14 ივლისი
ამ მანქანას დიდხანს ქმნიდნენ და ცდიდნენ, ის ხშირად ხვდებოდა მას-მედიის ყურადღების ცენტრში, რადგან ის ძალიან უცნაური ქმნილებაა - „ტერაფუჯა ტრანსიშნ“ არის ავტომობილი, რომელსაც ფრენა შეუძლია. მერე რა, იტყვის მავანი, ასეთი მანქანა ხომ არაერთხელ შეუქმნიათ და დაუვიწყებიათ კიდეც, ამასაც ალბათ იგივე ბედი ელისო. არაა გამორიცხული, მაგრამ ახლახანს, „ტერაფუჯა ტრანსიშნ“ გახდა პირველი მანქანა, რომელსაც გზებზე მოძრაობის ლიცენზიაც აქვს და ფრენისაც. და ორივე საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს.
პირველ რიგში, „ტრანსიშნმა“ აშშ-ის ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან, შარშან ფრენის ლიცენზია მიიღო, ახლახანს კი ამერიკისვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგან მიიღო აღიარება. ეს კი ნიშნავს, რომ მას ფრენის უფლებაც აქვს და საავტომობილო გზებზე მოძრაობისაც. და ამგვარად, ის ოფიციალურად შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც მსოფლიოში პირველი მფრინავი ავტომობილი.
„ტრანსიშნ“ ორადგილიანი ავტომობილია, რომელსაც დასაკეცი ფრთები აქვს. მას ყველა ის საშუალება აქვს, რაც საჭიროა როგორც უსაფრთხო ფრენისთვის, ასევე გზებზე უსაფრთხო მოძრაობისთვისაც. მფრინავი ავტომობილი 650 კილოგრამს იწონის, რაც 50 კილოგრამით მეტია სპორტული თვითმფრინავების ლიმიტზე - როგორს თვითმფრინავი, „ტრანსიშნ“ სწორედ სპორტულ კლასს მიეკუთვნება. თუმცა, მისი საფრენ აპარატად რეგისტრაციისას მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ ეს ზედმეტი კილოგრამები შასის გაძლიერების შემდეგ მოემატა, რათა საავტომობილო უსაფრთხოების ნორმები დაეკმაყოფილებინა.
როცა მისი ფრთები გაშლილია, მათი განშლა 8 მეტრს აღწევს, დაკეცილ მდგომარეობაში კი ავტომობილის სიგანე 2.3 მეტრამდე მცირდება. მფრინავი ავტომობილის სიგრძე 6 მეტრს აღწევს, სიმაღლე კი - 2 მეტრს. ძრავი მოძრაობის (ფრენის) საპირისპირო მიმართულებითაა შებრუნებული და ის სულ რაღაც 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე კი საკმარისია იმისათვის, რომ ფრენის მაქსიმალურმა სიჩქარემ 185 კმ/სთ-ს მიაღწიოს, კრეისერული სიჩქარე კი 171 კმ/სთ-ია. ფრენის სიშორე 787 კილომეტრს აღწევს, აფრენისთვის საჭირო გარბენის სიგრძე კი 518 მეტრია. ფრენისას „ტრანსიშნის“ საწვავის ხარჯი საათში 18.9 ლიტრია, გზაზე მოძრაობისას კი - 6.7 ლიტრი (100 კილომეტრზე, როცა საშუალო სიჩქარე 105 კმ/ათ-ია). საწვავის ავზის ტევადობა 87 ლიტრია.
მფრინავი ავტომობილი 250 000 დოლარი ღირს. მისი შეკვეთისთვის საკმარისია წინასწარი შენატანის სახით 10 000 დოლარის გადახდა. „ტერაფუჯა“ აცხადებს, რომ მალე დაიწყებს თავისი შტატის გაზრდას, პირველ მფრინავ ავტომობილებს კი მყიდველი მერმისს მიიღებს.
No comments:
Post a Comment