Thursday, February 4, 2010

ახალგაზრდა ძუძუმწოვართა სისხლი ხნიერებს აახალგაზრდავებს
Young Blood Reverses Signs of Aging in Old Mice
4 თებერვალი


ჰარვარდელმა მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს - მათ მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ ახალგაზრდა ცხოველების სისხლი, ხნიერებს აახალგაზრდავებს. ადრინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ახალგაზრდა და ხნიერები ცხოველების სისხლის შერევის შემთხვევაში, პირველს თითქოს ნაადრევი დაბერება ეწყებოდა. ამიტომ, ჰარვარდში ექსპერიმენტი პირიქით ჩაატარეს და საპირისპირო შედეგი მიიღეს.

ექსპერიმენტის დროს, ქირურგებმა ორი მღრღნელის სისხლძარღვები ერთ სისტემაში მოაქციეს. ამის შედეგად, ხნიერი ცხოველის სისხლს ახალგაზრდის შეერია, რომელმაც პირველის მოლეკულებსა და უჯრედებზე ზეგავლენა მოახდინა. დაკვირვების შედეგად, ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ ხნიერი ორგანიზმის სისხლის ღეროვანმა უჯრედებმა ნირი იცვალეს და ისეთი ქმედება დაიწყეს, რგორც ახალგაზრდა ორგანიზმში სჩვევიათ. მათი რაოდენობა შემცირდა. სამაგიეროდ, სისხლის სხვადასხვა ტიპის უჯრედებად გარდაქმნა მათ უფრო პროპორციულად იწყეს.
ასაკის ზრდასთან ერთად, ორგანიზმი უჯრედების თვითაღდგენის უნარს თანდათან კარგავს. ამის გამო კი, სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სისხლის ღეროვანი უჯრედების რაოდენობა იზრდება. სამაგიეროდ, მათ სისხლის უჯრედების პოპულაციის აღდგენის უნარი დაქვეითებული აქვთ. მნიშვნელოვნად მცირდება ეგრეთ წოდებული В ლიმფოციტების გამრავლება. არადა, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ვირუსებისა და სხვა პათოგენებისგან ორგანიზმის დაცვას. პარალელურად, იზრდება მიელოციტების გამრავლება, რომლებიც ანთებითი პროცესების განვითარებას უწყობენ ხელს.
ჟურნალ ”ნეჩურში” გამოქვეყნებულ სტატიაში, ჰარვარდელი მკვლევარები წერენ, რომ ახალგაზრდა სისხლის ღეროვანი უჯრედების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კუნთოვანი ქსოვილის ღეროვან უჯრედებზეც ანალოგიურად ზემოქმედებს. ყოველივეს შედეგად, მეცნიერებს გამოაქვთ დასკვნა, რომ ღეროვანი უჯრედების აღმდგენ თვისებაზე არამარტო დაბერების ბუნებრივი პროცესი ზემოქმედებს, არამედ ის გარემოც, სადაც ისინი არსებობენ.
ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ ახალგაზრდა სისხლის რომელი ნივთიერება ახდენს გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ხნიერი ორგანიზმის ღეროვან უჯრედებზე. თუმცა მეცნიერები ეჭვობენ, რომ ასეთი ზემოქმედება ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის (IGF-1) შედეგი უნდა იყოს. ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს არამხოლოდ ოსტეობლასტებზე, რომლებიც ძვლის ქსოვილს ქმნიან და სისხლის ღეროვან უჯრედებზე ზემოქმედებენ, ასევე კუნთოვანი ქსოვილის უჯრედებზეც.
ჯერჯერობით უცნობია, ახალგაზრდა სისხლს შეუძლია თუ არა ხნიერი ცხოველების გაჯანსაღება (იმუნური სისტემის გაძლიერების ხარჯზე) და უწყობს თუ არა ხელს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.
”ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ გზით, სისხლში ზოგიერთი დარღვევის გამოსწორება შეიძლება, რომლებიც ორგანიზმის დაბერების პროცესს უკავშირდება და ფაქტორები, რომლებიც ამას იწვევენ, ცხოველების სისხლში უნდა ვეძებოთ”, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ემი უეიჯერსი (სურათზე).
სტაუერსის ინსტიტუტის სამედიცინო კვლევების მეცნიერი ლინჰენ ლი, ვისაც ჰარვარდელთა კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა უნდა გაითვალისწინონ იმ ექიმებმა, რომლებიც ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტების შექმნით არიან დაკავებულნი.
”აუცილებელია არამხოლოდ მეტად საჭირო ღეროვანი უჯრედების შექმნა, არამედ მათი ქმედითუნარიანობის შემოწმებაც. გამოდის, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ღეროვან უჯრედებსაც კი, რომლებსაც ხნიერ ორგანიზმში მოვათავსებთ, არ გააჩნიათ აღმდგენი თვისებები, რაც ასე სჭირდებათ პაციენტებს და ექიმებს”, - ამბობს ლი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123