Hydrogel could grow new heart tissue, without the need for surgery
1 აპრილი
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და მეცნიერები ბევრს ფიქრობენ და შრომობენ იმაზე, რომ გულის შეტევის შედეგად დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების აღდგენა შეძლონ. მართალია, ორგანიზმი თავად ახერხებს გულის დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, მაგრამ ახალი ქსოვილი იმ თვისებებით არ გამოირჩევა, რაც გულს სჭირდება. ასე რომ, ადამიანის მთავარი მამოძრავებელი აგრეგატი ძალას თანდათან კარგავს.
ბევრი ექსპერიმენტული ტექნიკა დაფუძნებულია გულის დაზიანებულ არეში ახალი ქსოვილისთვის ერთგვარი ჩარჩოს შექმნაზე. ჩარჩოს ოქროს ნანომავთულებისა და კარბონის ნანობოჭკოებისგან „კერავენ“, ახალი უჯრედები კი სწორედ ამ ჩარჩოს გარშემო იზრდება. მაგრამ ასეთ მეთოდს ქირურგიული ჩარევა სჭირდება და ის მაინც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ აღდგენილი ქსოვილი დაზიანებულ ქსოვილს სრულფასოვნად ჩაანაცვლებს.
ამ მიმართულებით ნამდვილი გარღვევა შეიძლება გახდეს სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა მიგნება, რომელიც დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად, ჰიდროგელის გამოყენებას ითვალისწინებს. თანაც, სამკურნალო ნივთირება გულში ინექციის გზით შედის. ახალი მეთოდი უკვე გამოსცადეს ცხოველებზე და ჩატარებული ექსპერიმენტები იმედისმომცემი შედეგებით დასრულდა.
ინექციისთვის გამზადებული ჰიდროგელი |
მკვლევართა ჯგუფს სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი კეირინ კრისტმენი ხელმძღვანელობს. ჯგუფმა მუშაობა კარდიოლოგიური შემაერთებელი ქსოვილის მიღებით დაიწყო. ამისათვის, კუნთოვანი ქსოვილების გასაწმენდი პროცესი გამოიყენეს. ამ პროცესში, ქსოვილს აშრობდნენ და ყინავდნენ, შემდეგ აქუცმაცებდნენ და ფერმენტის დახმარებით, მიღებულ გელისებრ მასას ათხიერებდნენ.
შედმგომში, ეს გელი ინექციის სახით შეჰყავდათ საცდელი ღორების დაზიანებულ გულში. ინექციის შემდეგ, ცხოველის ტემპერატუის მიღწევის კვალობაზე, ნივთიერება ნაწილობრივ მყარდებოდა და ფორისებრ ფორმას ღებულობდა. მიღებული ქსოვილი ასრულებდა ჩარჩო-ბადეს მოვალეობას, რომელზეც ახალი უჯრედები გულის დაზიანებული ნაწილის ადგილზე, აღდგენილ ქსოვილს აყალიბებდნენ. უფრო მეტიც, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ჩარჩო-ბადის შექმნის პარალელურად, გელი ბიოქიმიურ სიგნალებს იძლევა, რომლებიც მის გარშემო არსებულ (გულის) ქსოვილებს დაზიანებისადმი მიდრეკილებას უსპობენ.
კრისტმენი ამბობს, რომ გელის გულის დაზიანებულ ნაწილში მიტანა ინექციის გამოყენებით შეიძლება. ასე რომ, არც ქირურგიული ჩარევა და არც ანესთეზია საჭირო არაა. ამასთან, ამ მეთოდით მკურნალობისას შესაძლებელია იმ ჰიდროგელების გამოყენება, რომლებიც მეცნიერებმა გულის სამკურნალოდ ადრე შეიმუშავეს. ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ორგანიზმი გელს კარგად ღებულობს და არ იწვევს არითმიულ გულისცემას.
მალე კომპანია „ვენტრიქსი“ ამ მეთოდის კლინიკურ გამოცდას დაიწყებს.
No comments:
Post a Comment