ესპანეთში ღამით მომუშავე მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
8 ივნისი
ესპანეთის ქალაქ სევილიას მახლობლად, პატარა ქალაქ ფუენტეს დე ანდალუსიასთან, მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა კომერციულმა (მსგავსი ტიპის პირველი სატესტო სადგური სევილიაში ადრეც მუშაობდა) ელექტროსადგურმა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და ამისათვის, სარკე-კონცენტრატორებს და ერთ ცენტრალურ კოშკ-დამგროვებელს იყენებს. სადგურს აქვს დიდი ზომის ენერგიის შემნახველი, რომელშიც სითბოს დაგროვება თხევადი მარილის მეშვეობით ხდება.
სადგურის სახელწოდებაა „ხემასოლარ პოვერ პლანტ“ და მას ექსპლუატაციას კომპანია „ტორესოლ ენერჯი“ უწევს. ესპანელებთან ერთად, პროექტზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტებიც მუშაობდნენ. მათი საერთო მცდელობით კი ამოქმედდა მზის ელექტროსადგური, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 19.9 მეგავატია, წლიურად კი 110 გიგავატ-საათი ენერგიის მოცემა შეუძლია.
გამოცემა „მეილ ონლაინის“ ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურ „ხემასოლარს“ წელიწადში 270 დღეღამეზე მეტხანს შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება. ეს კი დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე სხვა ტიპის (მზის, ტალღის, ქარის და სხვა) სადგურებს შეუძლია.
სადგურის მთავარი ღირსება ისაა, რომ მას დიდი ზომის ენერგო დამგროვებელი გააჩნია, რომელშიც სამუშაო ტანად თხევადი მარილია გამოყენებული. ეს მარილი ერთგვარი შუალედური რგოლია მზისგან მიღებულ ენერგიასა და ორთქლის ტურბინებს შორის, სადაც ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება.
ენერგო დამგროვებელი იმდენად დიდია, რომ მას სადგურის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა 15 საათის განმავლობაში მაშინაც კი შეუძლია, როდესაც მზის სხივებისგან ენერგიის მიღება ვერ ხერხდება (სხვადასხვა მიზეზის გამო). მსგავს სისტემებზე ექსპერიმენტები ადრეც ტარდებოდა, თუმცა ესოდენ მასშტაბური ენერგო დამგროვებელი ადრე არავის არსად გამოუყენებია.
სადგურში მზის სხივებს ათასობით სარკე-კონცენტრატორი აგროვებს და კოშკისკენ მიმართავს, რომლის მიმღებ ნაწილშიც, სითბო სისტემაში ცირკულირებად თხევად მარილს გადაეცემა. მარილი 500 გრადუსამდე (ცელსიუსით) ხურდება და გარდა წყლის ორთქლად ქცევისა, ის ამ ენერგიის ნაწილს ინახავს და მას მზის ჩასვლის შემდეგ, ან ღრუბლიან ამინდში ხარჯავს. დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ სადგურმა მზის ამოსვლამდე მთელი დატვირთვით იმუშაოს.
მზის ელექტროსადგურ „ხემასოლარის“ მშენებლობა 427 მილიონი დოლარი დაჯდა. ის უკვე ჩართულია ესპანეთის ენერგეტიკულ ქსელში. სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად აკმაყოფილებს 25 000 სახლს. ეს კი ატმოსფეროს დაახლოებით 30 000 ტონა ნახშირორჟანგისგან გაათავისუფლებს.
ცნობისათვის, „ხემასოლარის“ შემუშავებასა და აგებაში მონაწილეობა არაბეთის გაერთიანებულის საემიროების კომპანია „მასდარმა“ მიიღო, რომელიც მზის ენერგიის ათვისებაზეა სპეციალიზებული. „მასდარი“ მალე აბუ დაბის სიახლოვეს, მზის გრანდიოზული ელექტროსადგურის აშენებას შეუდგება, დაახლოებით ისეთისას, როგორიც „ხემასოლარია“. ეს სადგური კი ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურა იქნება უფრო გრანდიოზულ პროექტში, რომელიც „მწვანე ქალაქის“ აშენებას ითვალისწინებს. ამ ქალაქში ავტომობილებსაც კი ნულოვანი გამონაბოლქვი ექნება და ისინი ალტერნატიული წყაროდან მიღებული ელექტროენერგიით იმუშავებს.
და ისევ ესპანური სადგურის შესახებ. „ტორესოლ ენერჯის“ მთავარი აღმასრულებელი ენრიკე სენდაგორტა ამბობს, რომ „ხემასოლი“ პირველი მერცხალია ამ ტიპის სადგურების ქსელის შექმნის პროცესში. მისი თქმით, ამ ტიპის სადგურის ტექნოლოგია თანდათან დაიხვეწება და შესაბამისად, მშენებლობის და საექსპლუატაციო ხარჯები შემცირდება. რაც მთავარია, ასეთი სადგურების ფართოდ გავრცელება, გარემოზე ადამიანის უარყოფით ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
No comments:
Post a Comment