ჩინური სტელსი ამერიკულს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს
Chinese Stealth Fighter Looks Pretty Familiar...
26 იანვარი
J-20 ბლექ იგლ
..............................
ჩინელებს ბევრი რამის მიბაძვა სჩვევიათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვისი ტექნოლოგიების გამოყენებაზეა ლაპარაკი. მათ საათების, აუდიო და ვიდეოაპარატურის, მობილურების და ასე განსაჯეთ, ავტომობილების გაყალბება ეხერხებათ. მაგრამ თუ იგივეს სამხედრო ავიაციაშიც შეძლებდნენ, ამას ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.
მაგრამ როგორც ამბობენ, შეძლეს და მერე როგორ - მათ მეხუთე თაობის, სტელსის ტიპის გამანადგურებელი აპარატი შექმნეს და მას ”J-20 ბლექ იგლ” (შავი არწივი) უწოდეს. ეს თვითმფრინავი ერთი შეხედვით, ამერიკულ ”F-22 რეპტორს” ჰგავს, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩინელები ირწმუნებიან, რომ ამ ორ თვითმფრინავს არც ტექნოლოგიები აქვს მსგავსი.
F-22 რეპტორ
..............................
ჩინური არწივი არც მეორე ამერიკულ სტელსს - ”F-117A ნაითჰოკს” (ღამის ქორს) ჰგავს, რომლის ერთი ეგზეპლარიც 1999 წელს, სერბეთში ჩამოვარდა. თუმცა ბევრი ირწმუნება, რომ ჩინური მებრძოლი არწივი სწორედ ამ ჩამოგდებული სტელსისგან აღებული სპეციფიკაციების შესაბამისადაა შექმნილი.
ინტერნეტით გავრცელდა ინკოგნიტო ხორვატი სამხედრო პირის მტკიცება იმის შესახებ, რომ მარტივი იარაღის გამოყენებით, ”ღამის ქორის” ჩამოგდების შემდეგ, სერბმა სამხედროებმა საიდუმლო მოლაპარაკებები რუს სამხედროებთან გააბეს. მათ სურდათ, რომ თავიანთი პარტნიორებისთვის, ჩამოგდებული გამანადგურებლის ის ნაწილები მიეყიდათ, რომელთა მოპოვებაც ჩამოგდების ადგილზე შეძლეს.
მაგრამ რუსებს ჩინელებმა აჯობეს. ყოველ შემთხვევაში, ხორვატი წყარო გვამცნობს, რომ მომხდარის შესახებ ცისქვეშეთის დაზვერვამაც შეიტყო და სერბეთში თავისი ჯაშუში ინჟინრები მიავლინა, რომლებმაც საქმეს თავი კარგად გაართვეს და შინ ამერიკული ტექნოლოგიებით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. მაგრამ დღეს ჩინელები ამ მონათხრობს უსაფუძვლოს უწოდებენ, მათი ”შავი არწივის” გამომცდელი პილოტი კი ირწმუნება, რომ ჩინური თვითმფრინავი შეუდარებელია და თავის ამერიკულ ანალოგსაც კი სჯობს.
ამ პილოტს სიუ იონლინი ჰქვია და ის ამბობს: ”წინა გამანადგურებლების, J-7-ის და J-8-სგან განსხვავებით, რომლებიც სხვა ქვეყვების თვითმფრინავების წაბაძვით შეიქმნა, J-20 ჩინური ტექნოლოგიური ინოვაციების ნაწილია”. გინდათ დაუჯერეთ, გინდათ - არა, მაგრამ ერთი რამის დანამდვილებით თქმა კი შეიძლება - ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილების მიხედვით, მეხუთე თაობის გამანადგურებლის შექმნა იოლი საქმე არ უნდა იყოს...
No comments:
Post a Comment