A Roller Coaster That'll Leave You Weightless for Eight Long Seconds
7 თებერვალი
დღეისათვის, მსოფლიოში უსწრაფესი როლერ ქოსტერი (ეგრეთ წოდებული ამერიკული გორაკები), სახელად „ფორმულა როსა“, აბუ დაბიში, „ფერარის“ მსოფლიო გასართობ ცენტრში მოქმედებს. ის იტალიური კომპანიის მონაწილეობით შეიმუშავეს და რა თქმა უნდა, მისი ვაგონები „ფერარის“ ფორმულა ერთის ბოლიდებს მოგაგონებთ, მათზე გასეირნებით კი მძაფრი შეგრძნებები გარანტირებული გაქვთ.
მაგრამ შესაძლოა, მალე ამაზე გაცილებით ექსტრემალური ატრაქციონიც შეიქმნას – სამხრეთ კალიფორნიაში ბაზირებულმა სადიზაინერო ფირმა „BRC იმეჯინეიშნ არტსმა“ შეიმუშავა პროექტი, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფი ატრაქციონის შექმნას ითვალისწინებს. ის გაბედულები, რომლებიც მასზე განავარდებას გარისკავენ, 8 წამის განმავლობაში, უწონადობის შეგრძნებით ისიამოვნებენ.
სხვათა შორის, „BRC იმეჯინეიშნ არტსი“ იმითაა ცნობილი, რომ მისი პროექტით შეიქმნა ექსტრემალური ატრაქციონი, სახელად „შატლ ლონჩ იქსპერიენს“, რომელსაც NASA ასტრონავტების სავარჯიშოდ, სიმულატორად იყენებს. დანადგარი „ვომიტ კომეტის“ (ღებინების კომეტა) სახელითაცაა ცნობილი. ამ სიმულატორის თავისებურება ისაა, რომ კაპსულა ძალიან დიდ სიმაღლეზე აჰყავს და იქიდან ის უკუსვლით უბრუნდება საწყის პოზიციას. ამ დროს, მისი მგზავრები უწონადობას გრძნობენ.
ახალი პროექტის კოდური სახელწოდებაა „ზერო გრავიტი როლერ ქოსტერი“ (ნულოვანი მიზიდულობის როლერ ქოსტერი), საიდანაც ჩანს, რომ მასში მყოფ „მგზავრებს“ უწონადობის შეგრძნება შეეძლებათ. ატრაქციონში „ვომიტ კომეტისა“ და ჩვეულებრივი როლერ ქოსტერების თვისებები იქნება გაერთიანებული. კერძოდ, კაპსულა, რომელსაც კოსმოსური ხომალდის ფორმა ექნება, დიდ სიმაღლეზე (მწვერვალზე) ავა, მაგრამ იქიდან უკან კი არ დაბრუნდება, არამედ მწვერვალის მეორე მხარეს დაეშვება.
„ზერო გრავიტი როლერ ქოსტერის“ კაპსულაში 6–16 მგზავრი მოთავსდება, რომლებიც პირით მოძრაობის მიმართულებით დასხდებიან. რა თქმა უნდა, სავარძლებზე მათ უსაფრთხოების ღვედებით მიაბამენ. კაპსულა–ვაგონი დახურული იქნება. ასინქრონული ძრავი, ამ კაპსულას 160 კმ/სთ–მდე გააქანებს. ცნობისათვის, „ფორმულა როსას“ მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ–ს აღწევს, თუმცა სიმაღლის ამპლიტუდა კალიფორნიულ როლერ ქოსტერს გაცილებით მეტი ექნება.
ძრავის დახმარებით, კაპსულა მწვერვალს მიაღწევს, საიდანაც თითქმის თავისუფალი ვარდნით დაეშვება. პიკის მიღწევისა და იქიდან დაშვების პროცესში, მოძრაობას კომპიუტერი გააკონტროლებს. თანაც ისე, რომ „მგზავრებმა“ უწონადობა შეიგრძნონ.
„BRC იმეჯინეიშნ არტსის“ დირექტორ ბობ როჯერსის თქმით, „ზერო გრავიტი როლერ ქოსტერის“ ასაგებად, 50 მილიონი დოლარია საჭირო. თუ ინვესტორი დღესვე გამოჩნდება, ატრაქციონის ამოქმედება 2013 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment