Friday, February 5, 2010

ფელიქს ბაუმგარტნერის მიზანი - ბგერის სიჩქარე თავისუფალი ვარდნით
Felix Baumgartner - Red Bull Stratos
5 თებერვალი

2010 წლის 22 იანვარს, ავსტრიელმა პილოტმა ფელიქს ბაუმგარტნერმა გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დაამყაროს მსოფლიო რეკორდი სიმაღლიდან პარაშუტით ხტომაში და თავისუფალი ვარდნისას, მიაღწიოს ბგერის სიჩქარეს. ამ მეტად სარისკო ხტომას სხვა დანიშნულებაც ექნება - გამოიცადოს ახალი ტიპის კოსმოსური სკაფანდრი.



ბაუმგარტნერი იმედოვნებს, მიაღწიოს სტრატოსფეროს ზედა ფენებს სულ მცირე 36 576 მეტრის სიმაღლეზე სპეციალური კაფსულით, რომელსაც სტრატოსფეროში ჰელიუმის საჰაერო ბურთით აიტანენ. ბაუმგარტნერის სარეკორდო გადმოხტომას სპონსორობას ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბული” გაუწევს.
ბაუმგარტნერი, რომელსაც დაიცავს სრულწნევიანი ”კოსმოსის სამოსი”, შეასრულებს თავისუფალ ვარდნას, რომლის დროსაც, მისი სიჩქარე 1.0 მახს - 1104 კმ/სთ-ს (ბგერის სიჩქარეს) გადაააჭარბებს, მერე კი პარაშუტით დაეშვება მიწაზე. წარმატების შემთხვევაში, ”რედ ბულ სტრატოსის” მისია იმედოვნებს, რომ ბაუმგარტნერი ოთხ რეკორდს დაამყარებს. მისიას მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები დააკვირდებიან, რომლებიც მოპოვებული მონაცემებით, კოსმოსის უსაფრთხოების სფეროში ახალი სტანდარტების შემუშავების და ადამიანის კოსმოსში ფრენის გაზრდილი შესაძლებლობების დაპირებას იძლევიან.



აშშ-ის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა ჯოზეფ კიტინჯერმა, რომელმაც 1960 წელს სტრატოსფერული ნახტომი 31 333 მეტრის სიმაღლიდან შეასრულა, რამაც კარი გაუხსნა კოსმოსის გამოკვლევას და რომლის რეკორდის მოხსნასაც მიზნად ისახავს ბაუმგარტნერი, ავსტრიელი პილოტი მედიას ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა.
”ადამიანები 50 წლის მანძილზე ცდილობდნენ ჩემს მიერ დამყარებული რეკორდის მოხსნას და ბევრი მათგანი ამ მცდელობის დროს დაიღუპა”, - განაცხადა კიტინჯერმა. ”მაგრამ, მე მწამს, რომ ჩვენი მისიის უნიკალური და ექსტრაორდინარული გუნდის, ”რედ ბულის” მოწადინებისა და ფელიქს ბაუმგარტნერის გამორჩეული უნარების საშუალებით, ”რედ ბულ სტრატოსი” წარმატებას მიაღწევს”.
კიტინჯერმა, ბაუმგარტნერმა (რომელიც ცნობილია, როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც 2003 წელს ინგლისის არხს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ფრთებით გადაუფრინა), ”რედ ბულ სტრატოსის” სამედიცინო დირექტორმა ჯონათან კლარკმა და პროექტის ტექნიკურმა დირექტორმა არტ თომპსონმა მოამზადეს მისიის პროგრამა, რომელიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ამერიკაში 2010 წელს ამოქმედდება.
”ეს არის ნაბიჯი გაურკვევლობისკენ. არავის შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს, თუ როგორი რეაგირება ექნება ადამიანის სხეულს ზებგერითი სიჩქარის პირობებში”, - განაცხადა ბაუმგარტნერმა, ვისაც ხშირად უშიშარ ფელიქსად და ცის ღმერთადაც მოიხსენიებენ. ”მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. სამომავლო კოსმოსური პროგრამებისათვის საჭიროა, მოინახოს ის გზა, რომელიც დაეხმარება პილოტებსა და ასტრონავტებს, შეინარჩუნონ უსაფრთხოება დიდ სიმაღლეზე გაუთვალისწინებელი სიტუაციის დროს”.
კლარკმა დაადასტურა, რომ მისიის შედეგად მოპოვებულ მონაცემებს გაუზიარებენ მეცნიერებს შემდგომი კვლევებისთვის. გარდა ამისა: ”ვფიქრობ, ”რედ ბულ სტრატოსის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი იქნება შთაგონება ახალგაზრდებისათვის. ის, რასაც ფელიქსი აკეთებს, მოგვაგონებს ასტრონავტებისა და კოსმონავტების პირველ ნაბიჯებს”, ამბობს კლარკი.
”რედ ბულ სტრატოსმა” უზრუნველყო სპეციალური ტექნიკური კომუნიკაციები ”რიდლ კომუნიკეიშნზის” დახმარებით, რომელიც ხელს შეუწყობს მისიის გაშუქებას პირდაპირი ეთერით. გარდა ამისა, მისიას ”მაიკროსოფტი” ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში გადმოსცემს. პარარელურად, მისიის ნახვა შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონის პლატფორმაზე, მობილური აპლიკაცია-პროგრამის საშუალებით, რომელსაც ”ნოკია” უზრუნველყოფს. დაბოლოს, გლობალური მაუწყებელი ბიბისი მოამზადებს 90-წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენებენ.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123