Thursday, March 11, 2010

ამერიკელი ბიზნესმენი მთვარეზე ბიზნესს გეგმავს
Private Space Stations Edge Closer to Reality
10 მარტი
რობერტ ბიგელოუ
.....................................

ამერიკელი ბიზნესმენი რობერტ ბიგელოუ ცნობილია იმით, რომ კოსმოსური სასტუმროს პროექტი აქვს შემუშავებული და ამ პროექტის განხორციელებას საკუთარი კომპანიის, ”ბიგელოუ აეროსპეისის” გამოყენებით აპირებს. მას ამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის დაწყებული აქვს და მართალია, ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ უკვე ახალ იდეაზეც დაიწყო ფიქრი.

მისი ახალი იდეა კი ჯერ კოსმოსში, შემდეგ კი მთვარეზე ასტრონავტებისთვის კერძო სადგურების აგებას ითვალისწინებს. ამასთან, ახალი იდეის განსახორციელებლად, მას ჯერ პირველის ბოლომდე მიყვანა დასჭირდება, რაც პირველი ნაბიჯი იქნება კერძო ბიზნესის მთვარეზე დასამკვიდრებლად.

პირველი გეგმა კი კოსმოსში ორბიტულ სასტუმრო ”ნაუტილუსის” აგებას ითვალისწინებს. ეს სასტუმრო რამდენიმე გასაბერი მოდულისგან უნდა შეიქმნას, რომლებშიც ტურისტები და სასტუმროს პერსონალი განთავსდება. ეს იდეა საკმაოდ თამამად და რისკიანად მოჩანს, მაგრამ მას ზურგს NASA-ს მიერ ადრე დაწყებული და შემდეგ რატომღაც შეჩერებული კვლევები უმაგრებს.
”ნაუტილუსის” მოდულებს კოსმოსში დაკეცილი სახით აიტანენ. მისი კედლები მრავალშრიანი იქნება და ეს შრეები ელასტიური მასალისგან დამზადდება. კოსმოსში ატანის შემდეგ, მათ გაშლიან და აღჭურვავენ, ამის შემდეგ კი ის ჯერ პერსონალის, შემდეგ კი სტუმრების მისაღებად მზად იქნება.
”ბიგელოუ აეროსპეისს” თავისი სასტუმროს ცალკეული კვანძების და ელემენტების გამოცდა დაწყებული აქვს. მართალია, სხვადასხვა მიზეზების გამო, ტესტირების პროგრამა გრაფიკს ჩამორჩება, მაგრამ ბიგელოუ ირწმუნება, რომ საცხოვრებლად ვარგის პირველ მოდულს კოსმოსში 2015 წლამდე გაგზავნის.
ამ ეტაპზე, ”ბიგელოუ აეროსპეისის” ინჟინრები სამადგილიან მოდულ ”სანდანსერის” და ექვსადგილიანი BA-330-ს სრულმასშტაბიან მაკეტებს ქმნიან. სწორედ ამ მოდულებისგან უნდა აეწყოს ”ნაუტილუსი”, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე მოდული გაერთიანდება, ამ მოდულებს კი შეპირაპირების კვანძებიც დაემატება.
აღნიშნული მოდულების კოსმოსში ასატანად ან რაკეტა ”ატლას V-ს” გამოიყენებენ, ან კიდევ სრულიად ახალ მზიდ რაკეტა ”ფალკონ 9-ს”, რომელიც კოსმოსში პირველ ფრენას წელს შეასრულებს. წელსვე ”ბიგელოუ აეროსპეისი” რამდენიმე პროექტს განახორციელებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპლუატაციაში ახალი საწარმოს (A-3) გაშვებაა, რომლის ფართობიც 265 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სწორედ ამ საწარმოში ააგებენ კოსმოსურ აპარატებსა და კოსმოსური სასტუმროს მოდულებს.
კოსმოსური სასტუმროს მომსახურე პერსონალში ”ბიგელოუ აეროსპეისის” ასტრონავტები იმუშავებენ, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოებსაც შეასრულებენ. დანარჩენი სათავსები კი გაქირავდება. ამასთან, სასტუმროს მოდულებს სტუმრების რაოდენობის შესაბამისად დაუმატებენ.
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, კლიენტებს თავად ”ბიგელოუ აეროსპეისი” მოიზიდავს, თუ ის რომელიმე დიდ ტურისტულ კომპანიას დაიხმარს. სასტუმროს გარდა, ”ნაუტილუსი” ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც კინოპოლიგონი, სადაც სტუდიები ფილმებს გადაიღებენ.
თავისი გეგმების განსახორციელებლად, ”ბიგელოუ აეროსპეისი” აეროკოსმოსურ გიგანტ ”ბოინგთან” თანამშრომლობს, რომელთან ერთადაც, კერძო პილოტირებად კოსმოსურ სისტემებს შექმნის. ეს სამუშაო NASA-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც კოსმოსში კომერციული სატრანსპორტო მიმოსვლის აწყობას ითვალისწინებს. ამ პროგრამის მთავარ მიზანს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთების ატანა და პერსპექტივაში, ასტრონავტების აყვანა წარმოადგენს.
ამ პროგრამის ფარგლებში, NASA-ს 50 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი და ამ ფულს იმ კომპანიებს გადაუნაწილებს, რომლებიც ყველაზე რეალურსა და იაფ პროექტებს წარმოადგენენ. თუ ”ბიგელოუს” და ”ბოინგის” ტანდემი ამ გრანტის ნაწილს მიიღებს, მათ კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმის პირველი ეტაპის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.
კერძოდ, ბიგელოუ აცხადებს, რომ გასაბერი მოდულებისგან შემდგარი კოსმოსური სადგურების, ან სასტუმროების ტექნოლოგია მთვარეზე ანალოგიური ბაზის შესაქმნელადაც გამოდგება. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ასეთი მოდულებით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე დიდი ბაზის მოწყობაც შეიძლება. მართალია, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთვარის პროგრამა შეაჩერა, მაგრამ ბიგელოუ იხტიბარს არ იტეხს და ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ის მთვარეზე ბაზას შექმნის და შემდეგ მას სხვადასხვა მიზნით (სამეცნიერო-კვლევითი, ტურიზმის, ან კინოგადაღებებისთვის) გააქირავებს. აბა, ტყუილად ხომ არ დაუხარჯავს მას 180 მილიონი დოლარი...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123