Sunday, April 3, 2011

„ბოინგის“ განახლებულმა სუპერგიგანტმა პირველი ფრენა შეასრულა
All new Boeing 747-8 Intercontinental completes maiden flight
3 აპრილი
42 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბოინგმა“ სუპერგიგანტ 747-ის წარმოება დაიწყო და ის დღესაც სერავს მთელი მსოფლიოს საჰაერო სივრცეს. მაგრამ ძველი მხოლოდ სახელი შერჩა. სხვა მხრივ, აბსოლუტურად ახალი და ექსპლუატაციაში მეტად მოსახერხებელი თვითმფრინავია. ახლახანს კი, ჰაერში მისი მორიგი მოდიფიკაცია აიჭრა, ლაინერი, რომელიც ტექნოლოგიურად უფრო რევოლუციურ „787 დრიმლაინერს“ ჰგავს, ვიდრე პირველ 747-ს.

ახალი ლაინერის სრული სახელწოდებაა „ბოინგ747-8 ინტერკონტინენტალი“ და მას პირველ სუპერგიგანტთან მხოლოდ რიცხვი 747 და თავისებური სილუეტი აკავშირებს. ეს არის 747-ის მერვე სამგზავრო მოდიფიკაცია (რამდენიმე მოდიფიკაცია კონცეპტუალურ ვერსიას არ გასცდენია). სხვათა შორის, ამ თვითმფრინავის ერთ ეგზემპლარს NASA თავისი მრავალჯერადი შატლების ტრანსპორტირებისთვის იყენებს (იყენებდა, რადგან შატლები უკვე წარსულს ჩაბარდა).
ახალი სუპერგიგანტის ტანის დიდი ნაწილი კარბონის კომპოზიტის პანელებითაა დამზადებული, რამაც ამერიკულ კომპანიას ბევრი პრობლემა შეუქმნა. მართალია, მსგავსი ტექნოლოგია უკვე დანერგილია „787 დრიმლაინერზე“, მაგრამ გიგანტური ფიუზელაჟის შემთხვევაში, კარბონის გამოყენება პრობლემა გახდა. და მაინც, კომპანიამ შეძლო ამ ტექნოლოგიის სრულყოდა და აი, 20 მარტს „ბოინგ747-8 ინტერკონტინენტალი“ ჰაერში პირველად აიჭრა.
ფრენის მიზანს ლაინერის მართვის სისტემის და შესაძლებლობების შემოწმება წარმოადგენდა. მან ჰაერში თითქმის ოთხსაათნახევარი დაჰყო და სიეტლში, „ბოინგის“ სატესტო პოლიგონზე დაეშვა. ფრენის დროს, ლაინერი 5 791 მეტრ სიმაღლეზე ავიდა 463 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ისე კი, მისი შესაძლებლობები გაცილებით მეტია - კრეისერული სიჩქარე 0.855 მახი, ანუ 913 კმ/სთ (მაქსიმალური სიჩქარე 0.92 მახი, ანუ 988 კმ/სთ) და ფრენის ჭერი 10 500 მეტრია.
ახალი 747, მის წინამორბედზე, „ბოინგ747-400-ზე“ 6 მეტრით გრძელი (76.25 მეტრი) და 4 მეტრით მაღალია (19.35 მეტრი), მათს ფრთაშლილობებს შორის სხვაობა კი მხოლოდ 5 სანტიმეტრია (ახლისა 68.45 მეტრია) ძველის სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ „747-8 ინტერკონტინენტალი“ თავის მთავარ კონკურენტზე, „ეარბასის“ 380-ზე 0.91 მეტრით გრძელიცაა და ამგვარად, ის მსოფლიოში უგრძესი სამგზავრო ლაინერია. დაკიდევ, „747-8 ინტერკონტინენტალი“ 442 000 კილოგრამს იწონის და ამ მაჩვენებლით, ამერიკაში ოდესმე წარმოებულ (ყველანაირი დანიშნულების) თვითმფრინავებს შორის ყველაზე მძიმეა. სუპერგიგანტის ფრთები 243 120 ლიტრ საწვავს იტევს. ლაინერს 467 მგზავრის გადაყვანა მაქსიმუმ 15 000 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია. მას „ჯენერალ ელექტრიკის“ წარმოების ოთხი ტურბორეაქტიული ძრავი (GEnx-2B67) ემსახურება, რომელთა სიმძლავრეც 296 კილონიუტონია.
„ბოინგის“ ინფორმაციით, თავის კონკურენტ „ეარბას 380-თან“ შედარებით, „747-8 ინტერკონტინენტალი“ დაახლოებით 10 პროცენტით მცუბუქია, თითო მგზავრზე გათვლით 11 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს და საერთო ჯამში, მისით ყოველ მილზე (1.6 კმ) ერთი მგზავრის გადაყვანა, დაახლოებით 6 პროცენტით იაფი ჯდება. ამასთან, (წინამორბედთან შედარებით) ატმოსფეროში 16 პროცენტით ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს, 30 პროცენტით ნაკლებად ხმაურიანია და 51-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს.

საინტერესოა, რომ ამერიკულ და ევროპულ სუპერგიგანტებს შორის, 380-ს გაცილებით მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. კერძოდ, მის ფიუზელაჟში სამი კლასის 525 ადგილია, მხოლოდ ერთი კლასის შემთხვევაში კი, ადგილების რაოდენობა შეიძლება 853-მდე გაიზარდოს. რაც შეეხება ამერიკულ ლაინერს, მისი შესაბამისი მონაცემებია 467 და 581.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123