Wednesday, June 29, 2011

„ნორთროპ გრუმენის“ უპილოტო/პილოტირებადი მზვერავი

29 ივნისი

ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია „ნორთროპ გრუმენმა“ უცნაური თვითმფრინავი შეიმუშავა, სახელად „ფაიერბირდ“, რომელიც საჭიროების შესაბამისად, შეიძლება იყოს პილოტირებადიც და უპილოტოც. მას საკმაოდ მოზრდილი ტვირთის ტარება შეუძლია, როგორიც შეიძლება იყოს დაზვერვის ერთდროულად რამდენიმე საშუალება. ამგვარად, „ფაიერბირდი“ პოტენციურად დაზვერვის უნივერსალური მანქანაა.

თვითმფრინავზე მოთავსებული დანადგარები იმის საშუალებას იძლევა, რომ სამხედროებმა რეალურ დროში მიიღონ უმაღლესი გარჩევადობის ვიდეოგამოსახულება, ასევე ინფრაწითელი გამოსახულება. თვითმფრინავი ასევე აღჭურვილია ძლიერი რადიოლოკატორით, რომლითაც მოწინააღმდეგის კავშირის საშუალებებში შეღწევაა შესაძლებელი.


საერთო ჯამში, თვითმფრინავს 562 კილოგრამის წონის სასარგებლო ტვირთის ტარება შეუძლია. მის ელექტრონულ სტრუქტურაში შედის უნივერსალური ინტერფეისი, რომელშიც სხვადასხვა დანიშნულების ელექტრონული და სადაზვერვო აპარატურის მოკლე დროში ჩართვაა შესაძლებელი. „ნორთროპ გრუმენის“ სპეციალისტები ასეთ უნივერსალიზმს, კომპიუტერის მთავარი პლატის ფუნქციას ადრიან, რომელზეც მეხსიერების ახალი ბლოკების და კომპიუტერის სხვადსხვა კონფიგურაციების მიერთებაა შესაძლებელი.

ფიუზელაჟში ელექტრონიკის განლაგებამ კონსტრუქტრებს იმის საშუალება მისცა, რომ არ გამოეყენებინათ გარე დასაკიდი ელემენტები, რაც ჩვეულებრივ, აეროდინამიკურ მახასიათებლებს აუარესებს ხოლმე. კორპუსის გარეთ მხოლოდ ის ელემენტები თავსდება, რომლებსაც დაფარულად მუშაობა არ შეუძლია. მაგალითად, დაზვერვის ოპტიკური და რადიოლოკაციური საშუალებები.
თვითმფრინავის შემუშავების ადრეულ ფაზაშივე, ინჟინრებმა მისი ორი ვარიანტი შექმნეს - პილოტირებადი და უპილოტო. ამიტომ, მისი ფიუზელაჟის ძირითადი დეტალები ურთიერთშენაცვლებადია. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ „ფაიერბირდი“ საჭიროების შემთხვევაში, პილოტირებადიც იყოს და უპილოტოც. მისი გადაკეთება კი ძალიან მოკლე დროში ხორციელდება.
სხვათა შორის, ამ პროექტში „ნორთროპ გრუმენის“ სპეციალისტებმა მხოლოდ თვითმფრინავის ელექტრონულ აღჭურვაზე იმუშავეს. „ფაიერბირდის“ კონსტრუქცია კი ამერიკულ კომპანია „სქელდ კომპოზიტსის“ კონსტრუქტორთა (კომპანიის დამაარსებლისა და მფლობელის, ბარტ რუტანის ხელმძღვანელობით) ნახელავია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ „სქელდ კომპოზიტსი“ 2007 წლიდან სწორედ „ნორთროპ გრუმენის“ ჯგუფში შედის...

რუტანმა და მისმა კომპანიამ თავის დროზე, სახელი რამდენიმე სარეკორდო თვითმფრინავის დამზადებით გაითქვეს. სულ ახლახანს კი, მათმა ტანდემმა (სპეისშიპ ვან-უაითნაით, ანუ კოსმოსური ხომალდი ერთი-თეთრი რაინდი) კოსმოსის ზღვარზე (ზღვის ზედაპირიდან 100 კმ) პირველმა შეძლო ასვლა და შესაბამისი კონკურსი - X-პრაიზი მოიგო. რის შემდეგაც, „სქელდ კომპოზიტსს“ ბრიტანელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კონგლომერატი „ვირჯინი“ შეუამხანაგდა და მათ ერთობლივად ჩამოაყალიბეს კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი“, რომელიც მალე დაიწყებს კოსმოსის ზღვარზე ტურისტების გაყვანას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუტანის მიერ შემუშავებული ხუთი თვითმფრინავი, ამერიკის ავიაციისა და კოსმონავტიკის ეროვნული მუზეუმის ექსპონატი გახდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. სამწუხაროდ, „ფაიერბირდზე“ მუშაობის დასრულების შემდეგ, რუტანმა თავისი კარიერა, როგორც კონსტრუქტორისა, დასრულებულად გამოაცხადა.
რაც შეეხება „ფაიერბირდს“, ისევე როგორც რუტანის თვითმფრინავების უმეტესობას, მასაც უცნაური აგებულება აქვს. ჯერ ერთი, ტურბოხრახნული ძრავი (ლაიქომინგ TEO-540) ფიუზელაჟის (რომლის სიგრძეც 10.3 მეტრია) უკანა ნაწილში განლაგდა და მოძრაობის საპირისპიროდაა შებრუნებული. ფრთები, რომელთა გაშლაც 19.8 მეტრს აღწევს, ფიუზელაჟის უკანაა მოთავსებული, მათზე კი დამატებითი მინი-ფიუზელაჟებია დამაგრებული, რომლებიც თითო კილით მთავრდება. ამასთან, ორივე კილი ერთმანეთთან რთული მოყვანილობის ფრთითაა შეერთებული. თვითმფრინავს 9 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა და იქ 24-40 საათის განმავლობაში (დრო თვითმფრინავის კონფიგურაციაზეა დამოკიდებული) ფრენა შეუძლია.
დაბოლოს, „სქელდ კომპოზიტსის“ შესაძლებლობებზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „ფაიერბირდის“ პირველი საცდელი ფრენა, მისი კონცეპციის პირველადი განხილვიდან, სულ რაღაც, 12 თვეში შესრულდა...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123