თვითმავალი საბარგო ეტლით, ამერიკის კიდიდან კიდემდე
18 მარტი
74 წლის ამერიკელ ბიზნესმენ ბრიუს მეინარდს, ვინც ოდესღაც მარათონულ დისტანციებზე მორბენალი იყო, შეერთებული შტატების ტერიტორიის დიაგონალზე, შტატ ვაშინგტონიდან ფლორიდამდე ფეხით გადაკვეთა აქვს განზრახული. ის ამას მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე გააკეთებს, ბარგის სატარებლად კი მის მიერვე დამზადებულ თვითმავალ ეტლს გამოიყენებს, რომელიც მზის სხივების ენერგიაზე მუშაობს.
ამერიკის კონტინენტი სიგანეზე არაერთ ხელმარჯვე ოსტატს გადაულახავს მათ მიერვე გაკეთებული სატრანსპორტო საშუალებებით , რომლებიც ენერგიის წყაროდ მზის სხივებს იყენებენ. მაგრამ მეინარდს თავისი ეტლი მხოლოდ მოძრავ საბარგულად სჭირდება, რათა ბარგის თრევაზე ძალა არ დახარჯოს.
თავისი მოძრავი საბარგული მან საბავშვო ეტლის ბაზაზე დაამზადა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძირეულად გადააკეთა. მეინარდმა თავის ეტლს სემი დაარქვა. მან ის ელექტროძრავით და მზის ელემენტებით აღჭურვა. სხვათა შორის, მოძრაობის დროს, ამ ელემენტების დაფა ნაწილობრივ დაკეცილია, მაგრამ დასვენების დროს, მისი გაშლა შეიძლება და ამ დროს, ის უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.
სემი აღჭურვილია აკუმულატორების ბლოკით, კომპიუტერით, ფიჭური ტელეფონით, საკემპინგო მოწყობილობით (რომელშიც შედის კარავი და ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთი). მთელი ეს ავლა-დიდება კი 54 კილოგრამს იწონის. რა თქმა უნდა, თავისი თვითმავალი ურიკით, მოგზაური წყლისა და საკვების ტარებასაც შეძლებს.
”მოგზაურობის დროს, ბევრი ნივთის თან წაღება მსურდა, მაგრამ არ მინდოდა, რომ ამხელა ტვირთი ზურგით მეთრია. სწორედ ამიტომ შევქმენი სემი”, - ამბობს მეინარდი, ვინც იმედოვნებს, რომ თავისი უჩვეულო მოგზაურობის დროს, უამრავ ადამიანს გაიცნობს და იქნებ, ზოგიერთს დაეხმაროს კიდეც.
მეინარდს ექსპედიციის აპრლიში დაწყება სურს, მაგრამ მანამდე მუხლზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. სხვათა შორის, მას ადრე გულის შეტევა აქვს გადატანილი, მაგრამ ირწმუნება, რომ შესანიშნავ ფორმაშია და თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
No comments:
Post a Comment