Floating wind turbines to produce low cost renewable energy
2 აპრილი
ამერიკულმა კომპანია „ალტაეროს ენერჯიზმა“ უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა. ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.
პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდ, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.
„ათწლეულების განმავლობაშ, ქარის ტურბინების დამონტაჟება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ უზარმაზარი კოშკები და ამ კოშკებზე დასამაგრებლად, მაღალი ამწეები სჭირდებათ. და ამის მიუხედავად, ისინი შედარები დაბალ სიმაღლეზე მუშაობენ, სადაც ქარები სუსტი და ცვალებადი მიმართულებისაა. თანამედროვე ტექნოლოგიები კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შევქმნათ გასაბერი მფრინავი სტრუქტურები, რომლებზეც ტურბინის დამაგრება იქნება შესაძლებელი. ასეთი სტრუქტურებით, ტურბინას დიდ სიმაღლეზე ავიტანთ, სადაც ქარები უფრო ძლიერი და სტაბილურია. თანაც, ასეთი სტრუქტურების ტრანსპორტირება ადვილი იქნება“, - ამბობს „ალტაეროსის“ მთავარი აღმასრულებელი ბენ გლასი.
მფრინავი ქარის ტურბინის ძირითადი ნაწილი გასაბერი სტრუქტურაა, რომელიც ჰელიუმით ივსება. ჰელიუმის მეშვეობით, აპარატი დიდ სიმაღლეს აღწევს, სადაც ქარის სიძლიერე ხშირად ხუთჟერ უფრო მეტია, ვიდრე ხმელეთის სიახლოვეს. ასეთი დანადგარის შექმნისკენ კომპანიის ინჟინრებს აეროსტატისა და დირიჟაბლის თავისებურებებმა უბიძგა. როგორც ცნობილია, აეროსტატებს იყენებენ როგორც სინოპტიკოსები, ასევე საკომუნიკაციო კომპანიები, რომლებსაც დიდ სიმაღლეზე რადიოსალოკაციო სისტემების ატანა სჭირდებათ. აეროსტატი მძლავრ ქარიშხლებსაც კი უძლებს და უსაფრთხოდ ეშვება ხმელეთზე. სწორედ ამის წყალობით მიიქცია მისმა კონსტრუქციამ „ალტაეროსის“ ინჟინერთა ყურადღება.
ამერიკული კომპანიის მფრინავი ტურბინის კორპუსს აეროდინამიკური მილის მსგავსი ფორმა აქვს, რომლის შუაშიც მოთავსებულია ტურბინა. მილისებრი ფორმა ჰაერის ნაკადის თავმოყრას და ტურბინისკენ მიმართვას უზრუნველყოფს, ჰაერის კონცენტრირებული ავლი კი ტურბინის ეფექტურ მუშაობას განაპირობებს. გარდა ამისა, მილისებრი კორპუსი ხმაურსაც ახშობს. თუმცა დიდ სიმაღლეზე ამას მნიშვნელობა ეკარგება.
მფრინავი ტურბინების გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელი მიუდგომელ ადგილებშია, სადაც შეუძლებელია ელექტროქსელის მიყვანა. მაგალითად, ის გამოადგებათ გეოლოგებს, სამხედროებსა და ისეთ სოფლებს, სადაც ელექტროენერგიის მისაღებად დიზელ-გენერატორებს იყენებენ.
No comments:
Post a Comment