Thursday, March 18, 2010

მზის სისტემას ფორთოხლისფერ ჯუჯასთან შეხვედრა ელის
18 მარტი


მართალია, ორი ვარსკვლავის ”პაემანის” ალბათობა 86%-იანია, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ - ეს დაახლოებით მილიონნახევარი წლის შემდეგაა მოსალოდნელი. ფორთოხლისფერ ჯუჯას სახელად ”გლაის 710” ჰქვია, მისი ტრაექტორია კი რუსმა ასტროლოგმა ვადიმ ბაბილევმა (სანკტ პეტერბურგის პულკოვოს ასტრონომიული ობსერვატორია) შეისწავლა.
ბაბილევის გათვლები ევროპულ ხელოვნურ თანამგზავრ ”ჰიპარკოსის” მიერ გადმოცემულ მონაცემებს ეყრდნობა. მათი გამოყენებით, მრცნიერმა უზუსტესი პარამეტრების მიხედვით, ათი წლის მუშაობის შედეგად, 100 000-ზე მეტი ვარსკვლავის მოძრაობა შეისწავლა და მათი ტრაექტორიები განსაზღვრა.

ჩატარებული სამუშაოს შედეგად, ბაბილევმა დაადგინა, რომ 100 000-დან მხოლოდ 150 ვარსკვლავია ისეთი, რომლებიც ოდესღაც მზის სისტემას მიახლოებიან და ოდესმე ისევ მიუახლოვდებიან. მათგან ყველაზე მეტად ცხრა ვარსკვლავი მოგვიახლოვდა, რომლებმაც მზის სისტემას წინა 2 მილიონი წლის განმავლობაში, 10 სინათლის წლის მანძილზე ჩაუარეს, ან მომდევნო 2 მილიონი წლის განმავლობაში ისევ ჩაუვლიან.
ამ ვარსკვლავბიდან კი ყველაზე საშიში ტრაექტორია ”გლაის 710-ს” აქვს. ბაბილევის გათვლებით, 1.45 მილიონი წლის შემდეგ, ეს ჯუჯა ვარსკვლავი ოორტ-ის ნისლეულს შეხვდება, რომელში შემავალ ყინულოვან ობიექტებთან შეჯახების შემდეგაც წარმოქმნილი მილიარდობით ნამსხვრევი, მზის სისტემაში შემოაღწევს და აქაურ პლანეტებს, მათ შორის, ჩვენსასაც დაბომბავს.
ცნობისათვის, იმ კომეტების უმეტესობა, რომლებიც პერიიოდულად დედამიწას უახლოვდება, სწორედ მაშინაა წარმოქმნილი, როდესაც ოორტ-ის ნისლეულს რომელიმე ვარსკვლავი ჩაუვლიდა. მაგალითად, 7.3 მილიონი წლის წინ, ვარსკვლავი სახელად ალგოლი, მზის სისტემას 8 მილიონი სინათლის სხივის მანძილზე მიუახლოვდა (ახლა ის ჩვენგან 93 მილიონი სინათლის სხივის მანძილითაა დაშორებული), რამაც ოორტ-ის ნისლეულში უამრავი კომეტის წარმოქმნა გამოიწვია.
მზიდან ოორტ-ის ნისლეულის უახლოეს რკალამდე მანძილი დაახლოებით ერთი სინათლის წელია. ”გლაის 710” კი ამჟამად ჩვენგან 63 სინათლის სხივის მანძილზეა. ჯუჯა ჩვენკენ 24 კმ/წმ სიჩქარით მოემართება. ამ ვარსკვლავის წონა მზის წონის 0.6-ს შეადგენს, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც ის მოგვიახლოვდება, პირველი კატეგორიის ვარსკვლავი გახდება. სავარაუდოდ, მისი ტემპერატურაც (რომელიც ამჟამად მზისაზე ნაკლებია), მზის დონეს მიაღწევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენთან მოახლოებისას, ”გლაის 710” ჩვენი ღამის ცის კაბადონზეც გამოჩნდება და მისი სიკაშკაშეც თანდათან მოიმატებს.
”გლაის 710-ის” მოახლოების კვალობაზე, მისი გრავიტაციული ველი სულ უფრო ინტენსიურად იმოქმედებს ოორტ-ის ნისლეულში შემავალი მილიარდობით სხეულის მოძრაობის ტრაექტორიაზე. ამის შედეგად, ბევრი მათგანი გეზს მზის სისტემისკენ აიღებს და მის პლანეტებს, მათ შორის ჩვენსასაც, ციურ რისხვად მოევლინება.
ბაბილევმა დაადგინა, რომ არსებობს მხოლოდ 0.01%-იანი შანსი იმისა, რომ ფორთოხლისფერი ჯუჯა მზის სისტემას ათასი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (50 000 ასტრონომიული ერთეული, დაახლოებით ერთი სინათლის წელს უდრის) მიუახლოვდეს. ეს თუ მოხდა, ის კოიპერის სარტყლზეც იმოქმედებს, რომელიც მზის სისტემას უშუალოდ ესაზღვრება და რომელშიც უამრავი პლანეტა მოძრაობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზის სისტემასთან ვარსკვლავების დაახლოება, პერიოდულად ჩვენს პლანეტასთან კომეტების შეჯახების გახშირების მიზეზი ხდებოდა, რის შედეგადაც, ცოცხალი არსებების არაერთი სახეობა სრულად განადგურდა.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123