
Friday, February 5, 2010


Thursday, February 4, 2010



Friday, January 29, 2010
კოსმოსური ქვემეხი თანამგზავრებს ოკეანის ფსკერიდან გაისვრის
28 იანვარი
ჟიულ ვერნს ბევრი ოცნება ჰქონდა, რომელთაგან კაცობრიობამ ზოგიერთი განახორციელა, ზოგს კი მომავალში განახორციელებს. მისი ერთ-ერთი ოცნებათაგანი, რომელიც ადამიანისთვის ჯერჯერობით მიუწვდომლად რჩება, ქვემეხის მეშვეობით კოსმოსში, უფრო კონკრეტულად კი მთვარეზე გაფრენაა.
მართალია, ამერიკელი ინჟინრები უკვე მუშაობენ ისეთი ქვემეხის შექმნაზე, რომლითაც კოსმოსში თანამგზავრის გაშვება შესაძლებელი გახდება, მაგრამ ამ გზით ადამიანის ვოიაჟი მაინც შეუძლებელი იქნება - გატყორცნის მომენტში იმდენად დიდი გადატვირთვა წარმოიქმნება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუძლებს. სამაგიეროდ, კოსმოსში ქვემეხის მეშვეობით სასარგებლო ტვირთის გაგზავნა უჩვეულოდ იაფი - კილოგრამი მხოლოდ 550 დოლარი (ეს სავარაუდო ფასია) დაჯდება.
ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი, კომპანია ”ქვიკლონჩის” ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი ჯონ ჰანტერი თვლის, რომ გიგანტური ქვემეხის მეშვეობით, კოსმოსში სასარგებლო ტვირთის გაგზავნა სრულიად რეალურია. ოღონდ, მის მიერ შედგენილი პროექტით, ქვემეხის ლულის სიგრძე 1.1 კილომეტრი უნდა იყოს.
უფრო მეტიც, ქვემეხის ლულა თითქმის მთლიანად წყალში მოთავსდება. ოღონდ, ის ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით იქნება დახრილი. მისი ქვედა ბოლო დაახლოებით 490 მეტრის სიმაღლეზე ”დაეკიდება” (დამხმარე ინფრასტრუქტურის მეშვეობით), მისი ზედა ბოლო კი ზღვის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ამოვა.

წყალშ ქვემეხის ლულის მოთავსება იმითაა ხელსაყრელი, რომ ასე, ის საკუთარი წონის გამო, არ გაიღუნება. ხმელეთზე კი ეს აუცილებლად მოხდებოდა. თანაც, წყალში დანადგარის ტრანსპორტირებაც გაცილებით იოლი იქნება და იაფიც დაჯდება.
ჟიულ ვერნს თავის ოცნებაში თავისი კოსმოსური ქვემეხის საწვავად დენთი წარმოედგინა. მაგრამ დენთის მუხტის გამოყენებით, სასურველი სიჩქარის მიღწევა შეუძლებელია (მუხტის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს). ამ საქმისთვის უფრო გამოსადეგი ეგრეთ წოდებული მსუბუქი გაზის ქვემეხებია, რომელშიც ჭურვს (თანამგზავრს) ბიძგს ჰელიუმი, ან წყალბადი აძლევს. სწორედ ასეთ ქვემეხზე მუშაობს კომპანია ”ქვიკლონჩი”.
უნდა ითქვას, რომ 1992-1995 წლებში, ჰანტერი ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ მსუბუქგაზიან ქვემეხ SHARP-ზე (სუპერ ჰაი ალტიტუდ რისერჩ პროჯექტ) ტარდებოდა.
ჰანტერის ქვემეხის მარტივი სქემა: 1. ჭურვი, 2. სარქველი, 3. წვის კამერა, 4. წყალბადით სავსე სივრცემაგრამ იმისათვის, რომ ჭურვის კოსმოსში გაშვება შესაძლებელი გახდეს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მაგალითად, ჰიპერბგერით სიჩქარეზე ჭურვის აეროდინამიკური მახასიათებლები, მასზე უზარმაზარი წნევის და ტემპერატურის ზემოქმედება და სხვა. ამიტომ, ჰანტერმა, უკვე ”ქვიკლონჩში” მუშაობისას, დანადგარს მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ჩაუტარა. მან უარი თქვა დგუშზე. ახალ სისტემაში, გაზი სპეციალურ კამერაში იწვის, რომელიც მეორე, წყალბადით სავსე კამერაშია მოთავსებული. კამერებს შორის სითბოს გაცვლა შიდას კედლების საშუალებით ხდება, რის შედეგადაც, წყალბადის ტემპერატურა, ცელსიუსით 1430 გრადუსს აღწევს. და როგორც კი წნევა საჭირო მაჩვენებელს მიაღწევს, სპეციალური სარქველი იღება და (წყალბადის) გახურებული გაზიჭურვს მილში (ლულაში) გააქანებს.
როგორც კი ჭურვი მილიდან გამოიტყორცნება, მყისიერად ამოქმედდება სპეციალური სისტემა, რომელიც მილს კეტავს და ამგვარად, იქიდან წყალბადის გამოსვლას უშლის ხელს. ამგვარად, მინიმუმამდე მცირდება სამუშაო ტანის (წყალბადის) დანაკარგები. გასროლის შემდეგ, ხდება წყალბადის გაგრილება და შეკუმშვა და მას მომდევნო ”გასროლისთვის” ამზადებენ.

ჰანტერის და მისი თანამშრომლების გათვლებით, ”ქვიკლონჩის” ქვემეხით შესაძლებელი იქნება, კოსმოსში 450-კილოგრამიანი აპარატების 6 კმ/წმ სიჩქარით გატყორცნა. მართალია, გასროლის დროს, ჭურვზე მოქმედი გადატვირთვა 5 000 g-ს აღწევს, მაგრამ დღეისათვის სრულიად შესაძლებელია მცირე ზომის თანამგზავრების დამზადება, რომელთა ელექტრონული სისტემებიც ასეთ გადატვირთვებს გაუძლებს.
ამასთან, კოსმოსში თანამგზავრების გარდა, მეცნიერებს გაცილებით მარტივი ტვირთის ატანაც ხშირად უწევთ. მაგალითად, ხშირადაა საჭირო პილოტირებადი მისიებისთვის წყლის და საჭმლის მარაგის შევსება, თანამგზავრებისთვის კი საწვავის მიწოდება.
ჭურვი კოსმოსში დახრილი ტრაექტორიით უნდა გაიტყორცნოს, თუმცა მისი გარე კედლები ძლიერ გადახურებას ვერ მოასწრებს, რადგან ის ატმოსფეროს, გატყორცნიდან დაახლოებით 100 წამში დატოვებს. და მაინც, ჰანტერი ფიქრობს, რომ ჭურვის გარე ზადაპირის თერმოიზოლაციური ფენით დაფარვა აუცილებელი იქნება.
ქვემეხით გაშვებული აპარატი პირველ კოსმოსურ სიჩქარეს ატმოსფეროსა და კოსმოსის ზღვარზე, 100 კილომეტრის სიმაღლეზე მიაღწევს. ამ დროს, ჭურვს ავტომატურად მოეხსნება გარე გარსი და მაშინვე ჩაირთვება მინიატურული სარაკეტო ძრავი.
ის, რომ ატმოსფეროსა და კოსმოსის ზღვარზე, ჭურვის სიჩქარე პირველ კოსმოსურ სიჩქარეს მიაღწევს, ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1966 წელს დაამტკიცეს, როდესაც ექსპერიმენტული სუპერქვემეხ HARP-ით გაშვებულმა ჭურვმა (სერია მარტლეტ-ი), გასროლის სიმაღლის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 180 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდი დღესაც უცვლელია.
HARP-ის ექსპერიმენტის დროს, ჭურვის წონა 84 კილოგრამს, მისი გარსის წონა კი 100 კილოგრამს იწონიდა. ლულიდან გამოტყორცნის მომენტში, მისმა სიჩქარემ 3.6 კმ/წმ შეადგინა. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ის იყო, რომ შექმნილიყო ქვემეხით კოსმოსური აპარატების გაშვების ქმედითუნარიანი მეთოდი. მაგრამ სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური მიზეზების გამო, აღნიშნული პროექტი ადრეულ ფაზაში შეჩერდა.
და მაინც, ჰანტერი გაჩერებას არ აპირებს. მალე ის თავისი დანადგარის სამმეტრიან პროტოტიპს წყლით სავსე აუზში გამოსცდის. სრულმასშტაბიანი დანადგარის აგებას კი, მისი თქმით, თუ ამისათვის აუცილებელი სახსრები (500 მილიონი დოლარი) გამოინახა, შვიდი წელი დასჭირდება.
Friday, January 22, 2010

Thursday, January 21, 2010

Friday, January 15, 2010

Wednesday, December 30, 2009
საჩუქრები, რომელთა ყიდვასაც ახალი წლისთვის ვერ შეძლებთ
30 დეკემბერი
ახალი წელი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ერთნაირად სასურველი დღესასწაულია, რომლისთვისაც ადამიანების უმეტესობა საჩუქრებს, ან იმ ნივთებს ყიდულობს, რომლის ყიდვაც დიდი ხანია, სურდა. საჩუქრით და ახალი ნივთის ყიდვით კი ყველა ცდილობს, რომ დამდეგ წელს სიახლით შეხვდეს.
მაგრამ არსებობს რაღაც-რაღაცეები, რომელთა შეძენასაც ვერ შეძლებთ, თუ ძალიან მდიდარი ადამიანის შვილი არ ხართ, რომელიმე წარმატებული კომპანიის აქციების სოლიდურ პაკეტს არ ფლობთ, ნავთობსაბადო არ გეკუთვნით, ან კი, შუა საუკუნეებში, ოკეანეში ჩაძირული გემი და მასზე არსებული განძი არ აღმოგიჩენიათ.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, ყოველწლიურად, სხვადასხვა კომპანიები ახალ შედევრებს ამზადებენ, რომლებზეც ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ თვალი თუ დარჩება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს შედევრები უსაშველოდ ძვირი ღირს. აბა, მსოფლიოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ”ბუგატი ვეირონს” შეიძენს, უფრო ძვირს ჯიბის ტელეფონში გადაიხდის. ან კი, სათამაშოში, თუნდაც არაჩვეულებრივში, ათეულობით ათას დოლარს გაანიავებს? რა თქმა უნდა, არა!
რაღა ბევრი გავაგრძელოთ და დღეს ისეთ ტექნოლოგიურ შედევრებს გაგაცნობთ, რომლებიც წელს შეიქმნა და რომლებსაც მხოლოდ ძალიან მდიდრები თუ შეიძენენ, ან, ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური სახით არსებობს. ესე იგი, რომლებსაც საახალწლოდ ვერც საჩუქრად იყიდით და ვერც საკუთარი სიამოვნებისთვის:
1. კანადურმა კომპანია ”ემპერორ უორკსტეიშნმა” კომპიუტერული თამაშების ფანატებისთვის არაჩვეულებრივი მოწყობილობა დაამზადა, რომელ(და არა თან)ზე დაჯდომისთანავე, ამ სათამაშოს ნაწილი ხდები და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მას თავი დაანებო და სხვა რამეზე გადაერთო.
ჯდებით სავარძელში და ”ემპერორი” მაშინვე მყარად გაფიქსირებთ. მოწყობილობას უამრავი საშუალება (მაგალითად, სამი მონიტორი) აქვს იმისათვის, რომ თავი თამაშის გარემოში იგრძნოთ. რბოლაში მონაწილეობთ? მაშინ შემხვედრი ჰაერის ნაკადსა და მოსახვევის დროს გადატვირთვებს იგრძნობთ. ნუ, ნებისმიერი ავარია ყოველგვარი ფატალიზმის გარეშე ჩაივლის, მაგრამ თუ ჯუნგლებში რაიმე მისიას ასრულებთ და გაგიწვიმდათ, თქვენც დასველდებით. მოკლედ, კანადურმა კომპანიამ ისეთი სათამაშო შექმნა, რომელიც სინამდვილესთან უამრავი ეფექტით მაქსიმალურად მიგაახლოებთ.
მაგრამ ეს სათამაშო რომ 40 000 დოლარი ღირს?..
2. სატერფულებიანი ორადგილიანი წყალქვეშა ნავი როგორ მოგწონთ, რომელსაც გამჭვირვალე კოკპიტი აქვს? მოისვით გვერდზე თანამგზავრი და ათვალიერეთ წყალქვეშა სამყარო. მაგრამ ასეთი რამ ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და ამ მინი სუბმარინს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება აქვს. პროექტი კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაამუშავეს. მისი ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ აპარატის წარმოების შემთხვევაში, მისი ღირებულება 30 000-70 000 დოლარის ფარგლებში მოექცევა. საკმაოდ ძვირია, მგრამ არა იმდენად, რამდენიც აჟამად არსებული მინი წყალქვეშები ღირს...
3. ”ბუგატი ვეირონ 16.4 გრან სპორტი” ყველაზე სწრაფი ღია ავტომობილია მსოფლიოში - მისი მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ-ს აღწევს. კომპანია მას მხოლოდ 150 ცალს დაამზადებს, რომელთაგან, 40-ზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. ამ ავტომობილს ყველაზე მიუწვდომელს კი ის გარემოება ხდის, რომ ის 1.4 მილიონი ევრო ღირს...
4. მობილური 3 მილიონ დოლარად. რა სისულელეა? ამ ტელეფონს ლივერპულელი სტიუარტ ჰიუზი 10 თვის განმავლობაში აკეთებდა. ოსტატმა ბაზისად ”აიფონ 3G” გამოიყენა, რომელიც 271 გრამი ოქროთი და 136 ბრილიანტით (სულ 68 კარატით) მოავარაყა. ჰოდა, თუ ასეა, მაშინ მართლა ღირებულა 3 მილიონი. მაგრამ, ვის რად უნდა ასეთი ტელეფონი? მუშტარი ალბათ ახლო აღმოსავლეთში, არაბულ სამყაროში გამოინახება...
Friday, December 25, 2009

Friday, December 11, 2009
+slung+beneath+White+Knight+Two1.jpg)
Thursday, December 3, 2009
”ვირჯინ გალაქტიკი” ხელოვნურ თანამგზავრებსაც გაუშვებს
კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკი” ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში პირველი დაიწყებს კოსმოსური ტურიზმის ბიზნესს. ახლახანს კი კომპანიის ხელმძღვანელობამ ხელოვნური თანამგზავრების გაშვების სურვილიც გამოთქვა. უფრო მეტიც, გამოცხადდა, რომ ”ვირჯინ გალაქტიკი” თანამგზავრების გაშვებას2013 ან 2014 წელს დაიწყებს.თანამგზავრების გაშვების პრინციპი იგივეა, რაც ტურისტული ფრენების შემთხვევაში - მზიდი თვითმფრინავი სახელწოდებით ”უაითნაით თუ”, ამ შემთხვევაში, კოსმოპლანის (სპეისშიპ თუ) ნაცვლად, ჰაერში თანამგზავრიან რაკეტას 15 კილომეტრის სიმაღლეზე აიტანს, სადაც მოხდება რაკეტის გათავისუფლება. ის ჰაერშივე აიღებს სტარტს და სასარგებლო ტვირთს დაბალ ორბიტაზე გაიყვანს.
რაკეტა ორსაფეხურიანია. პირველი საფეხური მზიდი თვითმფრინავიდან მოწყვეტის შემდეგ, სტარტის ასაღებადაა განკუთვნილი და მაშინვე სცილდება რაკეტის ძირითად ტანს, როგორც კი თავის მოვალეობას შეასრულებს. შემდეგ ირთვება მეორე საფეხური, რომელსაც თანამგზავრი, ან საკვლევი ლაბორატორია ორბიტამდე (400-800 კმ) გაჰყავს. როგორც კი მიზანს მიაღწევს, თანამგზავრი თავისუფლდება და დამოუკიდებელ ფრენას იწყებს, რაკეტის მეორე საფეხური კი ხმელეთზე ბრუნდება.
”ვირჯინ გალაქტიკში” უკვე შექმნილია ქვეგანყოფილება, რომელმაც ახალი მზიდი რაკეტა უნდა შექმნას და მისი ტესტირების შემდეგ, კლიენტებთან ურთიერთობა დაამყაროს. თუმცა, საკუთარი თანამგზავრების წარმოებას, ბრიტანელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია არ აპირებს. ბრენსონის განცხადებით, ერთი 50-კილოგრამიანი თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება შემკვეთს 1 მილიონი დოლარი დაუჯდება. ეს მაშინ, დღეს ეს 10 მილიონი ღირს.
თანამგზავრების ორბიტაზე გატანის საქმეში ”ვირჯინ გალაქტიკის” პარტნიორი არაბული საინვესტიციო კომანია ”ააბარი” გახდება, რომელმაც კოსმოტურიზმის საქმეში უკვე დააბანდა 280 მილიონი დოლარი და ამის სანაცვლოდ, ამ ბიზნესში 32-პროცენტიანი წილი მიიღო. თანამგზავრების ბიზნესში ”ააბარი” 110 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
”ვირჯინ გალაქტიკს” უკვე დაწყებული აქვს მსოფლიოში პირველ კერძო კოსმოდრომ ”სპეისპორტ ამერიკას” მშენებლობა, ფრენების მართვის ცენტრი კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარ ქალაქ აბუ დაბიდან განხორციელდება.
”შელი” პლანეტის უდიდეს გემს ააგებს
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობ და გაზმომპოვებელი, ენერგეტიკული და ნავთობქიმიური გიგანტი ”შელი” მეგახომალდის აგებას გეგმავს, რომელიც ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილ გემებს შორის უდიდესი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გემის წყალწყვა ამერიკულ ატომურ ავიამზიდ ”ნიმიცისაზე” თითქმის 6-ჯერ მეტი იქნება.