Wednesday, December 7, 2011

მოდულური სახლი ოთახების 64 კომბინაციის საშუალებას იძლევა

Modular housing concept boasts 64 possible combinations
7 დეკემბერი
იტალიელმა დიზაინერმა გაბრიელ არამუმ შეიმუშავა მოდულური სახლის კონცეპცია, რომელიც ოთახების უამრავი კომბინაციის შემუშავების საშუალებას იძლევა. ავტორმა თავის კონცეპციას უცნაური სახელი – „სლაიდინგ ჰაბ“ (მოსრიალე თავშესაყარი) უწოდა.

კონცეპცია ძალიან მარტივია. ის ასაწყობია და მისი ძირითადი ელემენტები კუბის ფორმის მსუბუქი სტრუქტურებია, რომელთა შეერთებითაც, ოთახების სხვადასხვა კომბინაციის მიღება შეიძლება. ასეთი სტრუქტურა კი მისწრებაა დროებითი შენობებისთვის, როგორებზეც სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროს (სტიქიები, ლტოლვილთა დაბინავება და სხვა), მოთხოვნილება მკვეთრად იზრდება.
იმ შემთხვევაში კი, თუ დროებითი თავშესაფრის საჭიროება მოიხსნა, შენობის დაშლა და სხვა ადგილზე გადატანა პრობლემას არ წარმოადგენს. ადგილზე მიტანისთანავე კი ასევე ადვილად ააწყობენ. ამასთან, ასეთი დროებითი შენობები შეიძლება აიწყოს როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე ოჯახებისა და ლტოლვილთა დიდი ჯგუფებისთვის. ყოველი მოდული მოიცავს იზოლაციას, რაც მას ნებისმიერ ამინდში გამოსადეგს ხდის. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოდულები საცხოვრებლად საკმაოდ კომფორტულია.
მოდულების დაკავშირება ფოლადის გასამაგრებელი სტრუქტურებით ხდება. ერთმანეთთან მათი დაკავშირების შედეგად, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის დროებითი საცხოვრებლის, ან ოფისის აგებაა შესაძლებელი. პროექტის ავტორის თქმით, სულ ოთახების 64 კომბინაციის მიღება შეიძლება. საჭიროების შესაბამისად, ოთახები შეიძლება გადაკეთდეს როგორც საძინებლად, ასევე სამზარეულოდ და სააბაზანოდაც კი. და ამისათვის მხოლოდ წუთებია საჭირო.
არამუმ თავისი პროექტი სოფლის პირობებს მიუსადაგი. მანვე გაითვალისწინა მოხეტიალე საზოგადოებათა მოთხოვნილებები. თუმცა, დასაშლელი მოდულების დახვეწილი დიზაინის გამო, მათ ქალაქისთვისაც მოსახერხებელს ხდის. არამუ ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციების გარდა, ასეთი მოდულური შენობები დროებითი ოფისების, ფილმის გადასაღები ბანაკების, ქალაქგარეთ საფესტივალო და საგამოფენო ღონისძიებების, არდადეგების დროებითი სადგომების, ან თუნდაც იაფფასიანი საცხოვრებლების მოსაწყობად მისწრება იქნება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123