7 თებერვალი
ამერიკული ჯარის განკარგულებაში, მალე მართვადი ტყვიები გამოჩნდება, რომლებიც მიზანს ლაზერული სხივის დახმარებით მიაღწევენ. პენტაგონის დაკვეთით, ასეთი იარაღის პროტოტიპი კორპორაცია „სანდიას“ (კომპანია ლოკჰიდ მარტინს ეკუთვნის) ეროვნულ ლაბორატორია „სანდიას“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ტყვია ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს, თუმცა ლაბორატორიაში ჩატარებულმა ცდებმა და კომპიუტერულმა მოდელირებამ ცხადყო, რომ ის სრულიად განხორციელებადია.
ტყვია ფაქტობრივად თვითდამიზნებადია. მას ხელის გლუვლულიანი იარაღიდან ისვრიან. ჭურვის წვერში ოპტიკური სენსორი, ტანში კი ელექტრონული სისტემა და კვების ელემენტია განლაგებული. ტყვიის ტანშივე ჩაატიეს ელექტრომაგნიტური აქტუატორი, რომელიც ძალიან თხელ ფრთებს მართავს. პროექტის ავტორთა განცხადებით, მათ მიერ შემუშავებულ ჭურვს, 2 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამიზნის განადგურება შეუძლია.
პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს კომპიუტერული სიმულატორი, რომელიც რეალურ პირობებთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. მასზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ ტყვიას, ერთი კილომეტრის მანძილზე ფრენისას, მიზნამდე შეიძლება 9 მეტრის ცდომილება ჰქონდეს. ლაზერით მართვადი ტყვიის ცდომილება კი მხოლოდ 0.2 მეტრია. თუმცა ჯერჯერობით, ახალი ტყვიის ბალისტიკური შესაძლებლობები რეალურ პირობებში არ გამოუცდიათ.
პირველი ცდების დროს, ის მიკრო–მოწყობილობები შეამოწმეს, რომლებიც ტყვიის მართვას უზრუნველყოფს. ამისათვის, ტყვიის ძირში მოათავსეს შუქდიოდი, რომელიც მანამ ანათებს, სანამ მოწყობილობა მთელია და მუშაობს. საველე ტესტებმა გამოავლინა, რომ ელექტრონიკა გასროლის დროს წარმოქმნილ დამრტყმელ ძალას უძლებს და გამართულად მუშაობს.
სხვათა შორის, მცირეკალიბრიან ჭურვებში სამართავი აპარატურის ინტეგრაცია არცთუ დიდი ხნის წინ, მიუღწევად ამოცანად რჩებოდა. მთავარ პრობლემას ტყვიის მაღალი კუთხური სიჩქარით ბრუნვა წარმოადგენდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ელექტრონული მოწყობილობის შესამსუბუქებლად, „სანდიას“ ლაბორატორიის სპეციალისტებმა უარი თქვეს კუთხვილ ლულიან იარაღზე. გლუვ ლულიანი იარაღიდან გამოტყორცნილი ტყვია გაცილებით მცირე ტემპით ბრუნავს, რის გამოც, მისი მართვა გამარტივებულია. ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ, მყისიერად ამოქმედდება ელექტრონული სისტემა, რომელიც მართვის ელემენტებს (ფრთებს) ბრძანებებს წამში 30–ჯერ აძლევს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ფრენის პროცესში, ტყვია მუდმივად დამიზნებული იყოს და გადახრის შემთხვევაში, ის სწორ ტრაექტორიას დაუბრუნდეს.
პირველი ცდების დროს, ტყვიის სიჩქარემ წამში 732 მეტრს მიაღწია. თუმცა ლაბორატორიის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სიჩქარის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლიათ. ერთი ცდა დახურულ შენობაშიც ჩატარდა, რომელსაც მაღალსიჩქარიანი ვიდეოკამერით იღებდნენ. ჩანაწერში ჩანდა, რომ ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ, ტყვია არასწორი ტრაექტორიით, ხან ერთ მხარეს მიემართებოდა, ხან – მეორე მხარეს. მაგრამ მალე ტრაექტორია სწორდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორ მანძილზე სროლისას, ტყვიის სიზუსტე არ უარესდება. უფრო მეტიც, რაც უფრო შორსაა სამიზნე, ტყვიის სიზუსტეც უფრო მატულობს, რადგან კორექტირებისთვის მეტი დროა და ელექტრონიკა თავის საქმეს უფრო ზუსტად ასრულებს.
No comments:
Post a Comment