”კოსმოსური ხომალდი” კომპანია ”სქელდ კომპოზიტსის” დამაარსებლის, ბარტ რუტანის მიერაა შექმნილი. მისმა კომპანიამ 2004 წელს კონკურსი X-პრაიზი და მასთან ერთად, საპრიზო 10 მილიონი დოლარი მოიგო. მაგრამ მისი პირველი ხომალდი სამადგილიანი იყო, ”ენტერპრაიზს” კი, ორი პილოტის გარდა, კოსმოსში ოთხი ტურისტის გაყვანაც შეუძლია.
No comments:
Post a Comment