Friday, February 19, 2010

V-STAR-ი - საჰაერო ”ჰამვი” ამერიკული ჯარისთვის
V-STAR
19 თებერვალი

ამერიკული აეროკოსმოსური კომპანია ”ფრონტლაინ აეროსპეისი” უნივერსალურ უპილოტო მფრინავ აპარატ V-STAR-ს ქმნის, რომელმაც მომავალში იგივე მოვალეობები უნდა შეასრულოს, რაც დღეს ამერიკულ ჯარში ლეგენდარულ ყველგანმავალ ”ჰამვის” აკისრია”.

”ფრონტლაინ აეროსპეისის” შეფი რაიან ვუდი თავისი კომპანიის კონცეპციას საჰაერო ტრანსფორმერს უწოდებს და ამის სრული საბაბი აქვს - აპარატი ჰაერში ვერტმფრენივით, ვერტიკალურად ადის, შემდეგ კი თვითმფრინავივით შეუძლია ფრენა. ამას კი მას შემდეგ ახერხებს, რაც ფრთები ავტომატურ რეჟიმში იცვლის კონფიგურაციას. რაც მთავარია, V-STAR-ს მრავალი საბრძოლო დავალების შესრულება შეუძლია და ამას პილოტის გარეშე ახერხებს.

”შემიძლია განვაცხადო, რომ V-STAR-ი საჰაერო ”ჰამვია”. მას სამხედრო-საბრძოლო ლოგისტიკაში რევოლუციური სიახლეების შეტანა შეუძლია, ასრულებს სამხედრო, სადაზვერვო და სატრანსპორტო მოვალეობებს როგორც ფრონტზე, ასევე წინა ხაზზე და მებრძოლი ქვედანაყოფების ზურგში”, - ამბობს რაიან ვუდი.
რა თქმა უნდა, ”ჰამვისთან” შედარება V-STAR-ის უნივერსალურობას გულისხმობს. ”ჰამვი” ჯარისთვის შეუცვლელი მანქანაა (თუმცა ახლახანს პენტაგონმა მასზე შეკვეთები შეწყვიტა და მალე მის შემცვლელ ახალ საბრძოლო-სატრანსპორტო მანქანას შეარჩევს). ის გამოიყენება არამხოლოდ ჯარისკაცების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად, არამედ ასევე მსუბუქი იარაღის და დაზვერვის სისტემების პლარფორმად და ასევე მეკავშირე მანქანად. მას არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

V-STAR-ის გამოყენებაც სწორედ იგივე მიზნებისთვისაა შესაძლებელი. მას ყველა იმ ამოცანის შესრულება შეუძლია, რასაც დღეს ”ჰამვი” ასრულებს. და თან, ამას საჰაერო გზით, პილოტის დაუხმარებლად გააკეთებს. ამიტომ, მისთვის სულერთია, რა ადგილზეა მისატანი ტვირთი.
უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის უნივერსალური საფრენი აპარატების შექმნაზე ბევრი კომპანია მუშაობს და ზოგიერთ მათგანს საფრენი გამოცდებიც კი ჩაუტარდა (V-STAR-ის პროტოტიპიც უკვე გადის ტესტირებას), მაგრამ ”ფრონტლაინ აეროსპეისში” მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მათი აპარატია ისეთი, რომელმაც შეიძლება პენტაგონი დააინტერესოს. მათი განცხადებით, ”V-სტარი” ყველაზე სწრაფი საფრენი საშუალებაა იმ უპილოტო საჰაერო მანქანებს შორის, რომლებსაც ვერტიკალური აფრენა შეუძლია.

სახელ V-STAR-ში V წარმოდგება აბრევიატურიდან VTOL, რომლითაც ვერტიკალური აფრენისა და დაშვების უნარის მქონე საფრენ საშუალებებს აღნიშნავენ. თავის მხრივ, VTOL (ვერტიკალ ტეიკ ოფ ენდ ლენდინგ) ვერტიკალურ აფრენას და დაშვებას ნიშნავს. რაც შეეხება სიტყვა ”სტარს”, ესეც აბრევიატურაა სიტყვებისა ”სუიფტ ტაქტიკალ აერიალ რესურს”, ანუ სწრაფი ტაქტიკური საჰაერო საშუალება. ამ ”საშუალებას” შეუძლია წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს მიაწოდოს როგორც საბრძოლო მასალა, ასევე საკვები, წყალი, დაზიანებული მანქანებისთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილები, შეასრულოს საბრძოლო და სადაზვერვო დავალებები.
”ფრონტლაინ აეროსპეისის” მონაცემებით, V-STAR-ის მაქსიმალური სიჩქარე 533 კმ/სთ-ს მიაღწევს, რაც დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ვერტმფრენის, ”სიკორსკი X2-ის” მაქსიმალურ სიჩქარეზე მეტია.

ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფრენებისთვის, ”V-სტარ-ს” ორი ხრახნი ემსახურება. ვერტიკალურ აფრენას უზრუნველყოფს აპარატის კორპუსში მოთავსებული დიდი ხრახნი (ვენტილატორი), რომელსაც ორი, ერთმანეთის საპირისპიროდ მბრუნავი ფრთების სისტემა აქვს. ჰორიზონტალური ფრენისთვის კი კუდში ჩამონტაჟებული ვენტილატორი ირჯება. ორივე ხრახნი რგოლშია მოთავსებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას V-STAR-ის ფრთები, უფრო სწორედ კი ფრთების რთული სისტემა იმსახურებს, რომლის მსგავსიც ჯერ არავის შეუქმნია. ამ სისტემას თუ ზემოდან დავხედავთ, მას რომბის ფორმა აქვს. თუმცა, ფრთები სხვადასხვა სიბრტყეში მდებარეობს, წინა და უკანა ფრთებს კი ერთმანეთთან ვერტიკალური ფირფიტა-ელერონები აკავშირებს. ქვედა ფრთას, ამ ვერტიკალური ფირფიტის იქითაც აქვს გაგრძელება, რომელიც ორი პატარა ჰორიზონტალური ელერონისგან შედგება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ისინი იკეცება და ფრთების სისტემაც ვერტიკალურ ფირფიტასთან მთავრდება. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც აპარატს სწრაფი ფრენა სჭირდება. მანევრირებისას, ან დიდი ტვირთის ტარებისას, ჰორიზონტალური ფირფიტები (ორივე, ან თითო) იხსნება და ფრთის ფართობს ზრდის.
უნივერსალური უპილოტო აპარატის მაქსიმალური ასაფრენი წონა 1.07 ტონაა, და მას 181 კილოგრამი სასარგებლო ტვირთის გადატანა შეუძლია. ტვირთი მანქანის სიმძიმის ცენტრის სიახლოვეს თავსდება. ასე რომ, მისი გადატანისას, ის ჰაერში ისეთივე მდგრადია, როგორც ტვირთის გარეშე.
”ფრონტლაინ აეროსპეისის” სპეციალისტების გათვლებით, თითქმის სრულად დატვირთული V-STAR-ის ფრენის სიშორე 1215 კილომეტრს აღწევს, მაგრამ თუ ტვირთის წონა 14 კილოგრამზე მეტი არ იქნება, უწყვეტი ფრენის მანძილი თეორიულად, 5560 კილომეტრამდეც კი შეიძლება გაიზარდოს.
ამ მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია V-STAR-ის სადაზვერვო ვერსიის, ISTAR-ის შექმნა (ინტელიგენს სარვეილანს ტარჯეტ აქვიზიშნ რეკონაისენს, ანუ დაზვერვა, თვალთვალი, დამიზნება და ძებნა), რომელსაც არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო მიზნებისთვისაც გამოიყენებენ. კომპანიის განცხადბით, 50-კილოგრამიანი ტვირთით, ISTAR-ი ფრენას მინიმუმ 19 საათის განმავლობაში შესძლებს.
რა თქმა უნდა, ეს არაფერია იმ დროსთან შედარებით, რომლის განმავლობაშიც, ფრენა ზოგიერთ სადაზვერვო აპარატს შეუძლია. არსებობს ექსპერიმენტული ეგზემპლარები, რომელთა უწყვეტი ფრენის ხანგრძლივობა 5 წელიწადს აღწევს. მაგრამ მათი სიჩქარე გაცილებით ნაკლებიცაა, ვიდრე V-STAR-ისა. ამასთან, ”ფრონტლაინ აეროსპეისის” განცხადეით, ვერტიკალურად ”დაკიდების” მდგომარეობიდან, სწრაფი ტემპის აკრეფას, მათი აპარატი მყისიერად მოახერხებს.
ჰო მართლა, ”ფრონტლაინ აეროსპეისმა” თავისი უნივერსალური საბრძოლო-სატრანსპორტო აპარატისთვის ”როლს როისის” ძრავი (მოდელი 250) შეარჩია, რომელსაც 750 ცხენის ძალამდე სიმძლავრის განვითარება შეუძლია. არადა, მისი წონა სულ რაღაც 120 კილოგრამია. თუ V-STAR-ი ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს, ”მოდელი 250” რეალური ძრავია, რომელიც 170 სხვადასხვა კონსტრუქციის ვერტმფრენს, მსუბუქ თვითმფრინავსა და უპილოტო საფრენ საშუალებას ამოძრავებს. მათ შორისაა V-STAR-ის უშუალო კონკურენტი - ახალი საბრძოლო ვერტმფრენი-რობოტი ”ფაია სკაუტი”. დღეისათვის, ”როლს როის 250” 15 000 ცალ საფრენ აპარატზე მუშაობს. ასე რომ, ის მეტად საიმედო ძრავია. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს აგრეგატი მცირე საექსპლუატაციო ხარჯებითაც მიმზიდველია.
”ფრონტლაინ აეროსპეისის” პროექტი V-STAR-ზე ორი 250-ის გამოყენებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი აპარატის წინა ნაწილში მდებარეობს, მეორე კი - კუდში. ამასთან, მათ ერთმანეთთან სატრანსმისიო კვანძი აკავშირებს. ასე რომ, ერთ-ერთის დაზიანების შემთხვევაში, აპარატი ფრენას მაინც გააგრძელებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ძრავი ერთდროულად მხოლოდ ვერტიკალური აფრენისას იმუშავებს. ჰორიზონტალური ფრენისას კი წინა აგრეგატს ”დასვენების” საშუალება ეძლევა, რითაც საწვავიც იზოგება.
სხვათა შორის, V-STAR-ისთვის ”ფრონტლაინ აეროსპეისს” კიდევ ერთი სიახლე აქვს დაპროექტებული. ესაა თბოგამცვლელი-რეკუპერატორი (მიკროფაია), რომელიც გამობოლქვილი ჰაერის სითბოს აგროვებს და მისი მეშვეობით, წვის კამერაში მიწოდებულ საწვავ ნარევს ახურებს. თავის მხრივ, ამით ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი იზრდება, რაც მის ეკონომიურობას (დაახლოებით 40 პროცენტით) აუმჯობესებს.
V-STAR-ის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონი დოლარია, ამ აპარატის წარმოება კი შესაძლოა, წელს დაიწყოს.

1 comment:

  1. zalain momewona saiti, kargi postebi gaq. skypeshi momwere tornike-data
    ragac saqme maq shentan :)

    ReplyDelete

მთვლელი 123