Thursday, March 11, 2010

მზის ენერგიით პლანეტის გარშემო
11 მარტი
შვეიცარელი და ფრანგი ენთუზიასტების ჯგუფმა, რომლებმაც თავიანთ გუნდს ”პლანეტსოლარი” უწოდეს, შექმნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხომალდი, რომელიც მხოლოდ მზის სხივებისგან მიღებული ენერგიის ხარჯზე ცურავს. ამ ტრიმარანის ტიპის გემით, გუნდის წევრებს, წელს პლანეტის გარშემო მოგზაურობა აქვთ დაგეგმილი.


პირველი რეისი ჯერ კიდევ შარშან უნდა შესრულებულიყო, მაგრამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი ამ პროექტსაც შეეხო და ახლა, ხომალდის პირველი საცდელი ცურვა მარტშია დაგეგმილი.
გემის სიგრძე 30 მეტრი, სიგანე კი 16 მეტრია. მისი გემბანი 500 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მზის ელემენტებითაა დაფარული, რომლებიც 38 000 ცალი სეგმენტისგან შედგება. თითოეული სეგმენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი 22%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ელემენტების საერთო სიმძლავრე 103.4 კილოვატს აღწევს. ცნობისათვის, ეს ყველაზე მაღალი მქკ-ის მქონე ელემენტებია მათ შორის, რომლების შეძენაც შესაძლებელია (სხვათა შორის, ლაბორატორიული ელემენტების მქკ 43%-ს აღწევს).
გემი, რომლის აგებაც დაახლოებით 18 მილიონი ევრო დაჯდა, 10 ტონას იწონის. ის 12-ადგილიანია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 15 კვანძს (27 კმ/სთ) აღწევს. მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგიის ნაწილი აკუმულატორებში დაგროვდება და მას გემი ღამით გამოიყენებს. სრულად დამუხტულ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ გემმა შეუჩერებლად 48 საათი იცუროს.

”პლანეტსოლარში” იმედოვნებენ, რომ მათი ხომალდი გახდება ყველაზე სწრაფი მზის ელემენტებიან გემებს შორის, რომელიც ატლანტის ოკეანეს გადაცურავს. და ის იქნება პირველი მზის ელემენტიანი მცურავი საშუალება, რომელიც წყნარ და ინდოეთის ოკეანეებს გადაცურავს.
პლანეტის გარშემო მოგზაურობა აპრილში უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ, ის 140 დღე გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123