Saturday, April 2, 2011

სევილიაში მსოფლიოს უდიდესი ხის ნაგებობა ააშენეს
2 აპრილი

ამიერიდან, ესპანეთის ქალაქ სევილიას ცენტრს ერთი მეტად უცნაური ნაგებობა დაამშვენებს, რომელიც მთლიანად ხისგანაა აგებული და რომლის დანიშნულებაც, ქალაქში ტურისტების მოზიდვა და გართობაა. ნაგებობის სახელია „მეტროპოლ პარასოლი“ და ის ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედან პლასა დე ლა ენკარნასიონს ამშვენებს.


„მეტროპოლ პარასოლი“ გერმანულმა კომპანია „მაიერ არქიტექსმა“ ააშენა. როგორც საინტერნეტო გამოცემა „ჰაბიტატი“ ირწმუნება, ესაა მთელს მსოფლიოში, ხისგან დამზადებული უდიდესი სტრუქტურა. მისი სიგრძე 150 მეტრი, სიგანე 75 მეტრი, სიმაღლე კი 28 მეტრია.
პროექტის ავტორების განცხადებით, შენობის უცნაური, ერთგვარად ფუტურისტული გარეგნობა იმისათვის შეიმუშავეს, რომ ქალაქის ძველი უბნისთვის კონტრასტული იერი მიეცათ და ასე გამოეცოცხლებინათ. თუმცა, ამ კონტრასტს ნაწილობრივ ის ფაქტი აბათილებს, რომ „მეტროპოლ პარასოლი“ თითქმის იგივე ფერისაა, როგორიც გარშემო მდგარი შენობები. გარდა ამისა, გერმანელი არქიტექტორები და ქალაქის ხელისუფლება თვლის, რომ ამ უცნაური ნაგებობით, ტურისტების დიდ არმიას მიიზიდავენ.

სხვათა შორის, შენობა ხის უბრალო სკულპტურას არ წარმოადგენს - მის შიგნით, სასეირნო ზონა, არქეოლოგიური მუზეუმი, მცირე ბაზარი, რესტორანი და სათვალთვალო მოედანია მოთავსებული. გარდა ამისა, ის მოედანს მზის მწველი სხივებისგანაც დაიცავს.
ნაგებობა ექვსი, ერთმანეთთან გადაბმული ერთგვარი ქოლგისგან შედგება, მათი ფეხები კი ბეტონის საძირკველს ეყრდნობა. შენობისთვის გამოყენებულია მასალა, სახელად „კერტო-Q“, რომელიც გერმანულმა კომპანია „ფინფორესტმა“ ფინური ნაძვისგან დაამზადა. მასალა ფაქტობრივად ფირფიცარს (ფანერას) წარმოადგენს, თუმცა ჩვეულებრივ ფირფიცარზე გაცილებით სქელი და მტკიცეა. ამას კი მრავალი შრე და ამ შრეების შესაკრავად გამოყენებული სპეციალური წებო განაპირობებს.

„მეტროპოლ პარასოლის“ ქოლგური სტრუქტურა სულ 3 400 ცალი პანელითაა შეკრული, რომელთა სისქეც 68-დან 311 მილიმეტრამდეა. მზიდ სტრუქტურაში გამოყენებული ყველაზე დიდი პანელის სიგრძე 16.5 მეტრია. სულ კი, მთელ შენობაში 2 500 კუბური მეტრი ხეა გამოყენებული. ხის პანელებს ერთმანეთთან 3 000-ზე მეტი კვანძი აკავშირებს. მზის სხივებისა და წვიმის წვეთებისგან, ნაგებობის ხის სტრუქტურას პოლიურეთანის თხელი შრე იცავს, რომელიც თავის მხრივ, ძლიერ ქარსაც უძლებს და არ ზიანდება.

საინტერესოა, რომ ამ მოედანზე, თავიდან პარკირების დახურული სისტემა უნდა აშენებულიყო, მაგრამ საძირკველის ამოთხრისას აღმოჩნდა, რომ მიწაში რომის იმპერიის ეპოქის ნაშთები იმალებოდა. ამიტომ გადაწყდა, რომ ამ ადგილზე მუზეუმი და საზოგადოებრივი ცენტრი მოეწყოთ. და გამოვიდა ისე, რომ „მეტროპოლ პარასოლი“ ძველის და ახლის დამაკავშირებელი სტრუქტურა გახდა.

საინტერესოა, რა მოხდებოდა, ასეთი უცნაური და თანაც ხის შენობის აგება, თბილისის ხელისუფლებას რომ გადაეწყვიტა. თავის დროზე ხომ პარიზელები ეიფელის კოშკსაც ალმაცერად უყურებდნენ, დღეს კი ეს ფოლადის კოლოსი პარიზის და კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების სიმბოლოა...
დაბოლოს, „მეტროპოლ პარასოლის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია 27 მარტს ჩატარდა.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123