Friday, January 22, 2010

ევროპელები კოსმოსური ელექტროსადგურის აშენებას აპირებენ
21 იანვარი

დიდი ხანია, მსოფლიო მეცნიერები კოსმოსში ელექტროსადგურის აშენების პერსპექტივას განიხილავენ. ამ საქმეში ყველაზე მეტად, ამერიკელები და იაპონელები აქტიურობენ, თუმცა საქმეში უკვე ევროპელებიც ჩაებნენ - ამიერიდან, კოსმოსური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე მუშაობას ევროპული ასეროკოსმოსური კომპანია ”EADS ასტრიუმიც” იწყებს.

კოსმოსური ელექტროსადგურების მშენებლობა რიგი ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარებას მოითხოვს, რომელთაგან მთავარი ისაა, თუ როგორ მოხდება ენერგიის ორბიტული სადგურიდან ხმელეთზე გადმოცემა. ასეთ ელექტროსადგურებს უამრავი დადებითი თვისება ექნება, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მათი მშენებლობა მეტისმეტად ძვირი დაჯდება და სერიოზული ინფრასტრუქტურის შექმნა დასჭირდება.
ამერიკელები პირველი კოსმოსური ელექტროსადგურის ამოქმედებას 2016 წელს გეგმავენ და იქიდან მიღებული ენერგიით, ფრესნოს რეგიონს მოამარაგებენ. სისტემის სავარაუდო სიმძლავრე 200 მეგავატია.
ერთი წლით ადრე, იაპონელები კოსმოსში სადემონსტრაციო აპარატს გაუშვებენ, რომელიც ხმელეთზე არსებულ მიმღებ სადგურს 100 კილოვატი ელექტროენერგიით მოამარაგებს. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი საფეხურია მეგაპროექტისა, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნისთვის, 2030 წლისთვის, სრულფასოვანი ელექტროსადგურის ამოქმედებას ითვალისწინებს. ამ სადგურის სიმძლავრე 1 გიგავატი იქნება.
ამათგან განსხვავებით, ”EADS ასტრიუმის” სპეციალისტები, კოსმოსური ტექნოლოგიის განვითარების ტემპების შესახებ, უფრო თავშეკავებულ პროგნოზებს აკეთებენ. ისინი თავიანთ კონკრეტულ გეგმებს ჯერ არ აქვეყნებენ. სამაგიეროდ, ამ პერსპექტიულ საქმეში მონაწილეობისთვის, პარტნიორებს ეძებენ, რომლებთან ერთადაც, ევროპული აეროკოსმოსური კომპანია, ექსპერიმენტულ აპარატს ააგებს და გამოსცდის.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელები ენერგიის ხმელეთზე გადასაცემად, ზემაღალი სიხშირის ტალღების გამოყენებას აპირებენ, იაპონელებს ჯერაც არ აურჩევიათ, არჩევანი მიკროტალღებზე გააკეთონ, თუ ლაზერზე, ევროპელები კი ამისათვის ინფრაწითელ ლაზერულ სხივს გამოიყენებენ.
ასევე ასარჩევია ლაზერის გამომსხივებლის და მიმღების კონსტრუქციები. ამასთან, გამომსხივებელი მაქსიმალურად მძლავრი, მსუბუქი და მარტივი კონსტრუქციის უნდა იყოს. ენერგიის ეფექტურად გადაცემისთვის კიდევ ორი პრობლემაა გადასაწყვეტი.
ჯერ ერთი, სხივი მაქსიმალურად ფოკუსირებული უნდა იყოს, რათა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი გამოვიდეს და ხმელეთამდეც გადმოცემული ენერგიის დიდმა ნაწილმა მოაღწიოს. მეორე მხრივ, ვერანაირი ტექნოლოგია ვერ გამორიცხავს იმას, რომ დროდადრო, შეიძლება სხივის გადახრა მოხდეს. ასეთ შემთხვევებში, მან მიმღები სადგურის ინფრასრუქტურა არ უნდა გაანადგუროს.
კომპანია ”ასტრიუმის” ტექნიკური დირექტორი რობერტ ლეინი ამბობს, რომ მისი კომპანია უახლოეს ხუთ წელიწადში დაამზადებს ექსპერიმენტულ თანამგზავრს, რომელიც კოსმოსიდან ხმელეთზე 10-20 კილოვატი ელექტროენერგიის გადმოცემას შეძლებს. მისი თქმით, ამ ექსპერიმენტით, შესაძლებელი იქნება იმის დამტკიცება, რომ კოსმოსიდან ელექტროენერგიის ხმელეთზე ეფექტურად გადმოცემა რეალურია.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123