Toyota vehicle-to-home technology turns Prius
Plug-in into an emergency generator
28 ივნისი
აქამდე ელექტრომობილს განიხილავენ, როგორც
გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა საშუალებას, რომელიც შეიძლება სახლის საყოფაცხოვრებო
შტეპსელიდან დაიმუხტოს. „ტოიოტამ“ ახლახანს შეიმუშავა სქემა, რომელიც მის პლაგ-ინ
ჰიბრიდულ „პრიუსს“, სატრანსპორტოს გარდა, სხვა დანიშნულებასაც ანიჭებს -
ავტომობილი მისი მფლობელის სახლის ენერგომომმარაგებელი შეიძლება გახდეს. რა თქმა
უნდა, საჭიროების შემთხვევაში.
იაპონურმა კომპანიამ შეიმუშავა ელექტრომობილის
დასამუხტი სვეტი V2H (ვიიქლ-ტუ-ჰოუმ), რომელიც ავტომობილისგან ენერგიის მიღების
საშუალებასაც იძლევა. სისტემას უკვე ტესტირებაც ჩაუტარდა და ის ყოველდღიური
გამოყენებისთვის სრულიად გამოსადეგია.
„პრიუსს“ საკმაოდ მცირე ტევადობის ლითიუმ-იონური
ელემენტების ბლოკი აქვს იმისათვის, რომ მასში დაგროვილი ენერგია სახლს დიდხანს
ეყოს. მაგრამ „ტოიოტა“ აცხადებს, რომ მის მიერ შემუშავებული სისტემა, ორი მიზეზის
გამო შეიძლება იყოს საინტერესო. ჯერ ერთი, ავტომობილი სახლს საგანგებო სიტუაციებში
გაანათებს. მეორეც, ავტომობილი შეიძლება დამუხტოთ არაპიკურ პერიოდში, როდესაც
ელექტროენერგიის ფასი შედარებით დაბალია. მასში დაგროვილ ენერგიას კი სახლს პიკურ
პერიოდში დაუბრუნებთ, როდესაც ელექტროენერგიის ფასი მაღალია. ამგვარად, ელექტროენერგიაზე
სახლის დანახარჯების შემცირება იქნება შესაძლებელი. „ტოიოტას“ გათვლებით და
ტესტების შედეგებით, პლაგ-ინ ჰიბრიდი საშუალო იაპონურ სახლს დენით კვირაში ოთხი
დღის განმავლობაში უზრუნველყოფს.
V2H სისტემა აღჭურვილია სპეციალური გარდამქმნელით,
რომელიც ავტომობილის ელემენტების ბლოკში შენახულ მუდმივ დენს ცვლად დენად
გარდაქმნის, რომელსაც სახლებში იყენებენ. ეს სისტემა „ტოიოტას“ პროექტ „სიტის“ (ტოიოტა
სიტი პროჯექტ) ნაწილია, რომელსაც მხარდაჭერას იაპონიის ეკონომიკის, შრომისა და
მრეწველობის სამინისტრო უწევს. აღნიშნული სამინისტრო მუშაობს უფრო ფართო პროექტზე,
სახელწოდებით „შემდეგი თაობის ენერგიის და სოციალური სისტემების სადემონსტრაციო
პროექტი“, რომლის ფარგლებშიც, დაკვირვება რამდენიმე ათეულ ექსპერიმენტულ სახლზე
მიმდინარეობს. ამ სახლებში, სხვადასხვა სქემებს იყენებენ, რომლებშიც მზის
ელემენტები, ენერგიის დამგროვებლები, ენერგიის მართვის სისტემები და ელექტრომობილების
ორმხრივი დასამუხტი სისტემებია გაერთიანებული. ჩამოთვლილი სისტემების დახმარებით,
ენერგიის გამოყენების ოპტიმიზება და მასზე მოთხოვნის სტაბილიზება ხდება.
მომავალში, ანალოგიური ექსპერიმენტები უფრო ფართო მასშტაბით, კვარტალებს ჩაუტარდება.
„ტოიოტას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ექსპერიმენტში 40 სახლი მონაწილეობს.
„ტოიოტა სიტი პროჯექტი“ ორი წლის წინ დაიწყო. ექსპერიმენტული
სახლების მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა. ექსპერიმენტის შემდეგი ფაზის დროს, „ტოიოტა“
თავის სისტემა V2H-ის ტესტირებას ერთდროულად ათ საცდელ სახლში დაიწყებს.
სხვათა შორის, „ტოიოტა“ ამ ფართომასშტაბიანი
ექსპერიმენტის მონაწილე ერთადერთი ავტოკომპანია არ არის. ახლახანს, კომპანია „ნისანმა“
მსგავსი სისტემა „ლიფ თუ ჰოუმის“ პრეზენტაცია მოაწყო. ამ სისტემის მოქმედების
პრინციპიც ანალოგიურია. განსხვავება ისაა, რომ „პრიუსისგან“ განსხვავებით, „ნისან
ლიფი“ სუფთა ელექტრომობილია და ენერგიის გამოსამუშავებლად შიდაწვის ძრავს არ
იყენებს. ამასთან, „ნისანის“ განცხადებით, „ლიფის“ 24-კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების
ბლოკი საკმარისია იმისათვის, რომ საშუალო იაპონური სახლის მოთხოვნილება
ელექტროენერგიაზე, ორი დღის განმავლობაში დააკმაყოფილოს. სხვათა შორის, „ნისანი“
მალე სისტემა „ლიფ თუ ჰოუმის“ დემონსტრირებას, თავისი დილერების შოურუმებში
დაიწყებს.
No comments:
Post a Comment