'Dynamic charging' might let electric race cars juice up while moving
27 ივლისი
ფორმულა 1-ში მალე ამოქმედდება ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მოთხოვნითაც, პილოტები პიტლეინზე ჩართული შიდაწვის ძრავებით ვერ გაივლიან. რეგლამენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რა საშუალება უნდა გამოიყენონ გუნდებმა იმისათვის, რომ პიტლეინზე მანქანა არ გაუჩერდეთ და პიტ სტოპის შესრულების შემდეგ, ადგილიდან დაძვრა და ტრასაზე დაბრუნება შეძლონ.
არავის დაუკონკრეტებია, მაგრამ სადაო არაა, რომ ეს ელექტროძრავით მოხდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამავე რეგლამენტის მოთხოვნით, პილოტს ძრავის დაქოქვა თავადვე უნდა შეეძლოს, ანუ ძრავს სტარტერი უნდა ემსახურებოდეს, ადვილად მივხვდებით, რომ მალე ფორმულა ერთი ელექტროძრავების გარეშე წარმოუდგენელი გახდება.
ელექტროძრავებს კი ენერგიის ტევადი წყარო დასჭირდება, მაგრამ თანამედროვე აკუმულატორები ავტოსპორტისთვის მიუღებლად დიდი ზომისაცაა, მძიმეც და არც საკმარისად ტევადი. თანაც, მათ დამუხტვას საათები სჭირდება. ყველაფერი ეს კი, ერთი შეხედვით, ელექტრულ ძრავებს ავტოსპორტისთვის გამოუსადეგარს ხდის. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს.
პირიქით, ფიქრობენ და სპორტის მესვეურებს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტებსაც სთავაზობენ. მაგალითად, კომპანიებმა - „ჰალოლ PT-მ“ და „დრეისონ რეისინგ ტექნოლოჯიზმა“ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ელექტროძრავის მთელი რბოლის განმავლობაში ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს. მათ შეიმუშავეს სისტემა სახელწოდებით „დაინემიკ ჩერჯინგ“ (დინამიკური დამუხტვა), რომელსაც სპეციალური ტრანსმიტერის დახმარებით, აკუმულატორების დისტანციურად დამუხტვა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ის გადაადგილდება.
„ჰალოლ PT“ დისტანციურ გადამცემებზე ადრეც მუშაობდა. მას სემუშავებული აქვს სტაციონარული გადამცემი, რომელიც აკუმულატორებს მაშინ მუხტავს, როდესაც ავტომობილი სადგომზე იმყოფება. მაგრამ რბოლისთვის ასეთი ტრანსმიტერი ეფექტური ვერ იქნებოდა. ამისათვის, ამ სფეროში მომუშავე კიდევ ერთმა კომპანიამ, „ინჯენიორგეზელშაფტ აუტო უნდ ვერკერმა“ საგზაო, დინამიკური ტრანსმიტერი დაამზადა, რომელიც „სამოქალაქო“ ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი. ასეთი სისტემის ეფექტურობი მუშაობისთვის კი აუცილებელია, რომ გზებზე, ასფალტში, ან გზის ნაპირას, ამგვარი გადამცემების მთელი ქსელი შეიქმნას.
თქმა არ უნდა, ჯერჯერობით, ასეთი სისტემები დაუხვეწავია და მათ უამრავი ნაკლე აქვთ. ერთ-ერთი მათგანი, მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტი იქნება, რაც ენერგიის დიდ დანაკარგებს გამოიწვევს. მაგრამ პირველმა ექსპერიმენტებმა, რომლებიც დაბალ სიჩქარეზე ჩატარდა, აჩვენა, რომ ამგვარ სისტემებს შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მათს სრულყოფაზე მუშაობას აზრი აქვს.
მაგალითად, გერმანიის ქალაქ კარლსრუეს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს ექსპერიმენტული ტრეკი, რომელშიც სამბორბლიანმა მსუბუქმა ელექტრომობილმა 40 წრე ისე განვლო, ენერგიის შესავსებად ერთხელაც არ გაჩერებულა. ტრეკი ტრანსმიტერების ქსელით იყო აღჭურვილი, ექსპერიმენტული ელექტრომობილი (E-ქვიკი) კი მასზე მაქსიმუმ 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა...
No comments:
Post a Comment