ამერიკელებმა საზღვაო საბრძოლო ლაზერი გამოსცადეს
27 აპრილი
ამერიკულმა კომპანია „ნორთროპ გრუმენმა“ და ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ერთობლივი გამოცდა ჩაუტარეს პირველის მიერ შექმნილ მყარტანიან მძლავრ ლაზერს, რომელიც საბრძოლო ხომალდ „USS პოლ ფოსტერზე“ იყო დამონტაჟებული. გამოცდის დროს, ლაზერულმა დანადგარმა ადვილად გაანადგურა მოძრავი სამიზნე.
„ნორთროპ გრუმენის“ მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საბრძოლო ლაზერული სისტემა საზღვაო ხომალდის რადართან და სანავიგაციო სისტემასთან არის ინტეგრირებული. ამასთან, ელექტრული ლაზერული იარაღი პირველად გამოიცადა ზღვაში, მოძრაობის დროს. ლაზერის სხივის „გასროლები“ მოძრავი პლატფორმიდან, მოძრავი სამიზნისკენ პირველად ხორციელდებოდა. ადრე მსგავს საბრძოლო სისტემებს მხოლოდ სტაციონარულად, სახმელეთო პირობებში ცდიდნენ.
მყარტანიანი სადემონსტრაციო ლაზერული დანადგარის საზღვაო გამოცდები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ბოლო გამოცდის დროს, ამ დანდგარით აღჭურვილმა ხომალდმა ღია ზღვაში სამი დღე გაატარა. ამ დროის განმავლობაში, მან მაღალი სიმძლავრით 35 გასროლა შეასრულა. გამოცდებმა აჩვენა, რომ დანადგარს, ხომალდის სარადარო და სანვიგაციო სისტემებთან ერთად, ახლო მანძილსა და მცირე სიჩქარით მოძრავი მცირე მცურავი საშუალებების მიზანში ყოლა და განადგურება შუძლია.
„ნორთროპ გრუმენის“ სპეციალისტები გამოცდების შედეგებით კმაყოფილები არიან, რადგან საბრძოლო დანადგარის პირველივე ეგზემპლარმა თავისი ბრძოლისუნარიანობის გამოვლენა შეძლო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას საზღვაო რთულ პირობებში ეფექტურად მუშაობა შეუძლია. მას მუშაობაში ხელს ვერც ზღვის ღელვა და ვერც ჰაერის ტენიანობა უშლის. მართალია, ღელვისას, საბრძოლო დანადგარის პკატფორმაც და სამიზნეც მუდმივ მოძრაობაშია, თუმცა ელექტრონული სისტემა ამ სირთულეებს თავს ადვილად ართმევს.
მყარტანიანი სადემონსტრაციო ლაზერი, საბრძოლო ლაზერების პროგრამა JHPSSL-ის ფარგლებში შეიქმნა. პროგრამის ამოცანებში შედის მოდულური კონსტრუქციის სახმელეთო და საზღვაო სალაზერო სისტემების შექმნა, რომლებსაც მძლავრი, უწყვეტი გამოსხივების უნარი ექნება. სისტემა კი ენერგიას საზღვაო ხომალდის ან სტაციონარული წყაროდან უნდა ღებულობდეს.
საცდელი ლაზერული საბრძოლო სისტემის სიმძლავრე არ გამოცხადებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ის რამდენიმე კილოვატს უნდა აღწევდეს. მისი მოდულური კონსტრუქციის წყალობით კი, გამოსავალმა სიმძლავრემ შეიძლება 100 კილოვატსაც კი მიაღწიოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანადგარს მსხვილი ობიექტების განადგურების უნარი ექნება.
No comments:
Post a Comment